"პროკურორებო, არ მოგბეზრდათ "ქართული ოცნების" აყროლებული საქმეების ,,გაპრავების" უსუსური მცდელობები?!"- ბექა ბასილაია

16 Oct 2018 01:48

ადვოკატი ბექა ბასილაია, "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის საშუალებით, ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და პროკურორებს მიმართავს.


"დღეს მოვისმინეთ პროკურატურის კიდევ ერთი უსინდისოდ ბრიყვული ვერსია სუბელიანის ჩანაწერებთან დაკავშირებით, მანამდე - ყიფიანის ზღაპრები, ხვალ კიდევ რაღაც იქნება და ა.შ.


ყოველგვარი პათეტიკის და მორალისტობის გარეშე, არ მოგბეზრდათ პროკურორებო, ყელში არ ამოგივიდათ?!


კორუფციის ჭაობში მოდგლაფუნე მაფიოზური სტრუქტურის - ქართული ოცნების აყროლებული საქმეების ,,გაპრავების" უსუსური მცდელობების არ გრცხვენიათ? 


ვიცი, რომ თქვენი უმეტესობა გულანთებული იდეალისტი იყო, რომ კანონის მსახურებისათვის მიხვედით პროკურატურაში და არა კრიმინალური სინდიკატის ხელისბიჭობისთვის.


შეუძლებელია, არ გაწუხებდეთ სინდისის ქენჯნა, როცა ხედავთ, რომ ნეპოტისტური, კორუფციული სისტემის დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებლებად იქეცით.


მეგობრებო, უარი თქვით მაფიოზური პირამიდის ჭანჭიკობაზე, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები, ფეხებსაც ვერ მოგჭამენ, ეს ძირგამომპალი სამარცხვინო სისტემა თითსაც ვერ დაგიქნევთ.


დაიჭირეთ პრინციპული პოზიცია კანონიერების სასარგებლოდ და დავალების მოცემასაც კი ვერ გაგიბედავენ. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, პოლიტიკური ინტერესი, აქ ხაზი პირად და პროფესიულ ღირსებაზე გადის.


ეხლა არის შანსი, ნამდვილ პროკურორებად იგრძნოთ თავი, პრინციპულ პროფესიონალებად, არა სტატუსის, არამედ საქმის გამო პატივსაცემ ადამიანებად.


მაგრამ თუ კვლავ კონფორმიზმის გზას გაყვებით, გახსოვდეთ, დღეს ვინც უკანონობას გავალებთ, ხვალ ჩვენებებს მისცემს თქვენს წინააღმდეგ."-წერს ბექა ბასილაია.


კომენტარები:

ფართი შოპი