2017 წლიდან დღემდე სოსო ჯაჭვლიანის დაქირავება სახელმწიფოს 129 950 ლარი დაუჯდა

06 Dec 2018 02:39

სოსო ჯაჭვლიანისთვის სპეციალურად შექმნილმა ორგანიზაციულმა სტრუქტურამ 2 წლის განმავლობაში ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო და ახლა უკვე უქმდება. თავად ყოფილ დეპუტატს, მიუხედავად სოლიდური ანაზღაურებისა, ახალ თანამდებობაზე თავი არაფრით გამოუჩენია. კურორტ თეთნულდის განვითარება არ დაწყებულა და უახლოეს მომავალში ვერც დაიწყება.


შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ უახლოეს თვეებში გაუქმდება. ამის შესახებ თავად კომპანიაში აცხადებენ. თურმე კომპანიამ დაასრულა დაკისრებული ვალდებულებები და შესაბამისად, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ის შეწყვეტს ფუნქციობას.


„2013 წლის მაისში შეიქმნა შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ და დაევალა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განხორციელდა თეთნულდის სამთო სათხუილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების დეტალური პროექტიორება და მშენებლობა:


ხუთი ერთეული საბაგირო გზა, ღია სასაწყობე პორტალი, სასრიალო ტრასები და დროებითი გზები, მთის სადრენაჟე ქსელი, ელექტრომომარაგების ქსელი, წყალმომარაგების ქსელი, წყალარინების ქსელი, პარკინგი გათვლილი 300 ავტმონაქანაზე, კურორტის ადმინისტრაციული შენობა სპეცტექნიკისათვის, ანგარ სახელოსნოები, ზვამდამცავი, თოვლის დამჭერი ღობეები, თოვლსატკეპნი მანქანების ანკერები, კურორტისთთვის აუცილებელი სპეცტექნიკის შეძენა, საწვავმარიგებელი სპეცტექნიკისათვის“, - აცხადებენ კომპანიაში.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თეთნულდის სამთო–სათხილამურო განვითარების ახალი ფაზის დაწყება ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. მაშინვე ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტური მართვისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ფარგლებში, სპეციალური შპს-ც შეიქმნა. ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელობა კი სოსო ჯაჭვლიანს ჩაბარდა, რომელიც იმ დროს „ქართული ოცნების“ მეორე საპარლამენტო არჩევნების სიაში ვერ მოხვდა.


როგორც აღმოჩნდა, კურორტ „თეთნულდის“ რეალური განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. მიზეზი, ხელისუფლების მიერ პროექტების განხორციელების დაბალი ტემპია. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ფარგლებში, შექმნილი სპეციალური შპს-სა და მისი ხელმძღვანელისთვის გადახდილი სახელფასო ანაზღაურება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული უსარგებლო ხარჯი აღმოჩნდა. იქამდე სანამ, სახელმწიფო სვანეთის, ამ შემთხვევაში კი, თეთნულდის და სოფელ მულახის განაშენიანების რეგულირების გეგმას არ დაამტკიცებს, ვერც სოსო ჯაჭვლიანი და ვერც სხვა პირი, თეთნულდის განვითარებას ვერ შეძლებს.


„ბიზნეს მედიას“ ინფორმაციით, თავად სოსო ჯაჭვლიანის ყოველთვიური ანაზღაურება, როგორც „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, 6150 ლარია. 2017 წლიდან დღემდე სოსო ჯაჭვლიანის დაქირავება სახელმწიფოს 129 950 ლარი დაუჯდა. თუკი შპს გაუქმდება, სოსო ჯაჭვლიანი კვლავ უფუნქციოდ დარჩება და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწევს მისთვის რამე ადგილის გამოძებნა.


ბექა დანელია,

for.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი