ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც უცხო ქვეყანაში ატარებს მაისურს, რომელზეც გურამ გაბესკირიაა გამოსახული - ციკლიდან: ადამიანები საქართველოდან

28 Sep 2018 02:09

ასე გადაწყდა: 


საინფორმაციო პორტალი "მხარე", დღეიდან, ქართველ ემიგრანტებზე გიამბობთ. გიამბობთ მათ ყოფაზე, საქმიანობაზე, გატაცებებზე, ღირებულებებზე - რომლებითაც სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ... რითაც სუნთქავენ და ხედავენ... გაგაცნობთ მათ ისეთ თვისებებს, რომლებიც  სხვა თანამემამულეებისაგან გამოარჩევთ და საინტერესოს ხდით... 


27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღეა, შესაბამისად, ამჯერად, ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, დილარი  ლიპარტელიანი უნდა გაგაცნოთ. ის, 33 წლის სპორტსმენია, 90-იანელი ახალგაზრდაა, რომელსაც აფხაზეთის ომი ისტორიული მეხსიერების დონეზე ახსოვს, თუმცა, უკვე მეორე წელია, ატარებს მაისურს, რომელზეც ბევრი მისი თაობის ახალგაზრდისთვის უცნობი მამაკაცია გამოსახული. ეს "უცნობი" მამაკაცი, გურამ გაბესკირიაა.


ქვემოთ მოყვანილი მოკლე ბიოგრაფია მათთვისაა, ვინც არ იცის, ვინ იყო გურამ გაბესკირია:


გურამ გაბესკირია, სოხუმის უკანასკნელი კანონიერი მერი იყო, რომელიც 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. 


ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: „არასდროს ჩემს სიცოცხლეში!“ (რუს. Никогда в жизни!).


ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. 2005 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა მალკოლმ ლინტონმა თბილისის არტ-გალერეაში მოაწყო მის მიერ აფხაზეთის ომის დროს გადაღებული ფოტომასალების გამოფენა, სადაც გურამ გაბესკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ ცხედრებს (ჟიული შარტავასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად) შორის ამოიცნო მამამისი, რომელიც აშკარად ჩანს ერთ-ერთ ფოტოსურათზე.


2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.


დილარისთვის, გურამ გაბესკირია მაგალითია, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, შენი ქალაქი... ამიტომ ატარებს ის, მაისურს გურამ გაბესკირიას ფოტოთი. ის იცნობს, მას ახსოვს და უცხო ქვეყანაში, სხვა ქვეყნის შვილებსაც აცნობს მის ვინაობას და თავდადებას...


ასეთ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყანა და გურამ გაბესკირიასა და მის მსგავს ეროვნულ გმირებზე, რა თქმა უნდა!


კომენტარები:

ფართი შოპი