"ნარკოტიკის მხოლოდ მოხმარებისთვის ციხით არ უნდა ისჯებოდნენ, ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა, დასჯა არ შველის" - ნათია ფანჯიკიძე

19 Jun 2018 01:29

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:


„არ შეიძლება ადამიანის დასჯა, რომელსაც არაფერი ჩაუდენია, გარდა თვითდაზიანებისა, თუ სხვა კრიმინალი არ ახლავს თან ნარკოდამოკიდებულებას, ცხადია.


სიტყვა „ნარკოლიბერალიზაცია“ ადამიანების ნაწილს აღიზიანებს არსზე დაკვირვების გარეშე. სინამდვილეში, გარკვეულწილად ნარკოლიბერალიზაცია ჩვენს ქვეყანაში უკვე მომხდარია: გვაქვს მეტადონის პროგრამა. ამ პროგრამაში ჩართული ადამიანი აღარ ისჯება და აღრიცხულია, როგორც დაავადებული პირი, უსაფრთხო სამედიცინო სივრცეში მიდის, არაინექციური გზით იღებს დოზას, რაც მას არასდროს მიიყვანს ლეტალურ შედეგამდე. ეს დოზაც ნელ-ნელა მცირდება. პაციენტი გადარჩენილია ინფექციურ დაავადებებს, კრიმინალის ჩადენის რისკს გონების არევის შემთხვევაში და საზოგადოებაც დაცულია ამ ყველაფრისგან. მცირდება შიდსის, C ჰეპატიტისა თუ სხვა ინფექციების გადატანა.


ყველა ნარკომანი კრიმინალი არ არის, ფხიზელი კრიმინალები ბევრად მეტს გვნებენ ხოლმე.


ვაღიარებთ, რომ ნარკომომხმარებლები პაციენტები არიან, შევუქმენით მეტადონის პროგრამა, ვზრუნავთ უფასო დახმარების სერვისზე, არის უფასო დეტოქსიკაციის პროგრამებიც, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და უამრავი ფული იხარჯება ამაში. მეორე მხრივ, თუ პაციენტი დავარქვით ნარკომომხმარებლებს, მაშინ აღარ უნდა ვუწოდოთ მათ კრიმინალები.


ნარკოტიკის მხოლოდ მოხმარებისთვის  ციხით არ უნდა ისჯებოდნენ.


სიმკაცრემ და შიშმა შეიძლება ადამიანი დროებით შეაკავოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი ფსიქიკური პათოლოგია და დარღვევაა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე მძიმე დაავადება მკაცრი მიდგომით შეაშინოთ და გააქროთ? შეცდომაა, როცა ჰგონიათ, რომ ნარკოდამოკიდებულება „ცუდი ქცევაა“, ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა. ამას სიმკაცრე და დასჯა არ შველის.


რაც შეეხება თერაპიას და ზრუნვას: უდიდეს როლს ასრულებს ფსიქოთერაპია. ნარკომომხმარებლებს არ აქვთ ჩვევა ფხიზლად ცხოვრების, არ აქვთ უნარი ფხიზლად გაუმკლავდნენ რეალობას. ამიტომ ჩვენ გვაქვს დიდი სამუშაო, რომ ჯერ ადამიანები გადავაჩვიოთ ამ ნივთიერებებს და მერე ვასწავლოთ ფხიზლად ცხოვრება.


ფსიქოთერაპია ყველა სხვა ტიპის თერაპიასთან შედარებით იაფია. პატიმრის ციხეში ყოფნისთვის გახარჯული თანხა რომ ფსიქორეაბილიტაციისთვის გამოიყენებოდეს, ვფიქრობ, ბევრად მეტი ადამიანი გახდებოდა საზოგადოების ჯანსაღი წევრი“.



წყარო: "ნეტგაზეთი"

კომენტარები:

ფართი შოპი