რამაზ საყვარელიძე: ნაციონალური მოძრაობის დაშლა დაწყებულია

პოლიტიკა 03 Jan 2022 21:44

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ შიმშილობის გადაწყვეტილება კავშირშია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებთან, რასაც პოლიტიკური ანარეკლი ჰქონდა. თუმცა, არის იურიდიული მხარეც - შეუძლია სახელმწიფოს ერთი უწყება ორად გაყოს? ცხადია, შეუძლია. ამის იქით ვინ იგულისხმებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას და ვინ არა, ეს რიტორიკაა და იურიდიული ბარიერი არა აქვს. ჩემი აზრით, ამ კამათს უნდა ჰქონოდა უფრო საქმიანი სახე და არგუმენტირებული ყოფილიყო ამ ინსტიტუტის ამ სახით არსებობის აუცილებლობა. რაზეც აპელირებს ოპოზიცია, რომ ამ ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა და ამიტომ აუქმებენ უწყებას, საკმარისი არ არის. შეუძლია გაუქმება და გააუქმა, დანარჩენი უკვე დაბრალებაა. უპრიანი იქნებოდა ოპოზიციას სახელმწიფოს მშენებლობის საკანონმდებლო ტიპის მოდელით ეხელმძღვანელა და დაემტკიცებინა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ის ფორმაა მისაღები, რაც იყო და ამ ორი ფუნქციის გაყოფა დაუშვებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.


“რამდენიმე ეტაპზე ყველას გაგვიჩნდა კითხვა - “ნაციონალებს” პარლამენტში შესვლა არ სურთ იმიტომ, რომ პარლამენტში ვერ იმუშავებენ და იქიდან ვერ მოახერხებენ ოპოზიციური ფლანგის გაშლას, თუ არ სურთ ამის გაკეთება. ეს საკითხი ფიგურირებდა მანამდე, სანამ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო. შეიყვანეს ოპოზიცია პარლამენტში და ახალი არაფერი მოხდა, ოპოზიციის საპარლამენტო ფრონტი არ გაიშალა, ეს მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციას ამ ხერხების გამოყენების უნარი არ გააჩნია. თუკი ხელისუფლებას დათმობისკენ არაფერი უბიძგებს, მაშინ მხოლოდ შიმშილობით არაფერი მოხდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.


“რაც ყველაზე უარესია, ამ ნაბიჯით “ნაციონალები” საკუთარ თავს ჩიხში შეიყვანენ. ცოტა ხანში მათ დასჭირდებათ რაიმე მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც შიმშილობაზე უარს იტყვიან. პირველი შიმშილობის დროს ადამიანების ჯანმრთელობა გახდა ასეთი მოტივი. ახლა შესაძლოა არ იყოს მოტივი, ამიტომ ვერ ვხედავ აქციის დასრულების ისეთ გამოსავალს, რომელიც “ნაცმოძრაობას” მისცემდა საშუალებას, არ დაკარგოს სახე... რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლაზე მიუთითებს”- მიიჩნევს ანალიტიკოსი.


“ეს აქცია მოჰყვა თემურ ალასანიას მკაცრ შეფასებას - შეუძლებელი არ გააკეთესო, და პარტიამ გადაწყვიტა შეუძლებელი გააკეთოს. ეს კი ნიშნავს, რომ დაშლა დაწყებულია, რადგან ეს ეხება ამ პოლიტიკური ჯგუფის რომელიღაც ფენას. ეს არ არის საერთო-სახალხო, ასე ვთქვათ, ამ პარტიის ელიტის გადაწყვეტილება, გახდეს უფრო რადიკალური. ჩვენ ვახსენეთ ალასანია, რომელიც პარტიის ერთი შტოს გამოხატულებაა და როგორც ის უჩივის პარტიას, შეუძლებელს არ აკეთებთო, ალბათ, არის რაღაც ნაწილი, რომელსაც რადიკალიზმი დიდად არ მოსწონს. ეს კი დაშლას მოასწავებს”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.


წყარო: www.ipn.ge



კომენტარები:

ფართი შოპი