"ბიძინა ივანიშვილის მიმართ უმადურობა ვინმეს უკვირს, როდესაც ილია მოვკალით, ზვიადი გავაგდეთ?!"- ინტერვიუ გიორგი მამაცაშვილთან

16 Nov 2018 00:59

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:

 

– საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია და შესაბამისად, თვალს ვადევნებთ, თუ როგორი აქტივობაა „ქართულ ოცნებაში“, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ პირველი ტურის შედეგები ხალხის საიმედოდ გააბათილოს და საზოგადოებამ უფრო იმედიანად შეხედოს მომავალს.

 

– სამწუხაროდ, ისევ იმავე წრეზე გვიწევს სიარული, ისევ იმავე ხალხისგან ვისმენთ მორალს, რომელიც ყბადაღებული 9 წელი კი არა, გაცილებით მეტ ხანს კითხულობდა მორალს ტელევიზიით, რადიოთი თუ სახელისუფლებო ტრიბუნიდან. ზოგი მათგანი მანამდე დეპუტატი იყო, ზოგი – საკრებულოს წევრი. ის ცნობილი გიჟი სააკაშვილი საკრებულოს ხელმძღვანელიც იყო ერთი პერიოდი. ასე რომ, აქ საუბარი არ არის 9 წელზე. აქ საუბარია ზოგადად მიდგომებსა და მენტალიტეტზე. დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის და არა ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის. თუმცა, დავაკონკრეტოთ, ვაშაძე, სააკაშვილი, ბოკერია, იგივე რეჟიმი არის ის უბედური წარსული, რომელმაც გააუბედურა მთლიანად ქვეყანა, გადააგვარა თაობების მენტალიტეტი და მისი არჩევა, ვფიქრობ, იქნება არა თითოეული ჩვენგანის შეცდომა, არამედ დანაშაული.

 

– თუმცა, ბატონო გიორგი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ელექტორატი, რომელიც შეინარჩუნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აქტიურობდა პირველი ტურის დროს, რამაც გავლენა იქონია შედეგებზე. მოდით, გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ შეცდომები, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ შედეგები...

 

– შეცდომებზე საუბარმა, შეიძლება, ძალიან შორს წაგვიყვანოს, რადგან ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებსაც არ უშვებს. ბუნებრივია, მე „ოცნების“ ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ამ წლების განმავლობაში, თუმცა, ყველაზე მთავარი შეცდომა, ვფიქრობ, იყო კოჰაბიტაცია, ალბათ იძულებითი ნაბიჯი დღევანდელი ხელისუფლებისა, რამაც შვა დღევანდელი რეალობა, შვა ის მიდგომა, როდესაც გიგა ბოკერია უნდა იჯდეს პარლამენტში, უნდა უკითხავდეს მორალს… ძალიან ბევრი დამნაშავე უნდა მიკითხავდეს მორალს და მელაპარაკებოდეს 26 მაისზე, 7 ნოემბერზე, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში დაღვრილ სისხლზე, როდესაც ისინი არათუ სისხლს ღვრიდნენ, დღესაც აგრძელებენ იმავე მეთოდით, იმავე რიტორიკით, იმავე მიდგომებით საუბარს და ქმედებებსაც. თუნდაც დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ავიღოთ, როდესაც კაცი გამოდის და პირდაპირ ეთერში ამბობს, შუბლს გავუხვრეტდი ჩემი ხელითო ერთ-ერთ ადამიანზე, სულ რომ უკანასკნელი დონის ნაძირალა და დამნაშავე იყოს, არავის გვაქვს უფლება, ვიღაცის სიცოცხლის ხელყოფაზე ავაგოთ ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს ხალხი გვიკითხავს დღეს მორალს! სხვათაშორის, პეტიციას „ობიექტივის“ ეთერში მოვაწერე ხელი და დღესაც იმავეს გავიმეორებ: ვიდრე არ დაისჯება სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი და ვიდრე არ შეფასდება მათი რეჟიმი დანაშაულებრივ რეჟიმად. ისევე, როგორც არ შეფასდება 1991-1992 წლის მოვლენები, რაც მოხდა ამ ქვეყანაში, მანამდე ამ ქვეყნის საშველი ნამდვილად არ მოხდება. ამას დასჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

 

ხელისუფლება ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში აკეთებდა რაღაცეებს და შეიძლება უფრო ხარისხიანად, მაგრამ საზოგადოებას უყვარს სწრაფი შედეგი, სწრაფი მოქმედება და დღეს სწორედ ამ სწრაფი შედეგისთვის უნდა ვიბრძოდეთ თითოეული ჩვენგანი და 28 ნოემბერს მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგვაბრუნებს წარსულში. არჩევანი უნდა გაკეთდეს ღირსეულ კანდიდატზე და ღირსეული არის მხოლოდ ერთი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი!

 

– თქვენ აღნიშნეთ რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ არის მომზადებული და შესაბამისად, ელოდება განხილვას საქართველოს პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, ეს რეზოლუცია იყოს „ქართული ოცნების“ გადამრჩენი?

 

– „ქართული ოცნების“ გადამრჩენი იქნებოდა მაშინ, თუ ამ რეზოლუციას ხელი მოეწერებოდა 2-3 წლის წინ. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის გადარჩენაზეა ლაპარაკი და არა „ოცნების“ ძველი გვარდიის გადარჩენაზე. არავის გადასარჩენი ჩვენ არაფერი გვჭირს, თუნდაც „ოცნების“ ძველ გვარდიას, ვინც მორალურად ამ ქვეყნის გადარჩენისკენ ვილტვით და მე ვთვლი, რომ შეიძლება არ ვარ „ოცნების“ წევრი, შეიძლება არც მეხოტბე, მაგრამ „ოცნების“ ძველი გვარდია ნამდვილად ვარ, რადგან სწორედ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე პოლიტიკაში ღიად დავუჭირე  მხარი. მეტსაც გეტყვით, მე ჯერ კიდევ „ასავალ-დასავალში“ ვმუშაობდი, როდესაც 2008 წელს ძალიან ბევრი ებრძოდა ბიძინა ივანიშვილს და სწორედ 2008 წლიდან იღებს სათავეს ჩემი მხარდაჭერა როგორც პიროვნების მიმართ და ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ღვაწლმოსილმა თუ ღირსეულმა და დამსახურებულმა მოღვაწემ ამ ცხოვრებაში. მან უსისხლოდ მოაშორა ის ვანდალური ხელისუფლება, ის ჯალათური სისტემა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ოცნება“ გადარჩება-არ გადარჩება, სხვა პარტია ამოტივტივდება, სხვა პარტიები შეიქმნება მომავალში. დღეს ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. ან ვბრუნდებით ძველ რეჟიმში, ვბრუნდებით იმ სისხლიან სისტემაში, რა სისტემაც შექმნეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, კეზერაშვილმა, უგულავამ, არველაძემ, გივი თარგამაძემ და ასე შემდეგ, ან უარს ვეუბნებით იმ სისხლიან და ბნელ წარსულს! დღეს რომ აქეთ გვაძახებენ კიდევ, თურმე სისხლიან 9 წელზე საუბრობენ. სისხლიან 9 წელზე კი არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სისხლიან გაცილებით მეტ წელზე, როდესაც აუცილებელი არ არის, ტყვია ესროლო ადამიანს და ისე მოკლა, როდესაც სიტყვით კლავ, როდესაც იდეოლოგიას ცვლი, როდესაც ლომაია-რანკოვიჩის ხროვა „დედა ენას“ იღებდა განათლების სისტემიდან და „დედა ენის“ შეტანაც კი სახვეწარი გაუხდა დღეს ქართველ ბავშვს. „დედა ენით“ უნდა ვასწავლიდეთ დღეს ჩვენს თაობებს. სხვათაშორის, მინდა, აღვნიშნო, რომ პატრიარქის ინიციატივას, რომ სკოლებში „დედა ენით“ გაგრძელებულიყო სწავლა, საკმაოდ წარმატებით გამოეხმაურა განათლების სამინისტრო. ამ მიდგომით უნდა მივუდგეთ ჩვენ და არა იმ მიდგომით, რომ „ოცნება“ გადავარჩინოთ ამ რეზოლუციით.

 

– ძალიან ბევრი მოსაზრება გავრცელდა პირველი ტურის შედეგების შემდეგ. საუბრობენიმაზეც, რომ საზოგადოების ჩაგრული ნაწილი მონატრებულია კვლავ ჩაგვრას და ამიტომ აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას. ამავე დროს, საუბრობდნენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხალხი უმადურია და ვერ დაინახეს ის სიკეთე და ქველმოქმედება, რაც მას ხალხისთვის და ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული. თუმცა დღესდღეობით, რა გამოიყვანს ამომრჩეველს გარეთ?

 

– ბიძინა ივანიშვილის მიმართ უმადურობა ვინმეს უკვირს, როდესაც ილია მოვკალით, ზვიადი გავაგდეთ? ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა გავიმეტეთ. არ არის აუცილებელი, ვინმემ ტყვია ესროლოს, გავიმეტეთ დამოკიდებულებებში და მე არ მიკვირს, მცირე ნაწილი თუ იჩენს უმადურობას აშენებული სამების მიმართ, ბიუჯეტში ჩადებული მილიონობით ლარის გამო, რამაც გადაარჩინა ქართული თეატრი, ხუროთმოძღვრება, ეკლესიები, მეცნიერება, განათლება, არქეოლოგია, სპორტი. ამ შემთხვევაში, მე არ მიკვირს ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოჩენილი უმადურობა, ვაღიაროთ, მოსახლეობის გარკვეული მცირე ნაწილისგან. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, დამოკიდებულება არის ცალსახა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე შეძლო ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა, როდესაც 2007 წლის ბოლოს და 2008 წლის დასაწყისში შეეწირა სააკაშვილის, „მასტერების“, ახალაიების ხელისუფლებას და შეეწირა პირდაპირი მნიშვნელობით. სხვათაშორის, არც ბადრი მოუკლავთ ტყვიით, ისიც სხვანაირად გაიმეტეს და ჩვენ ეს ქვეყანა ვართ. ამ შემთხვევაში უმადურობაზე არ ვისაუბროთ, ვისაუბროთ იმაზე, რომ ხვალ უფრო მეტია საკეთებელი თითოეული ჩვენგანის მიერ, მეტია საკეთებელი ბიძინა ივანიშვილის მიერაც, მეტია საკეთებელი კახა კალაძის მიერაც, რომელიც არჩეული მერია ამ ქალაქის და დიახ, თითოეულმა ჩვენგანმა ქვას ქვა უნდა დავადოთ, აგურს აგური და ერთობლივად უნდა ავაშენოთ, უნდა ავაშენოთ იმ მხარდამჭერებისთვისაც, რომლებიც შეცდომით ხაზავენ სხვა კანდიდატს, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. დამნაშავეებზე არ ვსაუბრობ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით იმიტომ, რომ ამ დამნაშავეების ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით! სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს, 1991 წლიდან მოყოლებული!

 

 

ავტორები: მარიამ პაიჭაძე;  მაცაცო გახოკიძე

             

 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი