"ჩვენ აღარ გვინდა შვიდი ნოემბერი, მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი"- გრიგოლ ვაშაძე

07 Nov 2018 14:23

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 2007 წლის 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის საკითხზე, მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



"7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის. მართალია, მაშინ არავითარი კავშირი არ მქონდა ხელისუფლებასთან, არც ერთი თანამდებობა არ მეკავა და რიგითი კერძო პირი ვიყავი, მაინც სრულად ვიზიარებ ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მივიჩნევ.


ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიების. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრინციპს სათანადოდ არ ვცემდით პატივს, რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 7 ნოემბერს: ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა გამაერთიანებელი როლი, სამწუხაროდ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო გათიშა ისედაც პოლარიზებული საზოგადოება.


ჩემთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობას ჰქონდა თუ არა ამ ზომების გამოყენების სამართლებრივი უფლება და საფუძველი. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. ხელისუფლებას მეტი დაფიქრება მართებდა მაშინ და მართებს ახლაც.


კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია იმედში შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს. ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე ჩემს მეგობარ გიორგი თარგამაძესთან, და ყოველი საუბრის ბოლოს, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის მოვლენა და ვერანაირი გამართლება ამის ჩამდენ ხელისუფლებას ვერ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი იმედი სისტემატიურად მიძღვნის ფეიკ ნიუსებს, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ვერავინ შეზღუდავს მედიის უფლებას, თუნდაც დამცინოს, დამაბრალოს სიცრუე, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია ჩემზე ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზე. ეს პროფესიული სტანდარტის საკითხია და არ არის ხელისუფლების საქმე.


ახლა შევხედოთ რას აკეთებს ქართული ოცნება მისი მმართველობის მე-6 წლის თავზე. ივანიშვილი არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ ჩვენს შეცდომებს, არამედ დეკლარილებულად მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში. ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით, არეულობით და რეპრესიებით.


სწორედ ეს იყო შვიდი ნოემბრის შეცდომა და ამას იმეორებს დღეს ივანიშვილი და ქართული ოცნება გაათმაგებული მასშტაბით.


დღეს ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საზოგადოების გაერთიანებას. პარტიების და პოლიტიკური ლიდერების უდიდესი უმრავლესობა, ვინც მაშინ იდგა რუსთაველზე და აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას, დღეს დგას ჩვენს გვერდით და აპროტესტებს ამ ხელისუფლების მიერ ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანას.


ჩვენ აღარ გვინდა შვიდი ნოემბერი, აღარ გვინდა წარსული, ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე. მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი!"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები:

ფართი შოპი