"ხალხი არ იჯერებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო?"

ყვითელი 15 Jul 2021 18:58

რატომ გადაწყვიტა მაკა ჩიჩუამ თავის გადაპარსვა


"გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ პერიოდში ჩემი მეგობარი სპექტაკლს დგამდა და მთხოვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შერჩევაში დავხმარებოდი. წავედით სადგურზე, სადაც ღია ცის ქვეშ ჰქონდათ მეორადების დახლები გაშლილი. ხალხი არ იჯერებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო?.." - იხსენებს მაკა ჩიჩუა ჩვენთან საუბრისას.


- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში ვფიქრობ, დიდ გავლენას გარემო ახდენს... თუმცა, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს! ამიტომერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, თუ რა ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანის ხედვაზე, წარმოსახვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარემოც ინფორმაციის წყაროა... ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ფორმირება ჩემი დაკვირვებებიდან, წარმოსახვიდან მოხდა! შემოქმედებითად უნდა აზროვნებდე და ძალიან ინდივიდუალური იყო, შენი სტილი რომ შექმნა!


- პროფესიით მხატვარი ხართ, ამან იქონია გავლენა?

- რა თქმა უნდა! ამით ხომ ჩემი გემოვნების გარეთ გამოტანა, სადღაც ასახვა მოხდა... საერთოდ, მოდას ცოტა ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, სასაცილოც არის, როცა ერთი ჩაიცვამს ვთქვათ პლატფორმებს და მერე ყველამ მას ჰბაძავს... ამ დროს, მე პირიქით ვაკეთებ: როგორც კი რაღაც მასობრივად შემოდის, უკვე აღარ მაინტერესებს მისი ჩაცმა და ახალს ვეძებ! მუდამ მსურდა, ჩემი სტილი განსხვავებული ყოფილიყო და სხვას არ დავმსგავსებოდი. ადამიანს როგორც აცვია, როგორც გამოიყურება, იმის მიხედვით შეგიძლია მიხვდე, როგორი პიროვნებაა. შინაგანი სამყარო გამოდის გარეთ და ყველაფერს განსაზღვრავს... ვიღაცის სახლშიც რომ შედიხარ, როგორც აქვს სახლი მოწყობილი, იმის მიხედვით ხვდები, როგორი ტიპაჟია, რა უხარია და როგორია მისი შინაგანი სამყარო...


- სამოგზაუროდ როგორი ქვეყნები მოგწონთ?

- ყოველთვის მაინტერესებს აქ და ახლა! ამ დროში რა ხდება, ესაა უმნიშვნელოვანესი. თუ მაინცდამაინც კატეგორიულად მკითხავენ, "რომელ დროში მოგზაურობას ვამჯობინებ", ვიტყვი, რომ მომავალი მაინტერესებს. ისტორიულად რაღაცებში ვერკვევი, მაგრამ ის უკვე წარსულია და აღარ არის საჭირო ჩავუღრმავდე, ვიმოგზაურო და განვლილი რაღაცები ჩემში შემოვიტანო. უფრო საინტერესოა მომავალში რა იქნება.


ამ მხრივ იაპონიაა განუმეორებელი, "გიჟები" არიან. სულ ისწრაფვიან ყველაფერი დახვეწონ და წინ წავიდნენ, შორს გაიხედონ...


ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება ბრაზილიამ მოახდინა. იქ ოლიმპიადაზე ვიყავით მიწვეულები და ასეთი საოცარი ქვეყანა მეორე არ მეგულება. არ მახასიათებს სადმე ჩავიდე, უცებ მოვიხიბლო და გავგიჟდე, მაგრამ ბრაზილიაში პირველად მქონდა შეგრძნება, რომ ისეთი უცნაური და საინტერესო ქალაქი ჯერ არ მენახა, როგორიც რიო-დე-ჟანეიროა. უცებ შედიხარ დანგრეულ უბანში, რაღაც მანძილის გავლის შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები, სადაც თვალუწვდენელი ზღვაა, ამოშვერილი მთები, ადიხარ ქრისტეს ქანდაკებასთან, რომელიც არაფრით მეგონა, ამდენად შთამბეჭდავი თუ იყო...


- ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა სად იყო?

- პარიზში! მომკალით და ასეა, რაც უნდა კლიშე დავარქვათ. ქუჩაში ყველა დახვეწილად შემოსილი დადის. მათში გენეტიკური გემოვნება, სტილი იგრძნობა! იქ მოდის ზეიმია!


- ზოგიერთი მილანს ასახელებს...

- არა! მილანი უფრო გადამლაშებულია, უკვე მეზედმეტება იქაური ყოველდღიური ჩაცმულობა. ასე ვთქვათ - მსუყეა, ზედმეტად იგრძნობა ბრენდებზე დამოკიდებულება...


- ამბობენ, თბილისური მოდა დაიკარგაო...

- არაფერიც არ დაიკარგა! თბილისში რაც დაიკარგა, ეს ქალაქის სახეა, იმდენად ჩააბეტონეს და დააუშნოვეს ყველაფერი... რაც შეეხება მოდას, სულ ძიებაში არიან ჩვენი დიზაინერები. ქართველებს გემოვნება ნამდვილად აქვთ!

ჩემთვის ყველაზე ახლოს იაპონური ჩაცმულობაა... ვგიჟდები იაპონელ დიზაინერებზე! განსაცვიფრებელი და შეუცვლელია იოჯი იამომოტო, რომელსაც უშრეტი ფანტაზია აქვს, სასწაულებს ქმნის... პარიზი ხომ არის დახვეწილობის და სინატიფის პიკი, მაგრამ ჩემთვის უახლოესი იაპონური მოდაა...


- როდესაც პირველი ლედი იყავით, ოპონენტებიც კი თქვენს ძალიან დახვეწილ გემოვნებას აღიარებდნენ...

- დიდი მადლობა! სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც რომ ჩავდიოდით, ჩვენი საელჩოების, საკონსულოების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, - გვიხარია, ასეთი გემოვნებით შემოსილი რომ წარმოაჩენ ჩვენს ქვეყანასო... გემოვნებიანი ჩაცმულობისთვის დიდი ძალისხმევა და ფული არასოდეს დამიხარჯავს. ალბათ ერთი-ორჯერ თუ შევიძინე სამოსი ისეთ მაღაზიაში, სადაც ძალიან ძვირი არ ღირდა. არასოდეს მქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებულად ძვირფასი ბრენდები მეყიდა... მე და დათუნა სულიკაშვილი ვქმნიდით ყველაფერს ან მე ცალკე. რაღაცას უცებ მოვხაზავდი და მკერავთან მივიტანდი. საერთოდ, რთულია ზუსტად ის გაგიკეთონ, რაც გინდა, მაგრამ რაღაც გამოდიოდა. შესაბამისი ქსოვილის შოვნაც რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებდი, სამოსი იმისთვის მიმემსგავსებინა, რაც მსურდა.


- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ვინ გახსენდებათ გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ძალიან ბევრია და გამორჩევა გამიჭირდება...


- სოფლის რთულ პირობებში როგორ ახერხებთ მუდმივად ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში იყოთ?

- მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? - არ ვიცი... თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები, არც არასოდეს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როდესაც თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი... ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასოდეს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც, ეს ბევრისთვის შოკი იყო. ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ - ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე...


ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამომდის, ჩემთვის არაფერია პრობლემა... ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუთხარი, თავი გადამპარსეთ-მეთქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია (იცინის)...


- რას ურჩევდით ქალბატონებს, მწირი ფინანსებისა და რთული პირობების მიუხედავად სულ ფორმაში რომ იყვნენ და არ დაითრგუნონ?

- აი, ზუსტად მაგას ვურჩევდი, რომ არ დაითრგუნონ! არ უნდა დაიძაბონ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურებიან. რაც უფრო ბუნებრივი ხარ, მით მეტად საინტერესოა შენი გარეგნობა! როგორც კი გარეგნობაზე ბევრ ფიქრს იწყებ, ისეთი ხელოვნური და მოგონილი ხდები, აღარაფერი გამოგარჩევს სხვებისგან!


ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ინიექციებით სხვანაირად გამოიყურებოდნენ, იმდენად ერთნაირები ხდებიან, გეგონება, ინკუბატორიდან გამოვიდნენ.


სულ ვფიქრობ, რამდენად საინტერესოა ადამიანი თავისი ინდივიდულიზმით. რაც ხარ, იმას უნდა მოარგო შენი სტილი და ჩაცმულობა! რატომ უნდა შეეცადო იმის გამოსწორებას, რაც შენია, შენი ნაწილია?! ვთქვათ, დიდი ცხვირი თუ გაქვს და მოკლე ფეხები, ზუსტად ეგ უნდა მიაწოდო საზოგადოებას ლამაზად. ვერ ვხვდები, სტანდარტი რატომ უნდა შექმნა?! ჩაცმულობაშიც ასეა: ვიღაც ერთი ჩაიცვამს რაღაც უცხოს და, - ეს კარგი ტიპია, ჩვენც ასე ჩავიცვათო, ჰბაძავენ... მგონია, ძალიან უინტერესოა, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს!


- რომელია თქვენი საყვარელი ფერები?

- შავი და თეთრი ძალიან მომწონს. დომინანტია ეს ორი და შემდეგ მოდის - პასტელური ფერები... ძალიან მიყვარს ჩალისფერი, ალუბლისფერი, ხასხასა წითელიც მიყვარს და ბევრჯერ მცმია ოფიციალურ შეხვედრებზე, ბრაზილიაშიც მეცვა. მიყვარს მწვანეს გრადაციებიც. ფერის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ქსოვილისგან იქმნება ესა თუ ის სამოსი.


- თითქოს ყველა ქალისთვის მტკივნეულია წლების მატება, ზოგიერთი საერთოდ ტრაგედიას ქმნის...

- არა, რას ამბობთ! ერთი წამიც არ მქონია ამის გამო დისკომფორტი. თავს ვერ დავდებ, რომ 70 წლის ასაკშიც ასე ვიქნები, მაგრამ მე ამ საკითხს სხვანაირად ვუყურებ: წლების მატებით გამოწვეული სევდა მოგონილია. 20 წლის უბედური, გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი არ გინახავთ, რომელსაც არ მოსწონს საკუთარი თავი და არც არაფერი ირგვლივ... თუ ადამიანი ხალისიანია და შინაგანად თავს კარგად გრძნობს, ყველა ასაკი მისთვის ძალიან საინტერესოც არის და სახალისოც!


იაპონიაში რომ ვიყავი და იქ იმპერატორის ცოლს შევხვდი, ის ქალბატონი მაშინ 84 წლის იყო. საოცრად შთამბეჭდავი ადამიანი გახლდათ! არ ვიცი, რამდენი საათი ვისაუბრეთ, მაგრამ საინტერესოდ აზროვნებდა... მე მყავს ახლობელი ადამიანები ამ ასაკში, რომლებიც ძალიან საინტერესოდ და ულამაზესად გამოიყურებიან.


ასე რომ, მგონია, ეს ყველაფერი განვითარების პრობლემაა და ადამიანი როცა ვერ ვითარდება, მერე ყველაფერ ცუდს ასაკს აბრალებს. ყველა ასაკში შეიძლება ძალიან საინტერესო იყო! აბსოლუტურად გულწრფელი ვარ ამ სიტყვებში! მე თუ ვთქვათ, 16 წლის ასაკში უფრო ლამაზი კანი მქონდა, მხოლოდ ის განსაზღვრავს შინაგანად კარგ განწყობას?..



- დღეს კანის მოსავლელად უამრავი საშუალებაა... მომხრე ხართ ინიექციების, პლასტიკური ოპერაციების?

- არანაირად! ვფიქრობ, ეს თავის წვალებაა და არ მესმის, რატომ უნდა დაწვე საოპერაციო მაგიდაზე, რათა კანი გადავიჭიმო ან როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! ვისაც მსგავსი რაღაცები ახარებს, კი ბატონო, გაიკეთონ, მათთვის ეს ერთგვარი თერაპიაა.


- ბრენდული სამოსი რას მატებს ადამიანს?

- ვფიქრობ, არაფერს... "მეორადებშიც" შეიძლება კარგად შეიმოსო და ეს ტენდენცია ევროპაში, მთელ მსოფლიოში დამკვიდრებულია.



- ადვილი წარმოსადგენია იმ ხალხის რეაქცია, ვინც თქვენ "მეორადებში" გნახათ...

- დიახ, თავიდან თვალებს არ უჯერებდნენ... გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ პერიოდში ჩემი მეგობარი სპექტაკლს დგამდა და მთხოვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შერჩევაში დავხმარებოდი. წავედით სადგურზე, სადაც ღია ცის ქვეშ აქვთ "მეორადების" დახლები გაშლილი. ჯერ არ იჯერებდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო? ბოლოს მოვიდნენ და ჩხუბი დამიწყეს, გაიაფებული დახლები რატომ არ გვაქვსო... მხოლოდ იქ მახსოვს ჩხუბი, სხვაგან - ბუტიკი იქნებოდა, "მეორადები" თუ სხვა ტიპის მაღაზია, სადაც ვყოფილვარ, ყველგან დიდი სიყვარულით მხვდებოდნენ.



- იქ რა იყო ჩხუბის მიზეზი?

- როგორც მახსოვს, იმ პერიოდში გამყიდველებისთვის დახლების საფასური გააძვირეს და ამის გამო მედავებოდნენ... არადა, როცა გიორგი პრეზიდენტი გახდა, უკვე შეცვლილი იყო კანონი და ამ ყველაფერს აღმასრულებელი ხელისუფლება განსაზღვრავდა... საბედნიეროდ, ჩხუბის დროს ბევრი ქომაგიც გამომიჩნდა, - ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, ხომ ხედავთ თვითონ მოვიდა აქ რაღაცების შესაძენად, ბევრი ფული რომ ჰქონდეს, აქ რატომ მოვიდოდაო?..


მოკლედ, "მეორადებში" მოდური სამოსის შერჩევა შესაძლებელია! საზღვარგარეთ ძალიან ცნობილმა ადამიანებმა დაიწყეს "მეორადებში" შემოსვა... მთავარია, ადამიანებმა შეისწავლონ საკუთარი თავი და იცოდნენ, რა უხდებათ, სიახლეებს არ შეუშინდნენ. საკუთარი თავს ყოველდღე უნდა მოუწყო დღესასწაული, თუ გინდა, ბედნიერი იყო.


რამდენჯერ მიმიღია კომპლიმენტი "მეორადში" ნაყიდი სამოსის გამო: აუ, რა მაგარი პიჯაკი ან კაბა გაცვიაო. არასოდეს დამიმალავს, სად ვიყიდე. ახლა ამაზე ლაპარაკიც იმდენად ტრენდული გახდა, ცოტა არ იყოს, უკვე ესეც მაღიზიანებს. ტრენდულობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს! არ უნდა დაიძაბო, ზედმეტად და არ უნდა შეყვე ამ თემებს!.. აი, გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის მაგალითი ავიღოთ: საერთოდ არ აინტერესებს გემოვნება და რას იტყვიან მასზე მაღალი მოდის ფუძემდებლები! ძალიანაც მომწონს მისი ასეთი დამოკიდებულება! ძლიერი პიროვნებაა და ასე მიაჩნია სწორად, რომ უნდა იყოს იმ სტანდარტში, იმ პროტოკოლში, რაც სჭირდება მის საქმეს! არ არის პრანჭია ტიპი! მიდი და მოედავე, რომ არამოდურად აცვია...


ყველა ისე უნდა იცვამდეს, როგორც სურს! მე უბრალოდ, იმდენად შემოქმედებითი ტიპაჟი ვარ, სპორტულ, სახლის სამოსშიც კი ჩემი ხასიათი ჩანს და ვერ ვიტყვი, რომ მოდა ჩემთვის რამეს განსაზღვრავს! კიდევ ვიმეორებ, უმთავრესი არის ინდივიდუალიზმი!


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი