„განმკითხველი სული სუფევს მასმედიაში, პოლიტიკაში და ჩვენს ყოფიერებაში. ისეთ სიტყვები მოდის, რომ ადამიანს გულს გაუხეთქავს“- ინტერვიუ ბესიკ კაიშაურთან

ინტერვიუ 20 Jul 2022 18:35

 საქართველოს ერთ პატარა ქალაქში, გორში მცხოვრებ ადვოკატზე  უნდა გიამბოთ. ის ყოფილი მოსამართლეა, პირმოურიდებელი, ქრისტიანულ ცნობიერებაში დაფესვიანებული და არა - უბრალოდ, მხატვრული ლიტერატურის მოყვარული. 


ლიტერატურაზე, ქრისტეცენტრულობაზე, ფიქრის, აზროვნების პროცესში გადავარდის ტკბილ შესაძლებლობაზე და ადამიანობაზე, რომელიც ჩვენს უპრიმიტიულეს დროებას საგრძნობლად აკლია საჯარო მმართველობის დოქტორს, 12 წიგნის ავტორს ბესიკ კაიშაურს ვესაუბრეთ:


_დოჩანაშვილის მოთხრობაში „საქმე“, ნათქვამია, რომ მსოფლიოში იმდენივე მკითხველია, რამდენიც წერა-კითხვის მცოდნე... არსებობენ მკითხველები, რომლებიც განურჩევლად ყველაფერსა ბოლომდე ჩაარიხირხებენ; მკითხველები, რომლებიც ღამით სისტემატურად კითხულობენ ნახევარ გვერდს, რათა სწრაფად დაიძინონ; მკითხველები, რომლებიც მხოლოდ ნათესავთა, ამხანაგთა, მეზობელთა დაწერილ წიგნებს კითხულობენ.  - როგორი უნდა იყოს მკითხველი, რომელიც წაიკითხავს თქვენს რომანს "საფარქვეშ?"


_ყოველ შეთხვევაში არ უნდა იყოს ის მკითხველი, რომელიც  დაძინების გამო კითხულობს წიგნს. ჩემი სურვილი აქაც და მერეც არის ის, რომ  ადამიანში მოვახდინო  ცნობიერებითი ტრანსფორმირება, დავაფიქრო გარკვეულ საკუთხებზე, მაგალითად -  ქრისტოცენტრულობაზე, ღმერთთან ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, რომ სურვილი გაუჩნდეს ადამიანს   ღვთის საფარქვეშ ყოფნისა. მე, როგორც მწერალი და ადამიანი  ვცდილობ, რომ სხვასაც დავანახო ჩემი პოზიცია და თუ მიიღეებს - კარგი, თუ არა, ღმერთმა აპოვნინოს ის გზა, რომელიც აცხონებს.


_დაფიქრება, გაკვირვება, რომელიც სრულდება კიდევ უფრო დიდი გაკვირვებით. მუდმივი ინტრიგა განვითარებისა.  როგორი მუხტია საჭირო, რომ მკითხველი დაფიქრდეს, დაჩრდილოს საკუთარი თავი. რა არის საჭირო ამ დაჩრდილვისთვის?


_ჩემთვის დაფიქრება და ფიქრი ზოგადად დაკავშირებულია ისევ და ისევ  გაცნობიერებასთან.  ბოლო ხანებში ამ გაცნობიერებამ  დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში და ვაპირებ დავწერო წიგნი „ქრისტოცენტრული გაცნობიერება“. ამ პოზიციიდან მინდა შევხედო  რამდენად მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია  ქრისტოცენტრული გაცნობიერებით ჩვენი საქმიანობა და ურთიერთობა. გაცნობიერების გარეშე,  თუნდაც ეკლესიაში იყოს ადამიანი ან ნებისმიერ საქმიანობაში, ის არის რობოტი ადამიანის მდგომარეობაში, რომელიც მისდევს მოდას  და თვითონ კი არ იღებს ამას და ხარშავს თავში, არამედ მექანიკურად - მისდევს. ასეთი ცხოვრება ცხონების საწინდა არაა. ნებისმიერი საქმიანობა უნდა მოხდეს შენში და ხელახლა უნდა იპოვო რაღაც უცხო. 


_ქართულ ეკლესიას უკომპრომისოდ აკრიტიკებენ. შეიძლება თუ არა ამის მიზეზად ჩაითვალოს ის რომ ეკლესია ვერ იაზრებს ქრისტეს ინტელექტუალურ ძალისმხევას, თუ რამე სხვა პროპაგანდისტული ხერხები ერთვება ამ პროცესში?


_ჩვენი პატრიარქი,  არამხოლოდ ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, ეკლესიის ჯანსაღი ნაწილისგან, არამედ მსოფლიოს  სხვადასხვა ეკლესიების მხრიდან ცოცხალ წმინდანადაა აღიარებული. ესაა ადამიანი რომლის ლოცვაც ესმის უფალს. ჩვენი ეკელესია არ არის წამხდარი, თუმცა მასში არიან წამხდარი  სუბიექტები. არიან ფსევდო ლიბერალები, რომლებიც იმ წესებს ებრძვიან რა წესებიც ჩვენი სულის გადამრჩენელია.


_რის შესახებაა წიგნი „საფარქვეშ“ და სად ეპატიჟებით მკითხველს. წიგნის განსაზღვრებით სად არის საოცარი მისამართი ამ სამყაროში?


_ეს წიგნი მე დავწერე, როცა ყაზბეგში მოსამართლე ვიყავი. რეალურად სათაური თვითონ გიჩვენებს საითკენაც ვეპატიჟები მკითხველს ესაა - ქრისტეს საფარქვეშ. რას ნიშნავს ეს ქრისტეცენტრულობა.  ქრისტოცენტრულობა არსებობის ყველა ელემენტთან გვერდზე დგას . ქრისტოცენტრული - ოჯახი, საქმიანობა.  წიგნში მკითხველის მიპატიჟება ნიშნავს, რომ ამ აზროვნებით მიუდგეს ურთიერთობებეს და ჰპოვოს ადგილი უფლის საფარქვეშ.


_შეუძლია თუ არა  მკითხველს  შეცვალოს ნაწარმოების მდინარება, წინ აღუდგეს მწერლის დიქტატურას და წამოაყენოს თავისი ინტერპერსონალური პრეტენზიები იმის გააზრებით, რომ  ავტორს ერთპიროვნული ძალაუფლება არ უნდა მივანიჭოთ. 


-არჩევანის უფლებას თვით ღმერთი გაძლევს. შენ თავისუფალი ხარ აბსოლუტურად და სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის უპირატესობა. მზეს მხოლოდ შეუძლია ანათოს და ადამიანს შეუძლია  ჰქონდეს არჩევანი. სწორედ ის ავტორია კარგი, რომელიც სხვა შესაძლებლობებსა და ხედვებს ბადებს. ინტერპრეტაციის პირობებში ადამიანი ვითარდება. მისი განვითარება დისკომფორტულ ზონაშია. თუ მე შევქმნიდი გარემოს, სადაც  ის დისკომფორტს იგრძნოს, დაბადებს საკუთარ თავს, იდეებსა და აზრებს. ამ დროს იბადება ადამიანი. ამას უნდა ემსახურებოდეს, მწერალი, მეცნიერი, პედაგოგი  და ეკლესია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის სინანულს. ისეთი სინანული, რომელიც ცვლილებებს აღძრავს.


_რა კმაყოფილების ხეპრული დამღა აზის ასეთი ჩვენს ახალგაზრდობას, რომ მხატრული ლიტერატურა არ უყვართ?


_იმ დიდ სიკეთეს, რაც მოიტანა ციფრულმა სამყარომ და ინტერნეტმა, აქვს თავისი უარყოფითი ნიშანსვეტი. მან ადამიანი წიგნსა და იმ ბედნიერებას დააშორა, რომელიც უშუალოდ  წიგნის სურნელის და მასზე ფიქრის  საშუალებას გვაძლევდს. მიუხედავად ამისა წიგნს მაინც აქვს თავის ფასეულობა. ისეთი რომ აღარაა ეს ცუდია. ინტერნეტი ცდილობს მზამზარეული ინფორმაცია მოგაწოდოს. ადამიანი დებილდება, როცა ფიქრს აღარ იწყებს.


_დრო რომელიც დავკარგეთ, ალბათ ბევრი ფიქრობს ამაზე და როგორ უნდა ავინაზღაუროთ ეს?


_ანაზღაურება არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, მაგრამ შეიძლება დროისადმი გაგვიჩნდეს ძმობა ჩვენ არ ვიცით დროის გაფრთხილება. არ შეგვიძლია თითოეულ წამს გავუფრთხილდეთ. გააჩნია რა მიზანი მამოძრავებს, თუ ჩემი მიზანი არის ის რომ ვცხონდე მე აქედან მიადვივლდება იმის თქმა, რომ  ვუფრთხილდები თუ არ ვუფრთხილდები ამ დროს.  დროის ფაქტორს განაპირობებს შენი ფასეულობები. როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ფასეულობა ქრისტოცენტრულობაა ამით მოხდა დროის ანაზღაურება.


_როგორ უნდა გახდნენ ადამიანები  უკეთესები. ისეთები, რომლებიც შექმნიან საზოგადოების პოლიტიკურ სისტემას, სადაც არ იქნება არანაირი ავტორიტარული თუ დიქტატორული ხდომილება.


-ეგოიზმის მდგომარეობაში როდესაც შედიხარ ცხოვრების ასპარეზზე და ცდილობ შენი თავის გარდა ყველაფერი შეეცვალო არ გამოგივა. მთავარია, საკუთარი თავის შეცვლა, რომელიც შემდეგ მოგცემს იმის საშუალებას, რომ შენს გარშემო ყველაფერი შიცვალოს.  საკმარისი არაა პიროვნული განვითარება, თუ დაცემული მე არ შეიმოსა ქრისტეს სამოსელით. გაწმენდილი გულით უნდა აკეთო შენი საქმე.


_რა არის საჭირო იმისთვის, რომ  ჩვენს საზოგადოებაში ღრმად დამკვიდრებული კმაყოფილების, შეგუების გრძნობა, განცდა ცნობიერების ველს გასცდეს. - სასოწარკვეთილებამდე მისაყვანი აუცილებლობა თუ რამე სხვა? 


_შეიძლება გაიღვიძოს რაღაცამ მხოლოდ იმ შემთხვავში, თუ შენ არ გააცნობიერე, არ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ მთავარია ღვთისშვილობა. კმაყოფილება დიდი ბოროტებაა. განვითარება დისკომფორტშია. სპეციალურად უნდა შეუქმნა შენს თავს დისკომფორტი  და უკმაყოფილება, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგა.


_უკმაყოფილების გრძნობა?


_აი დავჯდე და ვთქვა, აგერ სადოქტორიო დავიცავი, ხალხი  პატივს მცემს, შენ თუ ამით დაკმაყოფილდი პატივმოყვარეობა შეგიპყრობს, შეაჩერებს იმ შენს წარმატებას, რომელმაც აქამდე მოგიყვანა. ამიტომ  განსაცდელებია საჭირო, რომ უკმაყოფილება გქონდეს. თუ პრობლემას, როგორც ამოცანას ვუყურებთ  მაგ შემთხვევაში  უკვე განვითარებისკენ გიბიძგებს პრობლემა გეუბნება, რომ გადასაჭრელია რაღაც.


_არსება არის ჩვენი, როგორც ინდივიდუალური საგნის უცვლელი საფუძველი მუდმივ ცვალებადობაში?


_ამქვეყნიური შეხედულებით დარჩება  ჩვენი ნაღვაწი. ამისკენაა მიმართული ადამიანი, რომ თავისი შთამომავლობა დატოვოს. რაღაც კვალი, შემოქმედებითი მუხტით. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მხოლოდ აქ მთავრდება,  ამქვეყნიურ ცხოვრებაში ეს ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის საკმარისი არაა. ამ ქვეყანაზე თუ დავამთავრე ჩემი ცხოვრება და მე არ მოვემზადე გარდაცვალებისთვის, არ გადავედი სინათლეში, ჩემთვის უკმარისობის დიდი განცდა გაჩნდება. კარგია, როცა ტოვებ კვალს და ეს კვალი ეხმარება სამყაროში  ვიღაცას. აი, მე  წმინდა ახალმოწამე შიო კაიშაურის შთამოომავალი ვარ და მისი ამქვეყნიური კვალი  ახლაც მონაწილეობს ჩემს აღმზრდელობაში.


_ბოლოს ის რაც ყველას აწუხებს:  რატომ არ ეკიდებიან დიდი სიფაქიზითა და რუდუნებით სიტყვებს, რომელსაც ყველაფერზე ზეგავლენის შესაძლებლობა აქვს. 


_უფალი ამბობს: შენი სიტყვები გაცხონებს და შენი სიტყვები განგსჯისო. ძალიან სწორი შენიშვნაა. სიტყვები ხშირად დიდი ტკივილს იწვევს. იგი მატერიალიზებადია.  სიტყვების მიმართ დიდი სიფრთხილე გვმართებს. მისი შერჩევა და  სწორად თქმა. ამ სწორად ნათქვამ სიტყვას თუ შინაგან გრძნობას გამოვაყოლებთ, მართლაც შეიძლება ადამიანზე საოცარი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და გადაარჩინოს იგი.  დღეს ვუსმენდი მამა გიორგის სიტყვას, ასეთი რაღაცა თქვა, რომ ახლა ჩვენში ტრიალებს განმკითხველი სული და არა გულმოწყალე სული. გულმოწყალე სული ცდილობს ადამიანის გადარჩენას. როცა გულმოწყალეა ადამიანი თვითონ მისი სიტყვები, მიმართულია ადამიანის გადარჩენისკენ. განმკითხველი სული არის მასმედიაში, პოლიტიკაში და ჩვენს ყოფიერებაში. ისეთ სიტყვები მოდის აქედან,  რომ ადამიანს გულს გაუხეთქავს. ამიტომ გულმოწყალე სული უნდა დავნერგოთ ჩვენს ურთიერთობებში და პოლიტიკაშიც.


ავტორი: გიორგი ლომსაძე

კომენტარები:

ფართი შოპი