ვინ შეადგინა ფოტოზე ნაჩვენები მენიუ და რა ბედი ელის სასტუმრო "რიწას" - მერიაში განგვიმარტეს...

04 Jul 2017 18:23

დღეს, ლიკა ფირცხალავამ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სკანდალური ფოტო გაავრცელა:

"ეს არის ბავშვების საუზმე ბაკურიანში - სასტუმრო რიწა... ბავშვების რომლებიც არაინ შშმ პირები და ეს არის 4 ადამიანზე გათვლილი. ძალიან მაინტერესებს თბილისის მერიას გძინავთ?!  იქნებ მორჩეთ ჩვენი მასხრად აგდებას და მოგვაქციოთ ყურადღება!"

 


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, პასუხები პუნქტობრივად მივიღეთ:


_ ვინ შეადგინა და არის თუ არა აღნიშნული მენიუ თქვენთან შეთანხმებული?


- მთისა და ზღვის კურორტებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი გამყოლების სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა სატენდერო მოთხოვნების ერთ–ერთი პუნქტია.


_  ვინ ხელმძღვანელობს აღნიშნულ პროექტს და უწევთ თუ არა კვების საკითხს მონიტორინგს?


–„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამა თბილისის მერიის ერთ–ერთი წარმატებული პროექტია. მონიტორინგი ხორციელდება სატენდერო მოთხოვნების ყველა პუნქტის შესრულებაზე, მათ შორის, კვების ხარისხზე.


_ რამდენად სწორად მიგაჩნიათ, მსგავსი მენიუთი გაუმასპინძლდეთ შშმ პირებს?


– ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე თბილისის მერია ახორციელებს არაგეგმიურ მონიტორინგს, კერძოდ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ესა თუ ის ინფორმაცია. თუმცა, გასული წლების პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი სახის ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არ დადასტურდა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, ადგილზე გაემგზავრა თბილისის მერიის მონიტორინგის ჯგუფი და დაინტერესების შემთხვევაში ხვალ დღის მეორე ნახევარში გაცნობებთ შედეგებს.


_ გადაიხედება თუ არა ეს საკითხი და შეიცვლება თუ არა მენიუ?


– თბილისის მერია იმოქმედებს მონიტორინგის შედეგების შესაბამისად და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ, სატანდერო პირობების დარღვევის გამო, შესაბამისი ზომები გატარდება, მათ შორის, ამოქმედდება დაჯარიმების მექანიზმი.


_რა უჯდება თბილისის მერიას აღნიშნული პროექტის განხორციელება და რამდენ შშმ პირზეა გათვლილი?


_„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ზაფხულში, მთისა და ზღვის კურორტზე დაისვენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 2 050 პირი და მათი მომვლელი. სულ, პროგრამის ბიუჯეტია 804 880 ლარი.


_რა ჯდება საშუალოდ, დღიურად (ლარებში) ერთი შშმ პირის კვება პროექტის ფარგლებში?


_პროგრამის მიხედვით, მთის კურორტზე ერთი კაცის მომსახურება ჯდება 25 ლარი, ხოლო ზღვის კურორტზე – 36,45 ლარი.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: