"ქვეყანას ამოძრავებს ზუსტი მეცნიერებები, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ფიზიკა-მათემატიკოსები აღარ გვეყოლება"-ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან

28 Jan 2019 19:58

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ინფორმაცია, ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე გაავრცელა.


მისი თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.


როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.


რას მოუტანს განათლების სისტემას დაანონსებული ცვლილებები, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მოსალოდნელ ცვლილებებს?


აინფორმაციო პორტალ „მხარეს“ განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ესაუბრა:




- კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ - თქვენ სადმე მოისმინეთ განათლების სამინისტროს მხრიდან -  როგორ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს მათ მიერ დაანონსებული ცვლილებები?!  არა ხომ?! არ არსებობს ასეთი რამ პრაქტიკაში და ვერც მოისმენდით.


- დავიწყოთ კარგით, რა კარგი მხარე შესაძლოა ჰქონდეს დაანონსებულ ცვლილებებს?


- განათლების სამინისტრომ რაც არ უნდა გააკეთოს, მისი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება.  ამიხსნას ვინმემ, გამოცდების გაუქმებით როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სწავლის ხარისხი. თუ ვინმე ამას დამისაბუთებს - ვიტყვი, რომ მე არაფერი მცოდნია ამ სფეროში. მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას არ მოსვლია თავში გამოცდები გაეუქმებინა.


- რაც შეეხება ცუდ მხარეს - ასეთად რას მოიაზრებთ?


- ამ ცვლილებების გატარების შემდეგ, ჩვეულებრივ დავუბრინდებით იმ პოზიციას, საიდანაც წლების მანძილზე, დიდი ძალისხმვის შედეგად გამოვედით. ამ სიახლის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ სკოლებში კორუფციის დაბრუნებას. ჩვენ ბევრი კეთილსინდისიერი პედაგოგი გვყავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნიშნების წერაში ფულს აიღებენ.


ასევე, მოხდება საგნების განულება. გარკვეული საგნების მიმართ მოსწავლებს დაეკარგებათ ინტერესი, რაც  დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ბავშისთვის ასე დგას არჩევანი- ისტორია თუ ქიმია, ის რა თქმა, უნდა აირჩევს ისტორიას, იმიტომ რომ უფრო მარტივია, მაგრამ ქვეყანას ამოძრავებს ზუსტი მეცნიერებები - ქიმია-ფიზიკა-მათემატიკა და მერე,  რამდენიმე წელიწადში ნახეთ ტირილი, რომ ფიზიკა-მათემატიკოსები არ გვყავს.


მესამე - სკოლაში აღარ ივლიან ბავშვები. დაიწყებენ მომზადებას რამოდენიმე საგანში და სკოლა დაკარგავს მნიშვნელობას. ეს არის  კატასტროფა. სასკოლო განათლება არის ფუნდამენტი განათლების. სკოლაში იძენს ისეთ უნარებს ბავშვი, რომელიც წყვეტს მერე, რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი და განათლების და მეცნიერების სამინისტრო ამ ფუნდამენტს ანაგდურებს.


- როგორც განმარტავთ, დამღუპველია ამ ცვლილებების გატარება განათლების სისტემისთვის. მაშინ, რას ნიშნავს სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, შესაძლებელია დავუშვათ, რომ მიზანმიამრულად ხდება განათლების სისტემის მოსპობა?


- 2012 წლიდან ყოველწლიურად უარესდებოდა მოსწავლეთა შედეგი საატესტატო გამოცდებზე. უფრო და უფრო  მეტი ბავში იჭრებოდა. განსაკუთრებით ეს ხდებოდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში.


ახლა, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა რომ პრობლემის მოგვარება არის გამოცდებში და არა ცოდნაში. ფიქრობენ, რომ ამით პრობლემას გადაწყვეტენ. ეს იგივეა, ავადმყოფი, რომელიც არის ავად, აუკრძალო  ანალიზების ჩატარება და თქვა, რომ თუკი ის ანალიზებს არ ჩაიტარებს გამოჯანმრთელდება.


- რა რეკომენდაციას მისცემთ განათლების და მეცნიერების მინისტრს?


- შეუძლებელია რჩევის მიცემა. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ განათლების სისტემა მთლიანად ჩადო მიწაში 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ, დღეს კი მიწა დააყარეს. ყველას ვულოცავ ამ „მიღწევას“, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა.

 

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი