ლელა გულედანი: აფხაზეთსა და ცხინვალში წარმოებულ პროდუქციას ქართულ და საგარეო ბაზრებზე წვდომის შეასაძლებლობა მიეცემა

14 Oct 2018 02:50

ოკუპირებული ქართული ტერიტორიები, საკონფლიქტით დაშორებული საზოგადოება და საკუთარ  ქვეყანაში დევნილად მცხოვრები ხალხი ( მიუხედავად იმ რეზოლუციებისა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაერომ დევნილთა დაბრუნების უფლების განსახორციელებლად მიიღო)... საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულებების სრული იგნორირება, ნაბიჯები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და უხეშად დარღვეული საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები, შელახული საკუთრების, განათლების, გადაადგილების და რაც ყველაზე მტკივნეულია სიცოცხლის უფლებები...  ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია.


სახელმწიფო ამბობს, რომ ეს გამოწვევაა, რომელსაც საქართველო მხოლოდ მოთმინებით უპასუხებს და ბრძოლა, რომელსაც განვითარებით მოიგებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას სხვა ალტერნატივა არ ააქვს და ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აუცილებლად ექნება შედეგი.


„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაა და იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას გულისხმობს. იდეა უდაოდ მომხიბვლელია, გაჟღერებისთანავე კარგად ჩანს, განხორციელების შემთხვევაში, რამდენად პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება და რამდენად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის საქმეში. მსგავსი ჰუმანიტარული მიდგომები: კონტაქტების წახალისება, გახსნილობა, დიალოგი  და სხვა პროაქტიული ნაბიჯები, პირდაპირ კავშირშია ხელშესახები სარგებლის მიღებასთან და სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ასვე კარგი საფუძველია საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის და სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად.


იდეას განხორციელება სჭირდება, რა ეტაპები უნდა გაიაროს სამშვიდობო ინიაციატივამ და როდის დადგება შედეგი? ამ საკითხებზე დევნილთა პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სპეციალისტი ლელა გულედანი ისაუბრებს.




_ქალბატონო ლელა, ვაჭრობა და განათლება, ნებისმიერი სახელმწიფოს  განვითარებისა და არსებობის 2 უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ამჯერად მინდა მხოლოდ ვაჭრობის ნაწილზე ვისაუბროთ. მოკლე ანოტაციის სახით, თქვენი აზრი ამ ინიციატივის შესახებ, რამდენად შესაძლებელი გახდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების აღდგენა და  საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება?


ლელა გულედანი: დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ მტკიცედ ვადგავართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას. ამ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენს აფხაზ და ოს მოსახლეობას, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, გვინდა შევუქმნათ შესაძლებლობები, ღირსეული ცხოვრების პირობები. გავუღვივოთ ინტერესი და დავანახოთ, რომ ჩვენთან ცხოვრება პერსპქტიულია. ეს არის, აბსოლუტურად ჰუმანიტარული პრინციპებზე აგებული ინიციატივა, სწორედ ამიტომ გადის ისეთ მგრძნობიარე სექტორებზე, როგორიცაა განათლება და ვაჭრობა.


_ვაჭრობა და მიმოსვლა დღესაც მიმდინარეობს, მართალია დაბრკოლებებით და მრავალმხრივი შეზღუდვებით, მაგრამ მაინც. რა შეიცვლება ამ ნაწილში? ასევე მაინტერესებს იქნება თუ არა ღია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციისთვის ღია ქართული ბაზარი და  ექნება თუ არა ამ პროდუქციას საგარეო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა საქართველოს უპირატესი საექსპორტო  შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში?


_ლელა გულედანი: გეთანხმებით,  ვაჭრობა და მიმოსვლა დღესაც მიმდინარეობს არასწორი ფორმებით, რაც მოსახლეობას აზარალებს. ახალი ინიციატივა გულისხმობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ან იმპორტირებული საქონლის მიწოდებას აფხაზეთსა და ცხინვალის  რეგიონში. აფხაზეთსა და ოსეთში წარმოებული პროდუქცია ასევე,  გავრცელდება ქართულ ბაზარზე და რა თქმა უნდა ეს პროდუქცია დაიშვება საერთაშორისო ბაზრებზე, ყველა იმ შეღავათიანი პირობებით, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ითვალისწინებს. ახალი სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების გამოსაყენებლად, მოწესრიგდება ისეთი საკითხები როგორიცაა,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ტვირთის გადაზიდვა, გადასასვლელი პუნქტების ფუნქციონირება, თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, შემაფერხებელი რეგულაციების და გადასახადების თავიდან არიდება დაა.შ. სულ 5 კომპონენტია 1. მომსახურება, 2. ინფრასტრუქტურა, 3. საშეღავათო რეჟიმი, 4. სავაჭრო ოპერაციები, 5. ფინანსური და საკანონმდებლო ინსტრუმენტები. წახალისდება გამოყოფი ხაზების გასწვრივ სავაჭროეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური და ერთობლივი ბიზნეს ინიციატივები.


_მოდი შევეხოთ პირადი ნომრით იდენტიფიკაციის ახალ გამარტივებულ პროცედურას. ეს დეპოლიტიზებული სტატუს მექანიზმი  ამარტივებს სავაჭრო ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობას და პროცედურა უფასოა. დავაკონკრეტოთ რეგისტრირებული პირის ახალი უპირატესობანი.


ლელა გულედანი: დავიწყოთ იქედან, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღებული დოკუმენტაციით იდენტიფიცირების პრაქტიკა მოქმედებს და ამ დოკუმენტაციით ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამაში ბევრი აფხაზეთში მცხოვრები უკვე ჩაერთო. ახალი გამარტივებული რეგისტრირება შესაძლებელია განცხადებით, როგორც პირადად, ასევე, ელექტრონული ფორმით აფხაზურ და ოსურ ენებზეც კი. პირადი ნომრით რეგისტრირებულს, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე შეეძლება აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, აიღოს გრანტი, მიიღოს განათლება, აიმაღლოს კვალიფიკაცია და ა.შ.  სია კიდევ გაფართოვდება.


_ საუბარია ერთიანი ეკონომიკური სიცრცის შექმნაზე გამყოფ ხაზებთან ახლოს. კონკრეტულად რა ლოკაციაზე განთავსდება, როგორი იქნება ინფრასტრუქტურა და რა სერვისები  დაინერგება?


ლელა გულედანი: აფხაზეთის მიმართულებით, ეს ლოკაცია იქნება სოფელი რუხის ტერიტორია, სადაც ენგურის ხიდია. ცხინვალის შემთხვევაში სოფელ ერგნეთთან, თუმცა დღეს სამწუხაროდ, ოსეთის მიმართულებით მხოლოდ ახალგორის გადასასვლელი პუნქტი მოქმედებს.

 

სპეციალური ეკონომიკურ სივრცეში განთავსდება საჯარო მომსახურების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლობა, იუსტიციის და შსს მომსახურების სააგენტოები, ბანკების ფილიალები, ინოვაციების და ტრენინგ ცენტრები, ყველაფერი რაც სავაჭრო ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას ან წარმართვას ესაჭიროება.  ცენტრის სიახლოვეს მოეწყობა მომსახურების ერთიანი ცენტრი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მსურველებს. აქ შესაძლებელი იქნება მეწარმის გამარტივებული რეგისტრაცია, საქონლის სერთიფიცირება ლაბორატორიული კვლევა, ექსპორტის დოკუმენტაციის გაფორმება, სანოტარო მომსახურება და ა. შ. ორ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. პირველი: ფიზიკურ პირად რეგისტრაციის შემდეგ ინდ. ნეწარმედ დარეგისტრირებულს უფლება ექნება ლეგალურად წარმართოს საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გახსნას ანგარიშები. მეორე, მათ შეეძლებათ მიიღონ გადამხდელის სპეციალური სტატუსი, რომელიც მისცემს უფლებას განახორციელონ საქმიანობა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით.


ვისი სახელით გავა საექსპორტო ბაზარზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ლელა გულედანი:  საერთაშორისო ბაზარზე ეს პროდუქცია გავა მხოლოდ საქართველოს სახელით. ვიმეორებ, ყველა იმ შეღავათიანი პირობებით, რასაც გაფორმებული საერთაშორო ხელშეკრულებები ითვალისწინებს.


_როგორც ვიცი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მოვაჭრეები არ საჭიროებენ რეგისტრაციას. როგორი იქნება აგრარული ბაზრისთვის გამოყოფილი სივრცე და რა უპირატესობა ექნებათ აქ მოვაჭრეებს? 

 

ლელა გულედანი: აგრარული ბაზარი იქნება მცირე სავაჭრო სივრცე. სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მშრალი და სამაცივრე საწყობებით. ანგარიშსწორება მოხდება სალარო აპარატების გარეშე.


რუხის სავაჭრო ცენტრთან ახლოს მოეწყობა ავტომობილების ბაზრობაც, ესეც შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ განთავსდება მრავალფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლებაში, ბიზნეს ინკუბატორი, რომელიც მეწარმეებს ბიზნეს წინადადებების და იდეების რეალიზებაში გაუწევს დახმარებას. ასევე, შესაძლებელია რუხის სიახლოვეს და სოფელ ერგნეთთან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განთავსება. თიზის სივრცეში დარეგისტრირებულებზე გავრცელდება  სპეციალური  საგადასახადო შეღავათები ექსპორტის მარტივად განსახორციელებლად.


ზოგადად ეს არის კომპლექსური  ღონისძიებები, დეტალურად  გაწერილი გეგმით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც. ევროკავშირის და სხვა პარტნიორების დახმარებით შემუშავების პროცესშია და ამოქმედდება დამატებითი ჰუმანიტარული და საგრანტო პროგრამებიც. აფხაზეთსა და ოსეთში კონტრაქტორი  ორგანიზაციების მეშვეობით შესაძლებელი გახდება გახარჯული თანხების მიზანშეწონილობის გაკონტროლება.


_ განხორციელების რა ეტაპზეა ამჯერად ინიციატივა. არსებობს თუ არა სამოქმედო გეგმა? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ეს მექნიზმები პრობლემების  დეპოლიტიზებას და უზრუნველყობს ჰუმანიტარულ ჭრილში მოგვარებას?


ლელა გულედანი:  ეს ახალი ინიციატივაა. ინიციატივის ამოქმედებას სჭირდებოდა საკანონმდებლობაზის მოწესრიგება. 8 სხვადასხვა კანონსა და კანონქვემდებარე აქტში შევიდა შესაბამისი ცვლილებები. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, დაიწყება მისი განხორციელებაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიაში არის ის რომ გამყოფი ხაზების ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა ერთმანეთთან დიალოგის და თანამშრომლობის საშუალება. პირდაპირი კონტაქტები ძალიან ბევრს ნიშნავს. ხელოვნურად გაღვივებული შუღლით დაშორებულ ადამიანებს შეეძლებათ ერთად განიხილონ  პრობლემები, დასახონ გეგმები, გამოკვეთონ  საერთო ინტერესები და ერთად იზრუნონ ხვალინდელ დღეზე. შეუძლებელია იდეამ შედეგი არ მოიტანოს. ვფიქრობ, სხვა სამშვიდობო ინიციატივებთან ერთად,  ეს ღონისძიებები აღადგენს ნდობას და აფხაზეთს, ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დღეს არსებულ პირობით გამყოფ ხაზებს საბოლოოდ წაშლის.


ავტორი: ცირა ჟორჟოლიანი

კომენტარები:

ფართი შოპი