"ღმერთი დაიფიცეთ, რომ ჩემს საშველად ხართ სამინისტროდან მოსული და არა საცემადო..." - რას იხსენებს ხათუნა წიწავა

01 Dec 2018 01:43

თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე, ხათუნა წიწავა, პენიტენციალურ სისტემაში 6 წლის მანძილზე მუშაობდა - პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. სამსახურეობრივის მოვალეობის შესრულების დროს საკუთარი თვალით ნანახ ემოციურ ამბებს, ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერით  გვიყვება:



"თითქოს სიმბოლურია, რომ 2012 წლის ნოემბერში დავიწყე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობა (პროფესიით იურისტიც ვარ და მედმუშაკიც)... პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსის თანამდებობა არც ისე იოლი მეჩვენებოდდა, მაგრამ რატომღაც ჩემითავის იმედი მქონდა. ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ იმ დროისთვის ციხეებში უკიდურესად მძიმე პერიოდი იდგა... მაშინ სპეციალისტად დავინიშნე და როგორც იტყვიან, ვინ დიდი და ვინ პატარა, ამის გარკვევის დრო არ იყო... ყველა გადართული ვიყავით ათასობით გაუბედურებული პატიმრის გადასარჩენად...


მალევე მომიწია უშუალოდ ციხეებში, ადგილებზე მისვლა. მევალებოდა პაციენტებთან შეხვედრები, მათი სამედიცინო ისტორიების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი სამედიცინო ინტერვენცია (სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვამ თავიდან შემაშინა. იგი ვერაფრით ვერ შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რაც მე მეკისრებოდა პატიმრებთან, მით უფრო ჯანმრთელობაშელახულ, მეტიც, ფიზიკურად და სულიერად დაუძლურებულ-დაინვალიდებულ ადამიანებთან ურთიერთობისას).



ეპიზოდი პირველი:

ერთ დღესაც საინტერვენციო ჯგუფთან ერთად მე-18 ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში ვართ, სადაც ათობით დაინვალიდებულ პაციენტს შევხვდით. ზოგი გაუთავებლად საუბრობდა წარსულზე, ზოგი – მოკრძალებულად, ზოგი კი საერთოდ არ იღებდა ხმას.


მთავარ ექიმთან ერთად ერთი 23 წლის ბიჭის სამედიცინო დოკუმენტაციას გავეცანი. არც მეტი, არც ნაკლები – 17 სხვადასხვა სახის დიაგნოზი დაესვათ მისთვის და ყველა ერთმანეთზე მძიმე! მკურნალობის სქემა კი ვერც წავიკითხე იმხელა იყო... მთავარმა ექიმმა მითხრა, ძალიან მძიმედ არისო. მარიხუანის შეძენა-შენახვის მუხლით იხდიდა სასჯელს... 


რეჟიმის თანამშრომელს ვთხოვეთ, მთავარი ექიმის კაბინეტში შემოეყვანა. აღმოჩნდა, რომ ეტლს იყო მიჯაჭვული, დაახლოებით 20 წუთი ველოდე. ბოლოს მოკრძალებით მეუბნებიან, არა აქვს თქვენთან შეხვედრის სურვილიო. ჩემს დაჟინებულ თხოვნაზე მთავარმა ექიმმა უარი ვერ მითხრა და საკანში მივაკითხეთ. თავჩახრილი, დადუმებული დაგვხვდა. შეპარვით მივესალმე, გავეცანი, ავუხსენი, ვინ და რატომ ვიყავი მისული. დუმილს არ არღვევდა, ვერაფერს გავხდი, ბოლოს, იმედგაცრუებულმა დამშვიდობება რომ გადავწყვიტე, ხმა ამოიღო. მითხრა: აბა, ღმერთი დაიფიცეთ, რომ ჩემს საშველად ხართ სამინისტროდან მოსული და არა საცემადო...


გული გამეყინა, ჩავიმუხლე მის ეტლთან და ძალა მოვიკრიბე სიტყვების მოსაძებნად. სახე შემომანათა. ჩამქრალ, დიდ ცისფერ თვალებში ცრემლებს იბრუნებდა. გადათეთრებული ხელის თითები დაუძლურებულად, ზანტად მოისვა შუბლზე და გამიმეორა, – დაიფიცეთო!.. მთელი სახატეთი დავუფიცე და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მის საშველად... ოღონდ ალბათ ქალურმა სისუსტემ მძლია და მისგან განსხვავებით, ცრემლი ვერ შევიკავე. 


გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადავიყვანეთ კლინიკაში...20 დღეზე მეტხანს გვეწვინა... დამძიმდა... არ მოვეშვით... მერე "უდომ" განიხილა მისი საკითხი და გათავისუფლდა... რამდენიმე თვის შემდეგ სოციალურ ქსელში დამიმატა. ისევ ეტლში ზის. ხშირად უფლის სურათებს აზიარებს და წერს, – დიდება უფალსო...



ეპიზოდი მეორე:

პირველი დილა: მირეკავს ერთ-ერთი დაწესებულების მთავარი ექიმი, – ერთ-ერთმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა და ადგილზე დავამუშავეთო.


მეორე დილა: ისევ მირეკავს იგივე ექიმი და ისევ იმავე პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება და ადგილზე დავამუშავეთო (ეს სპეციფიკური ლექსიკაა და სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით!).


მესამე დილა: იგივე მეორდება. – და რატომ იჭრის ეს პატიმარი ვენებს და რატომ იზიანებს თავს გამუდმებით?! მიზეზი რა არის ? რას ამბობს? რა მოთხოვნები აქვს? გაუწია ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა კონსულტაცია? – მივაყარე კითხვები მთავარ ექიმს.


– მიზეზს არ ამხელს! არადა, აქამდე წყნარად იყო. ფსიქიატრმაც ნახა და თქვა, რომ არაფერი სჭირს. უბრალოდ, ძველ ტკივილებს იხსენებს, ჰყვება თავგადასავლებს, იმას, თუ როგორ სასტიკად მოექცნენ და ა.შ.


მეოთხე დილა: ისევ იგივე! – ქალბატონო ხათუნა, იმავე პატიმარმა ისევ მიიყენა თვითდაზიანება და ადგილზე დავამუშავეთ. ვშიშობ, თუ ასე გაგრძელდა, ვეღარ ვუშველით...


მეორე დილით, ადრე მივედი ციხეში, ეტყობა, "დავასწარი" ამ ე.წ. თვითდაზიანების მიყენებამდე. 


– გამარჯობა, დათო (მოდი, პირობითად, დათო დავარქვათ), მე ხათუნა წიწავა ვარ! აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი. მთელი კვირაა, თქვენზე მიყვება მთავარი ექიმი. რით შემიძლია დაგეხმაროთ? რა გაწუხებთ? იქნებ გტკივათ რამე ან სერიოზული სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, ან ფსიქოლოგი, ან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა... მზად ვართ, მოგხედოთ, გიპატრონოთ...


უნდობლად გადმომხედა. 


– ქალბატონო ხათუნა, იცით რამდენი წელია, პატიმარი ვარ?


– სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მე მხოლოდ თქვენს დიაგნოზზე მაქვს ინფორმაცია.


– 16 წელიწადია უკვე!..


დავიბენი...


– დიახ, მესმის, გიჭირთ ალბათ...


– ნახეთ, ეს ჩემი შემოქმედებაა!


და მაჩვენებს სიგარეტის კოლოფებისგან დამზადებულ მანქანებს.


– ძალიან შთამბეჭდავია... – ვამბობ და ვერაფრით ვაკავშირებ ამ მართლაცდა ვირტუოზურად "აწყობილ" ქაღალდის მანქანებს შეუჩერებელ თვითდაზიანებებთან.


– იცით, მე რამდენიმე თვეში "ზვანოკი" მომიწევს (ანუ გათავისუფლება!).


– ჰოდა, მით უკეთესი, რას ერჩით საკუთარ თავს! ხომ გინდათ, ოჯახს ჯანმრთელი დაუბრუნდეთ, გააგრძელოთ ცხოვრება და...


მივხვდი, აღარ მისმენდა. უნდოდა, რაღაც სერიოზული გაემხილა ჩემთვის.


– აი, ნახეთ, – აღსარებასავით დაიწყო და თან თავის წლობით ნაკოწიწებ "მანქანებს" უყურებდა, – მე რომ დამიჭირეს, შევარდნაძის დრო იყო! აი, ამ "ადინაცატის" თაობა ვარ მე (ხელით ძველ მოდელზე მიმანიშნა). ახლა კი ისე შეიცვალა ქვეყანა, მერსედესის "ვარონკით" გავყავართ კლინიკებში. დაგმანული მანქანიდან შემთხვევით თვალს რომ გავაყოლებ გზას, შიშის ზარს მცემს! სულ ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო?! ზოგჯერ მზის სხივისაც კი მეშინია! მაშინებს მისი სინათლე, 

თითქოს ათასჯერ მახსენებს, რომ ცოცხალი ვარ... თუმცა მზის სხივს რას ვერჩი, არავინ კითხულობს, მინდა კი სიცოცხლე?!


– რას ამბობთ, ჯერ ისევ ახალგაზრდა ხართ, სიცოცხლე ხომ ყველაზე დიდი ჯილდოა ადამიანისთვის, მისი ხელყოფა კი – მიუტევებელი ცოდვაა!


კი წარმოვთქვამდი მექანიკურად ამ სიტყვებს, მაგრამ მე თვითონ არ მჯეროდა ჩემი ნათქვამის და ამ სიცოცხლეზე ხელჩაქნეულ პატიმარს როგორ დავარწმუნებდი...


– მე ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და ახლა ამ "ზვანოკის" რომ მეშინია, ისე სიკვდილისაც არ შემშინებია! ჰოდა, მითხარით, სად მიშვებთ, ვინ მელოდება, რა გავაკეთო, საიდან დავიწყო!.. აი, იქნებ ეს მასწავლოთ ვინმემ! რომ დავიბადე, დედამ სიარული მასწავლა. მასწავლა, რომ არავინ არ უნდა ვცემო, მასწავლა, რომ არავინ არ უნდა მოვკლა. მასწავლა რომ, როდესაც წავიქცევი, ჩემით უნდა წამოვდგე!.. ბევრი რამ მასწავლა დედამ, მაგრამ ციხიდან გასულმა რა უნდა ვაკეთო, ეს არ უსწავლებია! ჩემს დარდს გადაჰყვა. ახლა რომ ცოცხალი მყავდეს, ალბათ ამასაც მასწავლიდა, მაგრამ რომ არ მყავს და თან რომ ვშიშობ, საფლავსაც ვერ მივაგნო მისას?.. არც მამა მყავს, რომ გზაზე დამაყენოს...


– დიახ, კარგად მესმის თქვენი...


– არაფერიც არ გესმით! თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ ჩემსას, ეგ გამორიცხულია!


გაინტერესებთ ალბათ, ამდენ ხანს რატომ იჯდა: აი, ეპიზოდი მისივე ნაამბობიდან: "ბიჭებმა ვიჩხუბეთ უბანში... მიზეზიც კი არ მახსოვს, ნასვამები რისთვის ავუხირდით ერთმანეთს. ბევრნი ვიყავით... მეც დავიჭერი... ერთ-ერთი ბიჭი, სხვა უბნელი, მძიმედ დაიჭრა... მალე გარდაიცვალა. მკვლელი მე "აღმოვჩნდი"... არა, თავს არ ვიმართლებ. არადა, დედაჩემი მართლა არ მზრდიდა მკვლელად..."


შევეცადე, დედამისის "გავლენა" გამომეყენებინა.


– ამჯერად მე მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა მაინტერესებს და მოხარული ვიქნები, თუ მომცემთ ნებას, დაგეხმაროთ, – ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა სიტყვების შეკოწიწება, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი, – ცხოვრება ხომ გრძელდება... თქვენ როგორ გგონიათ, ახლა აქ რომ დედათქვენი იჯდეს, რას გეტყოდათ?


მივხვდი, "გასაღებს" მივაგენი. გამოცოცხლდა, უკვე ნდობით შემომხედა და ხმაც შეეცვალა:


– ეხ! რას მეტყოდა... მეტყოდა, ყველაფერი წარსულში დატოვე და იცხოვრე, შვილოო!


– ჰოდა, იცხოვრეს იცოცხლე დავუმატოთ და დაველოდოთ "ზვანოკს"!


ყინული გალღვა.


იმ დღის მერე ფსიქოლოგი მატყობინებდა, რომ თითქმის ყოველდღე ხვდებოდა... რომ ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო მუშაკების ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო (ეს თითქოს თავის მოწონებასავით ჟღერს, მაგრამ მართლა ასე იყო). ერთი სიტყვით, სარეაბილიტაციო ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. ისიც გავიგე, რომ გაათავისუფლეს. 


...ამ რამდენიმე თვის წინ შემთხვევით, ავტოსამრეცხაოსთან გადავეყარე. ჩემს ავტომობილს ვიღაც "ნაცნობი" ახალგაზრდა კაცი რეცხავდა. რატომღაც გავიფიქრე, ალბათ რომელიმე "ჩემი პატიმარია" მეთქი და თვალი ავარიდე. მაშინვე მიცნო... მითხრა, ეს სამრეცხაო ახლობლისაა და კარგა ხანია, აქ ვმუშაობო. ძალიან წუხდა იმას, რომ არც ერთხელ არ მოუწია "ადინაცატის" გარეცხვა... ისევ მერსედესებიაო... სამრეცხაოს კედელზე ჩვილის სურათი ჰქონდა გაკრული, თითით მანიშნა, – სიცოცხლის გაგრძელება ამად ღირდაო!.. დაქორწინებულა, პატარაც ჰყავთ, მთელი დღე შრომობს, ალბათ იმისთვის, რომ მზის სხივისა არასდროს შეეშინდეს! 


არ ვიცი, ჩემი უამრავი "თავგადასავლიდან" პატიმრებთან ურთიერთობისა, რაღა ეს ამბავი ამოვარჩიე. ალბათ იმიტომ, რომ მართლა არ არსებობს გამოუსწორებელი ადამიანი. არც დანაშაული ხდება უმიზეზოდ... უბრალოდ, მეტი დაკვირვება გვმართებს, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ცხოვრება ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე... 


კედელზე ჩვილის სურათი რატომღაც ცელოფნის ფაილში იდო და ფოტოს ქვემოთ, ლურჯი ფანქრით, გაკრული ხელით მიეწერა სიგარეტის კოლოფებით მანქანების მოდელების ამწყობს: " მა, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!" 



ეპიზოდი მესამე:

ერთხელ, ერთ-ერთ "ზონაზე", მახსოვს, ეტლით 22 წლის ბიჭი მომიახლოვდა (260-ე მუხლით დაპატიმრებული) და მთხოვა გავსაუბრებოდი. იურისტებისთვის ასე "ნაცნობი" ეს მუხლი, არცთუ ისე "შთამბეჭდავად" გამოიყურება – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება! – და შესაბამისად, არც სასჯელია მცირე.


საუბრის დროს თვალზე ცრემლი არ შეშრობია. იოლი არ ყოფილა მისი მოსმენა... ყვებოდა ყველაფერს ერთად, რაც კი გამოიარა. ჩქარობდა. მძიმედ იყო ავად. მთხოვდა, დავხმარებოდი. გულსატკენი კი ის იყო, რომ ყოველი წინადადების დროს ამბოდა, რომ არ ჰყავდა მშობლები, არც პატრონი (ვინმე თანამდებობის პირი), პაემანზეც კი არავინ მოდიოდა მასთან. 22 წლის ბიჭი ყვებოდა, თუ რა ჯოჯოხეთის გზა გამოიარა, რასაც მხოლოდ იმას აბრალებდა, რომ უპატრონო იყო! 


იმ დღეს საკუთარ თავს მივეცი პირობა, არა მხოლოდ წერილებზე რეაგირებით და ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არამედ როგორც კი მოვახერხებდი, თავადვე შემეხედა ყველა საკანში. მეპოვა ეს ე.წ. "უპატრონო პატიმრები" და დავხმარებოდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი "უპატრონო პატიმარი" აღმოვაჩინეთ.


გარდა პატიმრებთან შეხვედრისა, ასევე ინტენსიურად ვხვდებოდით მათი ოჯახის წევრებს. ხშირად დედები მოდიოდნენ, ყვებოდნენ თუ როგორ გაყიდეს სახლები, რათა აღებული ფულით შვილებისთვის მიეხედათ საპატიმრო დაწესებულებებში... ცრემლიანი თვალებით და ხვეწნა-მუდარით ითხოვდნენ, შვილი გადამირჩინეთო ერთხელ საზღვარგარეთიდან ერთმა ქალმა დამირეკა, მოწიწებით... ამა და ამ პატიმრის დედა ვარ, ზუგდიდში გავიგე თქვენი ტელეფონის ნომერი, მეც ზუგდიდელი ვარო. უკვე 8 წელიწადია, გადმოხვეწილი ვარ საზღვარგარეთო. ერთადერთი შვილი ჩამიკლეს ციხეშიო. ზუგდიდში გაბოგინებულ კლანს შეგინება არ აპატია, დედის შეგინება და დამიინვალიდეს შვილიო... 4 წელიწადია, აქედან ვაგზავნი ფულს და "ვინახავ" ციხეშიო... თავმოყვარე და სამართლიანი გავზარდეო. 3 წლის წინ კიბო დამიდგინეს, ორივე ძუძუ მომაჭრეს და აქ ვიტარებ ქიმიოთერაპიის კურსებსო... ვის ოჯახშიც ვმუშაობ, ღვთისნიერები გამოდგნენ. უფალმა არ გამწირა, ამათ რომ შემახვედრაო. ჩემს შვილს ნუ ეტყვით, რაც მჭირს, ზუსტად ვიცი, სანამ ის ციხეშია, არ მოვკვდებიო. რომ გამოვა და გულში ჩავიკრავ, მის მერე რაც გინდა, ის დამემართოსო! (ასე ატყუებდა დედა-შვილი ერთმანეთს. არც შვილი უყვებოდა თავის მძიმე დიაგნოზზე არაფერს, სულ ომახიანი ხმით ესაუბრებოდა ტელეფონში და ეუბნებოდა, რომ მალე ჩავიდოდა ისიც დედასთან, საზღვარგარეთ. დიახ, იქ... სადაც საქართველო არ არის და სადაც ადამიანებს ადამიანურად ექცევიან!). ბევრი ვისაუბრეთ, შვილივით მომაბარა თავისი ვაჟი. მეც, რაც შემეძლო, ვუვლიდი... მალევე გათავისუფლდა მისი შვილიც, ჯანმრთელობაშელახული ბიჭი! არ დაუჩოქა და არ აპატიეს!!! ეს ემიგრანტი ქალი ფეისბუქში მაშინვე დამიმეგობრდა, მერე შვილთან ჩახუტებულ ფოტოებს ათავსებდა და მეც გული მითბებოდა მათი შემყურე... დიდხანს არ გასტანა... მალე დაიწერა მის კედელზე – დეეეეეეეეეეეე!!! მის მერე იქ აღარაფერი დაწერილია!!!!!!!!!!! 



პოსტსკრიპტუმის მაგიერ:

დაბოლოს, მინდა დავასრულო იმით, რომ, ადამიანების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გეზი, რომლითაც ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია. 


შევეცადე, ამ სევდიანი ეპიზოდებით ის სურათი დამეხატა, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს. და რომ ის ექვსი წელიწადი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, თუნდაც იმიტომ, რომ ლამის საკუთარივით განვიცდიდი უამრავი პატიმრისა და მათი ჭირისუფლის მდგომარეობას... და რომ მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც საპატიმრო ადამიანთა გამოსასწორებელი და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის იმედის მომცემი დაწესებულება იყოს და არა ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა.


დღეს მე, როგორც თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილეს, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობაც მაკისრია და მინდა ჩემი ამ სისტემაში მუშაობის ექვსი წლის თავზე, როგორც უკვე გამოცდილმა და კვალიფიციურმა მუშაკმა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემმა "ნაცნობმა" პატიმარყოფილებმა სიკეთეზე და მოყვასის სიყვარულზე იფიქრონ.


მგონი, ცოტა პათეტიკა გამომივიდა, მაგრამ ეს ცხოვრებაა და მერწმუნეთ, მართლა ისე განვიცდი ყველაფერს, როგორც ვწერ..."- იხსენებს ხათუნა წიწავა.




loading...

კომენტარები:

ფართი შოპი