ადვოკატი - პროკურორების ბლეფს საზღვარი არ აქვს, უმჯობესია სასამართლო პროცესები ჩაინიშნოს და სასამართლოზე გამოცხადდეს მიშა

სამართალი 13 Oct 2021 15:47

პროკურორების ბლეფს საზღვარი არ აქვს. 


იმის მაგივრად, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკონ, უმჯობესია სასამართლო პროცესები ჩაინიშნოს და სასამართლოზე გამოცხადდეს მიშა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებას, რომ აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.


ბასილაიას თქმით, სისტემა ჩართულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში.


"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი პროპაგანდისტული მიზნებით ხდებოდა წინასაარჩევნოდ ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამოყენება. 


ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე და ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო საქმე ქართული პროკურატურის ისტორიაში - ერთ-ერთი ანტისახელმწიფოებრივი საქმე. 


ამავდროულად ე.წ. კარტოგრაფების საქმის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას რა პრეტენზიებიც ამ ხალხის მიმართ აქვს, მსგავს საკითხებზე არც მუშაობენ მეორე მხარესთან. 


ბლეფია ყველაფერი, რასაც მაგ ხალხს აბრალებენ, მაგრამ დღეს რას აკეთებენ აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, თვითონ ყველანაირი ბერკეტი ხომ გააჩნიათ? ან წინა წლებში რას აკეთებდნენ. 


პროკურორების ბლეფს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკონ, უმჯობესია, სასამართლო პროცესები ჩაინიშნონ და სასამართლოზე გამოცხადდეს მიშა. 


ხან პრემიერი ღარიბაშვილი გულზე მჯიღის ცემით აკეთებს განცხადებას და ხან ახლა საქმის პროკურორები გამოიყვანეს და რაღაც განცხადებებს აკეთებენ. 


ეს სისტემა ჩართულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში და პრეზიდენტი ჰყავთ ტყვეობაში", - განაცხადა ბასილაიამ.


ცნობისთვის, ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს გამოკითხვას არ გამორიცხავს.


საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი