"სადაც კრიმინალები არიან, იქ თუ არ უნდოდა ყოფნა, ან დანაშაულს რატომ ჩადიოდა, ან ასეთი ფორმით რატომ ჩამოდიოდა?"- გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე

პოლიტიკა 27 Oct 2021 01:18

მესამე პრეზიდენტი ახლა არის, როცა პატიმარია? მესამე პრეზიდენტი არ იყო, როცა თავისი ქვეყანა შეარცხვინა და მოქალაქეობაზე უარი თქვა? მესამე პრეზიდენტი არ იყო მაშინ, როდესაც ქურდულად შემოიპარა ძალიან უცნაურად თავის ქვეყანაში?!-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლებას არც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა სურს და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.


სწორედ ამიტომ, მაჭარაშვილი სააკაშვილს ურჩევს, „ნუ შიმშილობს და საჭმელი ჭამოს“.


“ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია იქაც. რას აპროტესტებს?“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.


მაჭარაშვილის თქმით, გაურკვეველია, რა მიზანი აქვს სააკაშვილის შიმშილობას.


„რატომ ჯიუტობს სააკაშვილი და რატომ შიმშილობს? უბრალოდ ვკითხოთ მის ადვოკატებს ან თავად მას ადვოკატების მეშვეობით, რა მიზანი აქვს მის შიმშილობას? ჩვენ ეს ვერ გავარკვიეთ, პოლიტიკურ ნაწილს ვგულისხმობ რასაკვირველია. გვახსოვს ძალიან ბევრი მანიფესტაცია, მიტინგი, პროტესტი. შიმშილობაც პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ამ პროტესტს რაღაც მიზანი აქვს, მაგალითად, კონკრეტული პირის თანამდებობიდან გადადგომა ან მოთხოვნა რაღაცის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რატომაც აქვს პროტესტის ეს ფორმა 30 ოქტომბრამდე, სურს რაღაცნაირად საზოგადოებაში მუხტი აწიოს, სხვა რაიმე მიზანი ამას არ გააჩნია. ეს არის მისი ალოგიკური ქმედება. პოლიტიკურად ეს არის მისი არასწორი, არაადეკვატური, გაუგებარი ნაბიჯი. რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს, გამონაკლისიც კი დაიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, სადაც სამედიცინო პერსონალია ჩართული და მუდმივ მონიტორინგს ატარებენ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა მაჭარაშვილმა.


ის ფიქრობს, რომ შიმშილობის თემით „ნაციონალური მოძრაობა“ ემოციებზე თამაშობს.


„რას ნიშნავს კერძო კლინიკაში გადაყვანა, მერე შეწყვეტს შიმშილობას? ხომ ასე დაჟინებით ითხოვენ გადაყვანას?! ემოციებზე რომ თამაშობენ, ხომ კარგად ვიცით“,-განაცხადა მაჭარაშვილმა.


მისი თქმით, თუ სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ სურდა, არც დანაშაული უნდა ჩაედინა და არც ამ ფორმით ჩამოსულიყო ქვეყანაში.


„უკაცრავად, მაგრამ სადაც კრიმინალები არიან, იქ თუ არ უნდოდა ყოფნა, ან ამ დანაშაულს რატომ ჩადიოდა ან საერთოდ, ასეთი ფორმით რატომ ჩამოდიოდა საქართველოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი