ეკა ჩხეიძე: ის ჩემს ცხოვრებაში ვეღარ გამოჩნდება, ვერ გაბედავს

ყვითელი 29 Jul 2021 08:51

მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი ეკა ჩხეიძე რამდენიმე თვეა ტელეეკრანზე ახალ ამპლუაში გამოჩნდა – ტელეკომპანია „ფორმულაზე“, გადაცემა „ყვითელი ყუთის“ წამყვანი გახდა. თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში კიდევ ერთი გამოწვევა იყო, რომელიც სიამოვნებით მიიღო. თუმცა ამბობენ, რომ მან წამყვანის სტერეოტიპები დაარღვია და ამის გამო, მითქმა-მოთქმის მიზეზიც გახდა.


ეკა ჩხეიძე: ბარიერები ყველაფერში მხვდება – ან უნდა გადაახტე ან დაძლიო. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში წინააღმდეგობები ხშირად იყო და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე გარედან ჩანს. ბევრს აქვს ის შთაბეჭდილება, რადგან ვიღაცის შვილი და შვილიშვილი ვარ, ამის გამო პრივილეგიებით ვსარგებლობ. პირიქით, გაცილებით მეტი მომეთხოვება და გაცილებით მეტ წინააღმდეგობას ვაწყდები, რადგან თუნდაც, მამაჩემი არ არის ის ტიპი, რაღაცით წამახალისოს, ან ხელი წამკრას, ან სხვაზე წინ დამაყენოს, რამით გამომარჩიოს, რადგან შვილი ვარ. თვითონ ამის კომპლექსი ჰქონდა და ალბათ, მისი შვილი რომ არ ვყოფილიყავი, უფრო მეტჯერ ვიმუშავებდი მასთან. გარდა ამისა, უფრო ვჩანვარ და რაღაცები არ მეპატიება, რომ იციან, ვინ ვარ, გამადიდებელი შუშით მიყურებენ. მეც ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებ, ვაფასებ ყველა დეტალს – ეს საქციელი ჩემგან როგორ გამოჩნდება, როგორ წაიკითხება... საკუთარი თავის მიმართ, ბევრად უფრო კრიტიკული ვარ. ასეთ ტიპად ჩამოვყალიბდი და სცენაზეც ჩემს თავს სულ ვაკონტროლებ. შინაგანი თავისუფლება, იმ მხრივ, რომ „მკიდია და ისე მოვიქცევი, როგორც მინდა“, არასდროს მაქვს.


– ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „ყვითელი ყუთის“ წამყვანი გახდი. თუ არ ვცდები, როგორც ტელეწამყვანი, პირველად გამოჩნდი ტელეეკრანზე. იყო ეს ერთგვარი გამოწვევა?

– რა თქმა უნდა, ყოველი ახალი საქმე გამოწვევაა და დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენს რეალობაში, როცა ეკრანზე ჩანხარ, ცნობადობა გაცილებით იზრდება, რადგან ტელევიზორს მეტი ადამიანი უყურებს, ვიდრე კინოსა და თეატრში სპექტაკლებს. როცა ეჭიდები საქმეს, რომელიც შენს პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის, უფრო მეტი თვალი გიყურებს და გაკრიტიკებს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. გამოწვევა იყო იმ მხრივაც, რომ პანდემია იყო, თეატრი დროებით გაჩერდა და სახლში დავჯექი. მივიღე შემოთავაზება, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. გარდა იმისა, რომ ჩემთვის საინტერესო იყო და ახალი, თან, ჩემს პროფესიასთან ახლო, პერიოდიც ისეთი დაემთხვა. მე თუ საქმით არ ვარ დაკავებული, მით უმეტეს, ჩემთვის საყვარელი საქმით, ძალიან მიჭირს. საჭირო დროს გამოჩნდა ეს სამსახური და დაუფიქრებლად, სიამოვნებით დავთანხმდი. ასე რომ, როცა თეატრში რეპეტიციები და სპექტაკლები გაჩერდა, მე აქტიურად ვმუშაობდი და ამან მიშველა, რომ პანდემიის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდი. თან, ამ ახალ გამოწვევაში დიდი სიყვარული ჩავდე, მთელი გულით მივუდექი. მე ძალიან მომწონს.


– შენი, როგორც წამყვანის, ჯდომის უცნაური პოზა, რომელზეც მითქმა-მოთქმა ატყდა, ეს უბრალოდ სპონტანური ქცევა იყო, თუ შენს იმიჯზე მორგებული, მოფიქრებული და კარგად გათვლილი?

– ეს სპონტანურად მოხდა, გადაცემის ჩაწერის დროს. ვიფიქრე, წამყვანის განსხვავებული, არა მკაცრი, არამედ ელეგანტური სტილი მომერგო. მერე ვიფიქრე, ამ ელეგანტურობამ სიცივე არ მოიტანოს, რესპონდენტი არ დააფრთხოს-მეთქი. ზოგადად, რესპონდენტს უყვარს, როცა თანაბარ დონეზე და შინაურ ენაზე ესაუბრები. უცებ თავში გამიელვა, ისე რომ წამოვჯდე, როგორც სახლში, რა მოხდება-მეთქი. ყველამ აიტაცა და მომიწონეს (იცინის). თუმცა, ზოგი გაღიზიანდა, რადგან უჩვეულო იყო და სხვა წამყვანის ჯდომის პოზას არ ჰგავდა.


– რას გწერდნენ, რას გეუბნებოდნენ?

– რა ჯდომის მანერაა, სად ხარ გაზრდილი, რა ფეხები შემოგიწყვიაო... დაიწყეს ლანძღვა. ზოგმაც მომიწონა. ზოგმა, სრულიად უცნობემა, ისეთი კომენტარები დაწერეს, წაკითხვაც რომ არ მოგინდება. წერონ, კარგია, ესე იგი, უყურებენ. ბევრმა ჩემმა რესპონდენტმა კი, აღნიშნა: უი, რა კარგად ზიხარ, მეც სიამოვნებით დავჯდებოდი ასეო. თუმცა, რესპონდენტსაც გააჩნია და საუბრის თემასაც. ფეხებაწეული რომ არ დავჯექი, მერე წამოვიდა კომენტარები: რატომ აღარ ზიხარ ისეო. ბევრმა მითხრა, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი და კომპეტენტურია, ძალიან კარგია, ზომიერი, არაფერია გამაღიზიანებელი და არც უზრდელობააო.


– ვიცი, მამა – ბატონი თემურ ჩხეიძე, საკმაოდ კრიტიკულად უდგება შენს ყველა ახალ ამპლუას, როლს თუ გამოწვევას. თუ უყურებს „ყვითელ ყუთს“ და ის როგორ გაფასებს, როგორც წამყვანს?

– კრიტიკული არა, მამა უფრო კარგი და სწორი შემფასებელია, არასოდეს დამინდობს და გაცილებით მეტი უნდა გავაკეთო, რომ უკეთესი შეფასება მივიღო. რასაკვირველია, უყურებს გადაცემას და მითხრა: ძალიან კარგად მიგყავს, თავისუფლად, ბუნებრიბად და ყველაფერი ზომიერია, ყოჩაღო. მისი „ყოჩაღ“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ასეთ სიტყვებს ხშირად არ „ისვრის“.


– სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერე, რომელიც შენს პირად ცხოვრებას ეხებოდა. როგორც მივხვდი, შენს ახალ სასიყვარულო კავშირში სხვა პირები ჩაერივნენ. მსგავსი სტატუსების წერით არ გამოირჩევი და იქნებ, გაგვიმხილო, რა ხდება, რატომ დაწერე ეს სტატუსი?

– ზოგადად, არ მიყვარს პირადი ცხოვრების გარჩევა. არ მიყვარს, როცა ყველა ჭკუას გარიგებს, მასწავლებელია, ცხვირს ჰყოფს და კუდებს აბამს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, არ ვარ პატარა ბავშვი. სწორედ, ეს ვიგულისხმე იმ სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში დავწერე. გვერდიდან კრიტიკა და ჭკუის დარიგება კი არა, თავის ცხოვრებას მიხედონ.


– მართალია, თავს არიდებ, მაგრამ მაინც ჩაგეკითხები – ეს სტატუსი ახალ სასიყვარულო კავშირს ეხებოდა?

– თავს შევიკავებ, პასუხისგან. ასე მირჩევნია. პირად ცხოვრებაში, ძალიან კარგად ვარ. რამდენჯერაც ვიღაცას ჩარევ და მეტს ილაპარაკებ, იმდენჯერ თვალი და ენა გაჩნდება. ამიტომ, გეტყვით, რომ მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს. როცა სხვა ჩავრიე, მივქარე და ამიტომ, მიქარვას აღარ ვაპირებ.


– მახსოვს ერთი პერიოდი, გამოჩნდა თაყვანისმცემელი მამაკაცი, რომელთანაც სამართლებრივ დონეზე მოგიწია ჩარევა. ახლა თუ ჩანს ის ადამიანი შენს ცხოვრებაში თუ სამუდამოდ ჩამოგცილდა?

– ის რამდენად იყო თაყვანისმცემელი, არ ვიცი, რადგან თაყვანისმცემლები ასე თავხედურად არ იქცევიან. სიყვარულისა და პატივისცემისთვის, ყველას დიდი მადლობა, მაგრამ მისი ქცევა არანაირ ნორმებში აღარ იჯდა. ამიტომ მომიწია, სამართალდამცველების ჩარევა. ის ჩემს ცხოვრებაში ვეღარ გამოჩნდება, ვერ გაბედავს, რადგან შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. არ მენახვება, მაგრამ თითო ყვავილით მაინც ჩნდება – კართან მხვდება ერთი ცალი უეკლო ვარდი, ანუ უეკლო ვარო (იცინის).


თბილისელები 




კომენტარები:

ფართი შოპი