1 ლარად ნაჩუქარი 138 კვ.მ სახლი წყნეთში და ცოლის სახელზე გაფორმებული სახლები, მიწის ნაკვეთი და კომერციული ფართი - რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი

07 Mar 2019 18:49

საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ 01.01.2017 - 31.12.2017 პერიოდში შემოსავლის სახით, 50 406  ლარი მიიღო, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით 4 200 ლარი იყო. ეს პერიოდი, ტაბატაძის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალობის პერიოდია. რაც შეეხება გუბერნატორის პოსტზე ყოფნის პერიოდში მიღებულ შემოსავალს, ეს ჯერ უცნობია, ვინაიდან მას გასული წლის დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია. რაც შეეხება გუბერნატორის მეუღლეს, ეკატერინე ბარბაქაძეს, ის, აღნიშნულ პერიოდში  შპს ოჯახის მკურნალი ოჯახის ექიმი- პედიატრი გახლდათ და მისი მთელი წლის ხელფასი 5 000 ლარი იყო, რაც იმერეთის გუბერნატორის, დაახლოებით ერთი თვის ხელფასის ტოლია.


ტაბატაძის ოჯახის მფლობელობაშია 108 კვ საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე; 3000 კვ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ხაშურში; კომერციული ფართი რუსთავში, აგრარულ ბაზარში და 138 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე. საინტერესოა, რომ ბოლოს აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, ბაგებში, შავლეგო ტაბატაძეს 1 ლარად, ჩუქებით გადაეცა. ვისგან მიიღო აღნიშნული "საჩუქარი" აწ უკვე იმერეთის გუბერნატორმა, აღნიშნულ დეკლარაციაში მითითებული არ არის.


ამავე ოჯახის მფლობელობაშია 5 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი ტოიოტა პრიუსი.


ამ პერიოდში, შავლეგო ტაბატაძეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხებოდა 8 767 ლარი, საუბარია სახელფასო და საკრედიტო ბარათებზე.


რაც შეეხება სესხებს, ამ პერიოდში მას სესხის სახით 4098,6 ლარის გასავალი ჰქონდა საქართველოს ბანკში, ხოლო 18 073 პროკრედიტ ბანკში.


ამ პერიოდში, იმერეთის გუბერნატორი სტუდენტი გახლდათ და 2 250 ლარის გასავალი ჰქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე, დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის გამო..


შავლეგო ტაბატაძეს 4 შვილი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი