"ანაკლიის პროექტში უკვე 60 მილიონ ლარამდეა ინვესტირებული" - მაია ცქიტიშვილი

12 Mar 2019 01:58

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი ანაკლიის პროექტის კერძო კომპანიის მიერ აშენება და შესაბამისად, სახელმწიფო არ აპირებდა პროექტში ფინანსურ მონაწილეობას.


„სახელმწიფოს ჰქონდა აღებული პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყვანის ვალდებულება. ასევე, დაახლოებით 60 მილიონი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას. ეს მიწები უკვე გადაეცა კონსორციუმს. ეს ვალდებულებაც უკვე შეასრულა სახელმწიფომ, ანუ მას ანაკლიის პორტში უკვე ინვესტირებული აქვს ეს თანხა. პროექტში სხვა ფინანსური მონაწილეობის ინტერესი სახელმწიფოს არ ჰქონია და ეს გაცხადებული იქნა თავიდანვე“, - აღნიშნა მინისტრმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში და დათანხმდა კონკურსის პირობებს, თუმცა, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას ხელშეკრულების შეცვლილი პირობებით გაფორმების თხოვნით, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა.


„სწორედ ამ მომართვის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარტნიორო ფონდის მიერ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში დამატებითი 100 მილიონი დოლარით მონაწილეობას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით აცხადებ, გყავს გამარჯვებული და მერე ხდება პირობების შეცვლა, კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. როდესაც კაბალურ პირობებზე ვსაუბრობთ, კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფოს არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ჰქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა. სანამ გაფორმდა ხელშკრულება, სახელმწიფო უკვე დათანხმდა კონსორციუმს ახალ პირობებზე. კონსორციუმი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას 2014-დან 2016 წლის განმავლობაში და რატომღაც კონსორციუმის გამარჯვებულად დასახელების მერე ხდება ეს პირობა კაბალური“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.


მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას აქვს სურვილი შესრულდეს ანაკლიის პროექტი. მისი განმარტებით, პროექტის შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა, ამაზე აქამდე არავინ საუბრობდა.


„კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სრული დაფინანსების - 600 მილიონი დოლარის მოზიდვის ვალდებულება 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2017 წლის ბოლოს ამ ვალდებულების შესრულება გადავადდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. არც 2017 და 2018 წლის ბოლოს ვალდებულება არ შესრულებულა და 2018 წლის ბოლოს კიდევ 6 თვით გადავადდა“, - განაცხადა მინისტრმა.


მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს, თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ კონსორციუმს გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს.


„ჩვენ ნაწილობრივ სიმართლეს ვისმენთ კონსორციუმის მხრიდან. ხელშეკრულებით ყველა პირობაა გაწერილი. გაწერილია, თუ რას ნიშნავს სამუშაოების დაწყება. ის სამუშაოები, რომელიც არის განხორციელებული არის მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, ის დაღმავების პირველი ეტაპის სამუშაოები იქნა გამოყვანილი ძირითადი სამუშაოებიდან და ჩვენც დავეთანხმეთ ამაზე კონსორციუმს, რათა სამუშაოები დაეწყოთ და არ მიგვეღო კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა და ეს უფლება ჩვენ მივეცით დამატებითი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის გარეშე. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება როცა ჯერ არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მათივე განცხადებით, მათ აქვს გამოცხადებული კონკურსი კონტრაქტორის შერჩევაზე. ეს კონტრაქტორიც უნდა შერჩეულიყო 2017 წლის ბოლოს, მერე 2018 წლის ბოლოს და მერე უკვე მარტის ბოლოსთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.


აღნიშნულ კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Bpn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი