"დაბლოკილია ყველა ის საიტი, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს" - სოფო კილაძე

11 Mar 2019 11:32

განათლების სამინისტრო ინტერნეტუსაფრთხოების საკითხზე მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სპეციალური კლუბების შექმნას გეგმავს.


ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" წერს. მისი თქმით განათლების სამინისტროში ამასთან დაკავშირებით მას შემდეგ განუცხადეს, რაც სააგენტო დაინტერესდა, გადაიდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივის კონტექსტში, რომელიც ფიქრობს, რომ ინტერნეტთამაშების, მათ შორის „ლურჯი ვეშაპის“ საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.


„რაც შეეხება ინტერნეტუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს, სამინისტროს მიერ სკოლებში შეზღდული და დაბლოკილია ყველა ის საიტი, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს.


გარდა ამისა, სამინისტროს მიერ სკოლის ადმინისტრაციას მიცემული აქვს რეკომანდაცია, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ მიმართულებით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში წელსვე იგეგმება როგორც კლუბების შექმნა, ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგ კურსების განხორციელება და ინტერნეტუსაფრთხოების მიზნით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლების მიერ, 5 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, ორი დღის განვლობაში ათამდე სკოლაში მე-4, მე-5, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს“, - აცხადებენ უწყებაში.


ცნობისთვის, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობდა, რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემგანაცხადა, რომ ისეთ თამაშებს, როგორიც არის ე.წ. ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ინტერნეტიდან ძალადობის, უხამსობის შემცველი შინაარსი, ასევე საშინელი თამაშები, რაც არის „ლურჯი ვეშაპი“ და ა.შ. რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, ამასაც სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამაზე არის საუბარი კოდექსში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი