სატრანსპორტო კომპანია ინტერ ტრანსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციას ეხმაურება

28 Jul 2018 18:20

სატრანსპორტო კომპანია "ინტერ ტრანსი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:


"მოგახსენებთ, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოადგენს კომპანიის ძირითად და უცვლელ პრიორიტეტს.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მგზავრებს ტექნიკურად გამართული ტრანსპორტი ემსახურება. რაც შეეხება მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის ტექნიკურად გამართულობის საკითხს.


გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია, თუმცა ხშირია კონდიცირების სისტემის მწყობრიდანგამოსვლის შემთხვევებიც.


ის მძღოლები რომლებიც გაგრილების სისტემას არ რთავენ, კომპანია მათ მიმართ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. ინტერ ტრანსის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე მძღოლის მიმართ ხდება საყვედურის გამოცხადება, განმეორების შემთხვევაში კი მათ რამდენიმე დღით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ეკრძალებათ.


რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებითი სავარძლების დემონტაჟის საკითხს, კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რამდენიმე მიკროავტობუსიდან უკვე განხორციელდა დამატებითი სავარძლების ამოღება. აღნიშნულის გამო კი მგზავრები მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომას ითხოვენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია და რასაც ასევე ეწინააღმდეგება კომპანია. აქედან გამომდინარე ხშირია მძღოლსა და მგზავრს შორის  დაპირისპირებებიც, მძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად მოქალაქეები ტრანსპორტში ფეხზე დადგომას მაინც ითხოვენ. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მგზავრთა ნაკადის შესწავლა, შედეგების დაზუსტების შემდეგ კომპანია დაიწყებს, მიკროავტობუსების დამატების საკითხზე მუშაობას.


ამ ეტაპზე კომპანიის შიდა კონტროლის სამსახურის მიერ დეტალურად ხდება თითოეული მგზავრის საჩივარის განხილვა, რათა მგზავრთა კომფორტული გადაადგილება მაქსიმალურად იყოს დაცული.


ინტერტრანსი ასევე ეხმაურება რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას.


რუსთავის მერიასა და ინტერ ტრანსს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია ხელი შეუწყოს სატრანსპორტო კომპანიას უფლება-მოვალეობის შესრულებაში.


კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ქალაქში მოძრავი ე.წ „ხიშნიკი“ მძღოლები. მათ გადაჰყავთ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები ისე, რომ მგზავრის გადაყვანის არანაირი უფლება არ აქვთ.


განმარტავთ, რომ საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია, რომელიც  შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროულ რეაგირებას  საჭიროებს. ინტერტრანსმა ადგილოვრივ მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართა. ივლისში, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მხოლოდ ორი ე.წ „ხიშნიკი“ მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ქალაქში მინივენების საკითხიც მწვავედ დგას. ზემოთ აღნიშნული პრობლემები სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის როგორც კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს ასევე კომპანიასაც."- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები:

ფართი შოპი