გიორგი ჩაკვეტაძე: „თბილისის მერია იპოდრომთან გასხვისებულ ჩოგბურთის კორტებს იბრუნებს“

08 Nov 2018 11:50


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, იპოდრომის მიმდებარედ კორტების ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერის განცხადება მუნიციპალიტეტის სწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია.


„წლების განმავლობაში, ურბანიზაცია ქაოტურად და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივად მიმდინარეობდა. რამდენიმე ათეულს ითვლის იმ სპორტული ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც შესაბამისი საინვესიტიციო პირობების გარეშე გასხვისდა. ამ ქმედებებისგან მიღებულ შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით. ბოლო თვეებში კი, თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს,”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება სპორტული სივრცეების დაცვა იყო და სწორედ ამ პროგრამის შემადგენელია იპოდრომის მიმდებარედ მდებარე კორტების გამოსყიდვა.


„იპოდრომის მიმდებარედ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ჩოგბურთის კორტები 2009 წელს გაიყიდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული იქ არსებული რეკრეაცია ნადგურდებოდა. ამ ტერიტორიას მუნიციპალიტეტი იბრუნებს. ადგილობრივი მოსახლეობის როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ არცერთი მწვანე სივრცის ხარჯზე არ მოხდეს ურბანიზაცია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვაც და სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები და არჩეული დეპუტატები ამ საკითხს ოპტიმალურად გადაწყვეტენ,”- დასძინა გიორგი ჩაკვეტაძემ.


იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მერია თანამედროვე სპორტული სივრცის პროექტზე მუშაობას დაიწყებს. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობამ მმართველ გუნდს ნდობა გამოუცხადა, რომ საზოგადოების, ინვესტორისა და ქალაქგეგმარებითი ინტერესები დაცული იყოს და თბილისი განვითარდეს.


კომენტარები:

ფართი შოპი