"ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობთ არაფერს ჩვენსას"- აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე

11 Oct 2018 11:19

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონის გახსნაზე მწერალი აკა მორჩილაძე სიტყვით გამოვიდა. On.ge აკა მორჩილაძის გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ:


მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ ისაა, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა პატივი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო წარმოდგენილი. მე არ დავიწყებ სადა ვართ, როგორ ვართ, რატომ ვართ და ა.შ


მე კიდევ რაზე ვფიქრობ, იცით... არსებობს დავიწყებული კულტურები, არსებობს, ასევე, კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე.


მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ, ასევე, ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. სიმართლე გითხრათ, ეს ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და შეგიძლია ამაზე თქვა ორი სიტყვა, არც განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა.


ეგებ რაღაც შორეული, უცნობი კულტურა არაფერს ნიშნავდეს სამყაროს უმრავლესობისთვის, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს "რაღაცას" ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის იმიტომ, რომ სიცოცხლესაც ნიშნავს.


აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში კიდევ ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა. მარტივი რაღაცებით, თუნდაც ანბანით, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ.


ეს არის, ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა, ძლიერი კულტურა და ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.


ასეთი ისტორიაა საერთოდ, ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა.


მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, არ არის აქ ამის ადგილი, დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ 1 500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2 000-ის, 2 500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და რა არა. როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.


აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს, ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.


ეს არის ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე ეს პატარა რაღაც ჩანაწერი. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ მიხვდები იოლად, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.


თქვენ იცით, რომ ჩვენი ამ კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები.


მე მაქვს ჩვენს ამბავთან სრულიად არამეცნიერული შეხედულება. ეს ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ. ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.


საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობთ არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.


ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა საქართველოში ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა ფიქრი... ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეინახება.


უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია, დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.


სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა, კიდევ უფრო მაღალია.


სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს, გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.


პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ ოცსაუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას. საოცარი ამბავია, შექსიპრზე თეორიები რომ არის ვიღაც ლორდები იყვნენ, წერდნენ შექსპირის მაგივრად და მალავდნენ, რადგან სირცხვილი იყო. ჩვენ გვყავს უამრავი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია. მათი პირველი სახელიც არის პოეზიით და არა მათი პოლიტიკით.


საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა ჩვენი ოცნებაცაა და ა.შ.


ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.


როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს, თავის შემოქმედებას ან რაღაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას რაღაცნაირად მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი.




loading...

კომენტარები:

ფართი შოპი