ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

 იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს.


,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის სახით, რომლის მსგავსი ჩვენ იმერეთში აქამდე არ გვქონია. მომავალ წელს დასრულდება პროექტი და ჩვენი რეგიონის ბავშვებს და არა მარტო მათ, საშუალება ექნებათ ისწავლონ ამ აკადემიაში. აღნიშნული პროექტის განხორციელება არის წინ გადადგმული ნაბიჯი  სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის" - ზვიად შალამბერიძე.


პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ოთხივე მოედანი აღიჭურვება განათების სისტემით, ორ მოედანზე კი დამონტაჟდება ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც განთავსდება გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები.


 პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს შეეძლებათ. 


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.





კომენტარები:

ფართი შოპი