"უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა - პრივილეგია"- მამუკა ბახტაძე

07 Mar 2019 11:34


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები და აღარ იქნება საჭირო, რომ „შვილები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად“.


როგორც პრემიერმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივის - „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგენისას განაცხადა, საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.


„როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს და გაიზრდება კერძო ინვესტიციები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა - პრივილეგია. საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში. ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად - ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას. ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში, ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და რაც მთავარია - ახალ მკვლევარებს, პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს - რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს - მცირერიცხოვან ერს და გასცემენ პასუხს არც თუ ისე რიტორიკულ შეკითხვაზე - სად არის ხსნა“, - განაცხადა პრემიერმა.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი