"ჯანრი სალომეს ბავშვების ნათლია იყოო, საიდან მოიტანეს ეს სისულელე?!"-ჯანრი კაშიას და

04 Dec 2018 03:30

„სირცხვილი მათ, ვისაც სააკაშვილის დაბრუნება უნდა და საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს, თან ქალბატონს, ლანძღავენ! ნუ ექნებათ იმედები, სალომე ძლიერი პიროვნებაა და ვერ მოერევიან“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილის მეუღლის და, ვეტა კაშია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.


ჯანრი კაშიას და გამოცემასთან ინტერვიუში წარსულს იხსენებს და სალომე ზურაბიშვილის დადებით თვისებებზე საუბრობს.


ამასთან, ვეტა კაშია კატეგორიულად უარყოფს, საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანრი კაშიასა და სალომე ზურაბიშვილს ნათელმირონობა აკავშირებთ. საზოგადოებაში გავრცელებულ ამ მოსაზრებას ვეტა კაშია სისულელეს უწოდებს.


ახლა რომ ამბობენ, ჯანრი სალომეს ბავშვების ნათლია იყოო, საიდან მოიტანეს ეს სისულელე არ ვიცი, სალომე ძალიან მორწმუნეა, საფრანგეთში ქართული ეკლესია მამამისის დაარსებულია. ყველა წესი კარგად იცის“, – ამბობს გამოცემასთან სალომე ზურაბიშვილის მული, ვეტა კაშია.


მისი თქმით, მან სალომე ზურაბიშვილი თბილისში, 1986 წელს გაიცნო, როდესაც ზურაბიშვილი ტაბიძეების ოჯახს სტუმრობდა.


ჯანრი კაშიას და გამოცემასთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალი მეუღლე – ჯანრი კაშია, პარიზში, მაშინ გაიცნო, როდესაც ზურაბიშვილი მეუღლეს უკვე დაცილებული იყო.


მისივე თქმით, მაშინ, 1982 წელს, ჯანრი კაშია პარიზში მოსკოვიდან ჩავიდა.


„სალომემ და ჯანრიმ ხელი 90-იან წლებში მოაწერეს“, – აცხადებს ვეტა კაშია.


მისი თქმით, ჯანრი კაშიას მანამდე ორი ქალიშვილი ჰყავდა, ნანა და მარიამი.


„ნანა პირველ მეუღლესთან, ქალბატონ ლალისთან შეეძინა, მეორე შვილი უკრაინელმა ქალმა გაუჩინა. მარიამი დღეს ათენში ცხოვრობს, სალომეს უდიდესი ამაგი აქვს ჯანრის შვილიშვილზე, რეზო მაყაშვილზე, რომელიც პარიზში დაიბადა და სალომეს ხელშეწყობით სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა“, – აცხადებს ვეტა კაშია.


ამასთან, ის ჯანრი კაშიას და, სალომეს საქართველოსადმი სიყვარულს და დამოკიდებულებასაც იხსენებს.


სალომეს მხრიდან საქართველოს სიყვარულში ეჭვი ეპარებათ?- არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია. ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის, პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ქალიშვილია, მამამისის დაარსებულია პარიზში ქართული ეკლესია!“ – აცხადებს ვეტა კაშია.


მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილისა და დედამისის დიდი დამსახურებაა, რომ ზურაბიშვილის შვილები, თეიმურაზი და ქეთევანი დღეს ქართულად საუბრობენ.


გარდა ამისა, ვეტა კაშიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შესანიშნავად წერს და თარგმნის.


„მალე გამოიცემა სალომე ზურაბიშვილის მიერ თარგმნილი ჯანრი კაშიას ნაწარმოები „ტოტალიტარიზმი“, საფრანგეთში სალომეს რედაქციით გამოიცა ვაჟა-ფშაველას ლექსები ფრანგულ ენაზე, მისი ფსევდონიმი პარიზში „სალომე ქართველი“ იყო“, – აცხადებს ჯანრი კაშიას და, ვეტა კაშია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.


ინტერვიუს ბოლოს, ვეტა კაშია, ჯანრი კაშიას გარდაცვალების შესახებაც საუბრობს. ჯანრი კაშია 2012 წელს, მიკროინფარქტით გარდაიცვალა და ის ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.


 „ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტად ხალხმა ჩვენი სალომე აირჩია, ურაპატრიოტებმა იცოდნენ, რომ სხვებსაც არანაკლებ უყვართ სამშობლო. შევახსენებ მათ, რომ ლეგიტიმაციაზე დარტყმა მხოლოდ ჩვენ მტრებს აწყობთ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი მული, ვეტა კაშია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.



წყარო: ექსკულზივნიუსი

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი