"მარიხუანა ვნებს ტვინის უჯრედებს, იწვევს ჰალუცინაციებს. სისულელეა, თითქოს, უვნებელია”- ზაზა ჩიქოვანი

23 Aug 2018 01:26

აკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოწევაზე ჯარიმა გააუქმა და ახლა მისი მოწევა, ფაქტობრივად, ლეგალური გახდა. ამასთან დაკავშირებით, “მეტრონომს” ნარკოლოგიური კლინიკა “ნიშატის” დირექტორ ზაზა ჩიქოვანი ესაუბრა.


ჩიქოვანის განცხადებით, მარიხუანა არის ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც იწვევს მიჩვევას და არ არის უვნებელი.


“მარიხუანა არის ნარკოტიკი და შეტანილია ნარკოტიკთა სიაში გაეროს კონვენციით, რომელიც განსაზღვრავს ამ სიას. ამ კონვენციას ჩვენ 2003 წელს მივუერთდით. ნარკოტიკი ნიშნავს იმას, რომ აქვს მიჩვევა. თვითონ ნივთიერება არის ფსიქოტროპული ანუ ცვლის აღქმას, ცვლის ფსიქიკურ განწყობას და ა.შ.  არავითარი დაყოფა არაა მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკის, ნარკოტიკი არის ნარკოტიკი.


ნარკოტიკი მედიცინაში ოდითგანვე გამოიყენება. იგივე მორფი ტკივილგამაყუჩებელია და საჭიროა. ასევე მარიხუანა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეულ შემთხვევებში, ექიმის დანიშნულებით. მაგალითად, პოლიართრიტის დროს და ზოგადად, ტკივილის გაყუჩების გამო. ასევე, მარიხუანა ამერიკის ზოგიერთ შტატშია დაშვებული. თუმცა, ის, რომ უვნებელია, სასარგებლოა და კიბოს არჩენს, ეს სისულელეა. ეს ისეთივე ნარკოტიკია, რომელიც შეიძლება, ექიმმა გამოიყენოს თუ საჭიროდ ჩათვლის. ხელაღებით ამის მოხმარება არ ხდება.


მარიხუანა ვნებს ტვინის უჯრედებს, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერება, ეს ნიშნავს, რომ მარიხუანა იწვევს ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღრევას. იწვევს ჰალუცინაციებსა და სხვადასხვა მოვლენებს. განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, სწავლაში ჩამორჩენას, გაფანტულობას და ა.შ.”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები:

ფართი შოპი