ფოთის სამშობიარო სახლს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

09 Mar 2019 12:09

ფოთში გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ფოთში მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლია.

 

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ფოთის სამშობიარო სახლი, კერძო საკუთრებაა, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მისი დახმარება ვერ მოხერხდება.


ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მაია მაკალათიას განმარტებით, სამსახურმა უკვე მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.


,,როგორც კი გახდა ცნობილი ამის შესახებ,  მივმართეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ჩავრთეთ სასწრაფო დახმარება, ასევე, მოგეხსენებათ ფოთში გვყავს რეანომობილი და უსწრაფესად მოხდება კონკრეტული ბენეფიციარის პრობლემის მოხსნა. მათ გადაიყვანენ სხვა ქალაქებში,“- განაცხადა მაკალათიამ.


,,სამშობიარო სახლს პერინატალური რეგიონალიზაციის დონეების მიხედვით მინიჭებული ჰქონდა პირველი დონე. ამ დონის მიღებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ბიზნეს სექტორმა. სწორედ მათი დახმარებით 2 წელი სამშობიარო სახლი გამართულად ფუნქციონირებდა. მერე კი გაგვიჭირდა, რადგან კერძო სექტორი ვართ და იმ პირველმა დონემ განაპირობა ის, რომ მოხდა არა მარტო მაღალი რისკის ორსულების გადინება, არამედ ფიზიოლოგიური მელოგინეების გადინებაც. ამ ფაქტმა ფინანსური პრობლემები შექმნა. ჩვენს გვერდით დგას ჯანდაცვის სამინისტრო, თვითმმართველობა, მაგრამ იურიდიულად მათ არ შეუძლიათ ფინანსური დახმარება გაგვიწიონ, რადგან კერძო სექტორი ვართ. გამოსავალი ინვესტორის მოძებნაა. ეს კი, იქნება საშვილიშვილო საქმე,“- განაცხადა სამშობიარო სახლის ნეონატოლოგმა რუსუდან დიასამიძემ.

Imedinews.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი