საქმიანი ქალი, რომელიც „ნაცრისფერ ქალაქს“ აფერადებს - მარიამ ცხოვრებაშვილის ისტორია

განსაკუთრებულობისადმი მიდრეკილებას სკოლის ასაკიდან ავლენდა. მაღალ კლასებში საკუთარი ხელით შეკერილი ან გადაკეთებული სამოსით დადიოდა. სტუდენტობისას, ადგილობრივ ტელეკომპანიაში მუშაობდა და იმის გამო, რომ ხელფასი არ ჰყოფნიდა, დამატებითი შემოსავლისთვის კომპიუტერების ოთახებს ალაგებდა. აღებულ თანხას სტიპენდიიდან აღებულ თანხას ამატებდა და ქსოვილებს და სხვა აქსესუარებს ყიდულობდა, რომ განსხვავებულად ჩაეცვა. განსაკუთრებულობისადმი სწრაფვა საქმის სიყვარულად ექცა და დღეს „ნაცრისფერ ქალაქად“ წოდებულ ტყიბულს აფერადებს, დღეებს ულამაზებს ტყიბულელ ქალბატონებს.


მისმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, დღეს უკვე სხვებს ასაქმებს და ასწავლის. აიხდინა ყველა სურვილი და მის მიერ შეკერილი სამოსით არამარტო ტყიბულში და  საქართველოს ყველა რაიონში, არამედ უცხო ქვეყნებშიც იმოსებიან.


რა გზა გამოიარა წარმატებემდე? - საინფორმაციო პორტალი „მხარე“ მარიამ ცხოვრებაშვილის ისტორიას მოგიყვებათ:



ბავშვობა

დაიბადა და გაიზარდა მესხეთის ულამაზეს ქალაქში, ახალციხეში. ახალციხის ნომერ პირველი ბაგა-ბაღი და მეხუთე საშუალო სკოლა დაამთავრა. როგორც გვიყვება არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო.


„ყოველთვის მიმალული ვიყავი, ჩემთვის... არც შეძლებული ოჯახიდან ვყოფილვარ, რომ ვინმეს ყურადღება მოექცია, როგორც ეს ადრე იყო ხოლმე... თუმცა, მქონდა ჩემი პატარა ოცნებები. 


ჩუმად ვუყურებდი ბებიის ფუსფუსს საკერავ მანქანასთან და ვოცნებობდი მოდელობაზე ან დიზაინერობაზე. მქონოდა ჩემი მოდის სახლი. სწორედ აქედან დაიწყო ფიქრი კერვაზე და პირველად 6 წლის ასაკში შევკერე პატარა კაბა ჩემი თოჯინისთვის. რომ გითხრათ, რომ იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ჩემ ოჯახს ეკონომიურადთქო, არ იქნება მართალი, თუმცა, არც იმდენი იყო, გამორჩეულად რომ მცმოდა, ამიტომ უკვე ცოტა მაღალ კლასებში ჩემი შეკერილით და გადაკეთებული სამოსით დავდიოდი. ცოტა მოგვიანებით კი, სტუდენტობისას სულ ჩემი შეკერილით.“- გვიყვება მარიამი.

 


სტუდენტობა 

იმერეთის პატარა ქალაქ ტყიბულში ცხოვრობს. დიდი და ლამაზი ოჯახი აქვს. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.


ოჯახის შექმნამ განაპირობა დროებით ჩემ საქმიანობაზე უარის თქმა, თითქმის მივივიწყე კერვა, არც იყო ამის დრო, არც საკერავი მანქანა, არც რაიმე საშუალება, გვიჭირდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ იმ პერიოდშიპოლიციაში დაიწყო მუშაობა, მაინც... არ იყო ხელფასი. ეს იმ პერიოდის მტკივნეული თემა იყო.“- აღნიშნავს მარიამი.


ოჯახი

იმერეთის პატარა ქალაქ ტყიბულში ცხოვრობს. დიდი და ლამაზი ოჯახი აქვს. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.


„ოჯახის შექმნამ განაპირობა დროებით ჩემ საქმიანობაზე უარის თქმა, თითქმის მივივიწყე კერვა, არც იყო ამის დრო, არც საკერავი მანქანა, არც რაიმე საშუალება, გვიჭირდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ იმ პერიოდშიპოლიციაში დაიწყო მუშაობა, მაინც... არ იყო ხელფასი. ეს იმ პერიოდის მტკივნეული თემა იყო.“- გვიყვება მარიამი.


ფოტოზე: მარიამ ცხოვრებაშვილი ოჯახთან ერთად

საკუთარი საქმე 

კერვა 2008 წელს დაიწყო. კერავდა სახლში, ნათხოვარი ხელის საკერავი მანქანით.


„თავიდან ტანსაცმლის გადაკეთებით დავიწყე, თუმცა, მალევე დავიწყე ახლების შეკერვაც. ვკერავდი განსხვავებულად და ამან განაპირობა მომხმარებლის მოზიდვა. 


2012-ში მეუღლე სამსახურიდან გამოუშვეს, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა... ხუთი შვილით დავრჩით, ფაქტობრივად, ფინანსური სახსრების გარეშე. გართულდა სამსახურის მოძებნაც. შემდეგ იყო სხვადასხვა სახის სამუშაოები. მშენებლობები... ხელფასის დაგვიანება... ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, მეგობრების და ახლობლების მხარდაჭერით გატანილი. მაშინ მივხვდი, რომ მეუღლეს რაღაცნაირად უნდა დავხმარებოდი და 2015 წელს ვიქირავე პატარა ფართი, დავრეგისტრირდი მეწარმედ და ასე დაიწყო ჩემი წარმატების ისტორიაც...


ფოტოზე: "მარიამის ატელიეს" ფეისბუქ გვერდი

იმის გამო, რომ მომხმარებელი უამრავი იყო და მათ სრულყოფილი პროდუქცია სჭირდებოდათ, დავწერე ბიზნეს გეგმა პროგრამისთვის „აწარმო საქართველოში“ და მოვიპოვე გრანტი, რომლითაც შევიძინე ყველა სახის საჭირო ტექნიკა ჩემი საქმიანობისთვის, რამაც შრომა შემიმსუბუქა, დრო დამიზოგა და რაც მთავარია, სრულყოფილი ნაწარმი შევთავაზე მომხმარებელს. 


შემდეგ, უკვე, შევიძინე საკუთარი ფართიც, მოვიგე მეორე გრანტიც. ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს 


ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობდა ხელს. ამ გრანტით დავამატე კიდევ ის ტექნიკა და ბრენდირება, რაც მანამდე არ მქონდა და უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდე. იცით რა შეგრძნებაა, როდესაც აბედნიერებ მომხმარებელს და შენც წარმატებული მეწარმე ქალი ხარ?! ბავშვობის ოცნება რომ მქონოდა, ჩემი მოდის სახლი, ავისრულე და ეს მიმალული ბავშვი წარმატებულ მეწარმე ქალად ვიქეცი.


ფოტოზე: "მარიამის ატელიეს" ბრენდირება

იცით? ტყიბულს ხშირად ნაცრისფერ ქალაქად მოიხსენიებენ, მე კი ამ ქალაქში ჩემი ფერები შემაქვს, ვაფერადებ და ვულამაზებ დღეებს აქაურ ქალბატონებს. მიხარია, რომ ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, დავასაქმე ორი ადგილობრივი ქალბატონი და მყავს მოსწავლეები ეტაპობრივად. ამ პერიოდში ჩაფიქრებული ყველა სურვილი ავიხდინე, ჩემი შეკერილი სამოსით არამარტო ტყიბულში, არამედ, საქართველოს ყველა რაიონში იგზავნება და ასევე, გადის ინდივიდუალურად საზღვარგარეთაც. გაკეთდა რამდენიმე სიუჟეტი და დაიწერა სტატიებიც. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო ერთ დროს მიმალული პატარა გოგონასთვის...“- იხსენებს მაირიამი.


სამომავლო გეგმები

გვესაუბრა სამომავლო გეგმებზეც:


„ყველაზე მეტად მინდა დიდი დეფილეს მოწყობა ტყიბულის რომელიმე მიტოვებული შენობის ფონზე, რომელსაც ჩემი კაბები გააფერადებს და ამასაც აუცილებლად ავუსრულებ ჩემ თავს, მოვიწვევ სტუმრებს და იქნება გადაღებაც. ეს იქნება პირველი ამ სახის ღონისძიება  პატარა ქალაქში, რომელიც აუცილებლად განმეორდება და დაიწერება პრესის ფურცლებზე...“- აღნიშნავს მარიამი.


პასუხისგებლიანი მეწარმე ქალი

„როგორია პასუხისმგებლიანი მეწარმე ქალი - ძლიერი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია გამბედავი. მე ხომ მრავალშვილიანი დედა ვარ და სხვაგვარად ვერც ვიქნებოდი. იყო მრავალშვილიანი დედა და თანაც მეწარმე ქალი - ამით ყველაფერია ნათქვამი, მთავარია გჯეროდეს შენი ძალების. მე ეს შევძელი და შეძლებთ თქვენც!“ - გვეუბნება მარიამი.


მიღწევები

ცხოვრებისეული პრობლემები და გამოწვევები მიღწევებად აქცია.


„2018 წელს შემთხვევით გავიგე, რომ მქონდა ანევრიზმა თავში, რაც სასწრაფო ოპერაციას მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგები, რომელიც აუცილებლად უნდა გამევლო, ანევრიზმა კი იმხელა დაბრკოლება აღმოჩნდა, რომ ხელი უნდა ჩამექნია გრანტზეც კი... თუმცა, დრო მოვუგე ანევრიზმას. ტრენინგებიც გავიარე, ოპერაციის წინა დღეს გადავაგზავნე ბიზნეს გეგმა, ოპერაციიდან მეხუთე დღეს გავედი გასაუბრებაზე კომისიასთან და განიხილეს ჩემი ბიზნესგეგმა და მომდევნო დღეს, უკვე, ორმაგად გამარჯვებული დავუბრუნდი ოჯახს, ანევრიზმადამარცხებული და გრანტით გახარებული.“- გვიყვება მარიამი.


პანდემიის პერიოდმა, ისე როგორც სხვა ბიზნესებს, მარიამის ატელიესაც შეუქმნა პრობლემები.


„გაუქმდა ყველა წინასწარი შეკვეთის სია, თუმცა, ცვლილებებს მარტივად შევხვდი, დავიწყე პირბადეების წარმოება, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად დეფიციტური პროდუქტი იყო, წარმოება საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორიის სერთიფიკატი მიიღო. შეკვეთებს ძლივს ავუდიოდი. პანდემიის პერიოდში, ასევე, შევთავაზე მომხმარებელს უკონტაქტოდ კერვა, რომელმაცათ დამატებითი კომფორტი შეუქმნა, მე კი დამატებითი შემოსავალი. ვფიქრობ ბიზნესის წარმატებაც სწორედ ესაა, როგორ მოერგები ცვლილებებს და შეძლებ მათ ადაპტირებას. პანდემიის პერიოდში ატელიე რომ დამეკეტა, შემდგომ უკვე ვეღარ იარსებებდა ჩემი ბიზნესი, ამიტომაცაა გამბედაობა საჭირო,მე გავბედე და გაბედე შენც...“-იხსენებს მარიამი.


ფოტოზე: მარიამ ცხოვრებაშვილის ნამუშევარი


განსაკუთრებული მადლობა 


სამადლობელი ბევრი აქვს:


„პირველ რიგში მადლობა მეუღლეს, ასეთი მხარდაჭერისთვის, ის ჩემი საყრდენია, მაძლიერებს და მეხმარება...


მადლობა ჩემ შვილებს, რომ ასეთი გაგებით ეკიდებიან იმ დროის დაკარგვას, რომელსაც მათ ვაკლებ და სამსახურში ვდებ... 


მადლობა მათ, ვისაც არ სჯეროდა პატარა მიმალული გოგონასი და ფიქრობდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მათ მომცეს მოტივაცია, რომ დღეს მე წარმატებული მეწარმე ქალი ვარ... 


უღრმესი მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას და ფერმერთა ასოციაციის, ქალები მომავლისთვის 


ყველა წევრს, მათ დაგვაჯერეს, რომ ჩვენ, მეწარმე ქალები ვქმნით ეკონომიკურ დოვლათს საქართველოში... 


უღრმესი მადლობა, რომ ის ყველა დღე გაგვილამაზეს...


მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს, რომელიც მენდობა...


და კიდევ უამრავი მადლობა ყველას.“- აღნიშნავს მარიამი.


ფოტოზე: მარიამ ცხოვრებაშვილი ნათხოვარი საკერავი მანქანით :)


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს მარიამ ცხოვრებაშვილს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ,  ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მოტივაციის წყაროდ იქცევა.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი