ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს დაავალებს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის დაავალებს რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება.


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც ტიკარაძე განმარტავს, თუ აღნიშნული დაწესებულება არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და მისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული.


"საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყველა დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. 


უსაფრთხოებაზე მე ვერ ვისაუბრებ, აქ სხვამ უნდა გააკეთოს კომენტარი.


რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც ექიმების მხრიდან არის გაცემული, ეს არის დოპლერი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი, როგორც ვიცი რამდენიმე ხანში ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან მობილური დანადგარია, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს.


რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას. 


იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ რომელ ტიპს შეესაბამება კლინიკა, რა ხარისხის არის, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა, შესაბამისი დასკვნა დადოს კლინიკის მზაობის შესახებ და გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.


თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. 


ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული“ ,- აღნიშნავს ტიკარაძე.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს.


ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.



კომენტარები:

ფართი შოპი