"ბესელიასთვის მიუღებელია, რომ მას თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე, რომელიც სულ რაღაც 3 წელია, გამოჩნდა “ოცნებაში” და ზოგადად პოლიტიკაშიც"- თორნიკე შარაშენიძე

06 Jan 2019 02:17

“ორი ახსნა აქვს ბესელიას საკითხს. ერთი - შეიძლება ბესელია მართლა გახვეული იყო კორუფციაში და ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად მის ზურგს უკან აკეთებს ვიღაცა ფულს და რეალურად ყველაფერი მხოლოდ ამით აიხსნება. მეორე - გაღრმავდა დაპირისპირება ძველ გვარდიასა და ახალს შორის და ამ ეტაპზე ახალგაზრდა გვარდიამ რაღაც გამარჯვება მოიპოვა. ან ორივეს კომბინაცია ერთად - გაიმარჯვა ახალგაზრდა გვარდიამ იმიტომ, რომ ივანიშვილმა გაიგო ცუდი ამბავი ბესელიაზე - ალბათ, ეს არის სიმართლე”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში.


“არ მგონია, პარტიიდან ბესელიას გარიცხვა ასე მარტივად მოხდეს იმიტომ, რომ ეს დააფრთხობს ძალიან ბევრს. ამისთვის მზად არც ივანიშვილია. მას არ სჭირდება დაპირისპირება “ქართული ოცნების” შიგნით და არც სკანდალები აწყობს. ამიტომ არ მგონია, ბესელიასგან და ძველი გვარდიის სხვა სხვა წევრებისგან დაფერთხონ პარტია. თუნდაც ამიტომ არ მოხდება ეს დაფერთხვა, რომ არ გაძლიერდეს ეს ე.წ. ახალგაზრდა გვარდია... ორ ფრთას შორის დაპირისპირება შიგნით ყოველთვის იყო. ეს დაპირისპირება გამწვავდა რაღაც საკითხის გამო - ამის რეალური მიზეზი მოსამართლეები იყო თუ სხვა რამ, ეს მე არ ვიცი. რაღაც საბაბი იყო დაპირისპირების და ეს არის ტიპური შიდა გარჩევა და მეტი არაფერი. დიდი ხანია, ეს ორი ფრაქცია ერთმანეთს ვერ იტანს, იქ მესამე ფრაქციაც არის, ოღონდ არც მაინცდამაინც გავლენიანი... 6 წლის განმავლობაში იმდენ მორალურ კომპრომისზე წავიდა ბესელია, რომ მაინცდამაინც დღეს გაახსენდა პრინციპები? ჩემი აზრით, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და მეტი არაფერი. ბესელიასთვის მიუღებელია, რომ მას თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე, რომელიც სულ რაღაც 3 წელია, გამოჩნდა “ოცნებაში” და ზოგადად პოლიტიკაშიც. ეკა ბესელიას ვერ დავუკარგავთ იმას, რომ დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა სააკაშვილს და ჩანდა პოლიტიკაში. მისთვის და მისნაირებისთვის მიუღებელია, რომ მათ ასხედან კობახიძე და მისი გუნდი, მით უმეტეს, რომ კობახიძის გუნდში არიან ისეთებიც, ვინც მართლა ჩახუტებული იყო ნაციონალებთან. პრინციპებზე კი არ არის საუბარი - ისინი ბრაზდებიან იმაზე, რატომ გვანაცვალა ბიძინამ ყოფილი ნაციონალებიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი