რატომ მოევლინა ქვეყანას წვალებით ნინო ბურჯანაძე და რის გამო არის ის სახლში აუტანელი

ინტერვიუ 13 Jul 2021 13:04

ნინო ბურჯანაძეს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ის ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა გადამწყვეტი პროცესის მონაწილე გახლავთ. დღეს აქტიური ოპოზიციონერია და ცხოვრება პოლიტიკის გარეშე ვერც წარმოუდგენია. ქალბატონ ნინოს რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს.


ნინო ბურჯანაძე: ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, რომელშიც დიდი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა იყო. ჩემი მშობლების ურთიერთობა, გარშემო ყველას მაგალითად ჰქონდა. ვხუმრობ ხოლმე, სულ ვეჭვიანობდი, რომ ჩემს მშობლებს ერთმანეთი უფრო უყვარდათ, ვიდრე მე-მეთქი. მათმა ურთიერთდამოკიდებულებამ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.


– რაც შეეხება თქვენს ამქვეყნად მოვლინებას – მშობლებს საკმაოდ მძიმე ისტორია აქვთ გამოვლილი...

– ჩემს მშობლებს პირველი სამი შვილი შვიდთვიანი შეეძინათ. მოგეხსენებათ, რომ ახლა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩემი უფროსი შვილი – ანზორიც შვიდთვიანი დაიბადა, მაგრამ მაშინ მედიცინა უკვე წინ იყო წასული და ჯანმრთელი გაიზარდა. ჩემს მშობლებს არ გაუმართლათ, ბავშვები შვიდთვიანები იბადებოდნენ და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. დედა სულ იხსენებს ხოლმე: იმ ფაქტს, რომ შეიძლებოდა, შვილი ვერ შეენარჩუნებინათ, ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენიაო. პირიქით, როდესაც დედამ, მეოთხე ფეხმძიმობაზე გადაწყვიტა, წოლითი რეჟიმით შეენარჩუნებინა შვილი, მამა წინააღმდეგიც კი იყო, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნოდა. ჩემი შენარჩუნება ძალიან რთული აღმოჩნდა. დედა მთელი ცხრა თვე იწვა და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო, რომ მეც გადავრჩენილიყავი და დედაც. წვალებით და დიდი ამბით მოვევლინე ქვეყანას. ამის შემდეგ დედას ექიმებმა აუკრძალეს შვილის გაჩენა, რადგან ცხრათვიანმა წოლითმა რეჟიმმა ძალიან შეურყია ჯანმრთელობა.


– მიუხედავად იმისა, რომ დედამ თქვენთვის ამხელა მსხვერპლი გაიღო, თურმე, არ განებივრებდათ.

– ნამდვილად არ მანებივრებდა. ზედმეტის უფლებას არ მაძლევდა, საკმაოდ მომთხოვნი იყო ჩემ მიმართ და მკაცრიც, თუმცა არ მახსოვს, ხმისთვის აეწიოს. დედას გადმოცემის საოცრად კარგი უნარი აქვს. სხვადასხვა ნაწარმოებების შესახებ მიყვებოდა იმ მიზნით, რომ დავეინტერესებინე და ჩემთვის კითხვა შეეყვარებინა. მამა ყოველთვის ძალიან აქტიური იყო და ასაკის მიუხედავად, დღესაც ასეთია. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით და ხშირად დავყავდით თბილისში სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეგობარ ოჯახებთან ერთად. მამა ნამდვილად მანებივრებდა.


– მერე, როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექეცით, თქვენი სტილი, მანერები, ჩაცმულობა, სამკაულები, განსაკუთრებულ კომპლიმენტებს იმსახურებდა. ბავშვობიდან ჰქონდა ამას საფუძველი?

– პრანჭია არასდროს ვყოფილვარ. შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩემს გარეგნობაზე განსაკუთრებული წარმოდგენა არ მქონდა. ჩემ ირგვლივ ქალები ძალიან ლამაზები იყვნენ. ერთმანეთზე ლამაზი ბებიები მყავდა, დედა სილამაზით ნა

მდვილად გამორჩეული გახლდათ და ის სილამაზე ახლაც შენარჩუნებული აქვს. მე უფრო მამას დავემსგავსე და განსაკუთრებული სილამაზით არ გამოვირჩეოდი. ასე რომ, მშვიდად ვიღებდი ჩემს გარეგნობას, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ჩამეცვა ის, რაც უფრო მიხდებოდა, ან რაც უფრო შეეფერებოდა კონკრეტულ ადგილს.


– გულწრფელი ვიქნები – ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ თქვენს ჩაცმულობას, არ მოსწონთ ჯინსებზე და ბოტასებზე რომ გადახვედით.

– სტილი არ შემიცვლია, მაგალითად, ახლა კაბინეტში ვარ და მაცვია ისე, როგორც მეცვა, როცა არ მაკრიტიკებდნენ – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მთელი თავის სოლიდური ატრიბუტიკით, მაგრამ მაღალი ქუსლითა და ვიწრო ქვედაბოლოთი მიტინგებზე სიარული მაინცდამაინც ადეკვატური არ არის. სამწუხაროდ, იძულებული გავხდი, მოვრგებოდი იმ სიტუაციას და საერთოდ ადეკვატურობა ყველა სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღებ კრიტიკას, მაგრამ ვპასუხობ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, დღესაც, ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე, მე, პოლიტიკოსს, რომელსაც არ მიყვარს მიტინგები და ქუჩაში დგომა, მიწევს ჯინსებისა და ბოტასების ჩაცმა და მიტინგებზე სიარული. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დამთავრდება.


– მიტინგებზე კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდით პირბადესთან დაკავშირებული შემთხვევის გამო, როცა ის ცხვირსახოცის დანიშნულებით გამოიყენეთ.

– ძალიან სასაცილოა, მეგობარი მეუბნებოდა, მგონი, ბოლო ადამიანი ხარ, ვინც ცხვირსახოცს იყენებსო. ცხვირსახოცების ძალიან კარგი კოლექცია მაქვს, მაგრამ იმ დღეს ისე მოხდა, რომ ჯიბიდან ამომივარდა და დაბლა დავარდა. შესაბამისად, ვეღარ გამოვიყენებდი. ლაპარაკის დროს ხველა ამიტყდა და საჭირო გახდა ცხვირის მოწმენდა. უკაცრავად პასუხია, მაგრამ ან ხელით უნდა მომეწმინდა, ან პირბადით (იცინის). მგონი, ხელით მოწმენდას, მაინც პირბადის გამოყენება ჯობდა. ცხადია, ის პირბადე მერე თავდაპირველი დანიშნულებით აღარ გამომიყენებია.


– გკითხავთ მამათქვენთან დაკავშირებითაც, რომლის მილიონები და თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ხშირად იყო განხილვის საგანი. თქვენ გამო მამათქვენის მიმართ ხშირად იყო აგრესია. როგორია ამის აღქმა შვილის და არა პოლიტიკოსის პოზიციიდან?

– ეს მართლა მტკივნეული იყო, რადგან მამა ძალიან თავმოყვარე ადამიანია. ღირსეულად იცხოვრა და მადლიერების გრძნობით გავიხსენებ ჭაბუა ამირეჯიბს, რომელმაც საგანგებო წერილი გამოაქვეყნა მამასთან დაკავშირებით, როცა ის ამ თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდა და თქვა, რომ ანზორ ბურჯანაძე ერთ-ერთი გამორჩეულად ვაჟკაცი ადამიანია და უსინდისობააა მისი ლაფში ამოსვრაო. ბევრმა იცის ჩვენი ოჯახის ისტორია. ჯერ კიდევ მამას მშობლები ძალიან შეძლებული ადამიანები იყვნენ. ბაბუა ცნობილი მეღვინე იყო და ყოველთვის ძლიერი ოჯახი გვქონდა. ძალიან ბევრი სამკაული, რომელსაც დღეს მე ვატარებ, ბებიაჩემს ეკუთვნოდა. რაც შეეხება მამას სახელთან დაკავშირებულ ჭორებს, 1996 წლიდან დაიწყო და ყველაზე სასაცილო, რომ არა სატირალი, ის გახლდათ, რომ მამა მაშინ უკვე აღარ მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში. იყო გაუთავებელი ლაპარაკი პურზე, მილიონებზე, მაგრამ ვერცერთმა მთავრობამ ვერ დადო ფურცელი, რომელშიც ხინჯი იქნებოდა ბურჯანაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. პირიქით, მას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გაკეთებული. როცა მამას ბაღლინჯოებიანი ფქვილის შემოტანაზე სდებდნენ ბრალს, რომელიც დაავადებული არა, მაგრამ დაბალი ხარისხის ნამდვილად იყო, უკაცრავად, მაგრამ იმავე ფქვილით მომზადებულ პურს ვჭამდით ჩვენც. ეს იყო სამწუხარო ბრალდება, რომელიც პოლიტიკაში ჩემს წინ წამოწევას უკავშირდებოდა. სინამდვილეში, ანზორ ბურჯანაძის დამსახურება იყო, რომ თბილისში პურის რიგები გაქრა და ფასმაც არ მოიმატა.


– გადავიდეთ თქვენი ცხოვრების რომანტიკულ ნაწილზე. საკმაოდ პატარა ასაკში – 20 წლის შეხვდით თქვენი ცხოვრების სიყვარულს. ეს პირველი სიყვარული იყო?

– თუ არ ჩავთვლით, მსახიობებითა და მომღერლებით გატაცებებს, მანამდე სხვა არ ყოფილა (იცინის). როდესაც ჩემმა მომავალმა მეუღლემ ჩემთან მიმართებაში აქტიურობა დაიწყო, დედა მას მხარს უჭერდა და სულ მეუბნებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქმარს უყვარდეო. გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლის სიყვარულში ეჭვი არასდროს შემპარვია. მას ძალიან საინტერესო სიურპრიზების გაკეთება შეუძლია. რამდენი ყვავილიც უნდა გვქონოდა სახლში, ჩემი მეგობრები უშეცდომოდ ამოიცნობდნენ, რომელი იყო ბადრის ნაჩუქარი თაიგული. ეს დღემდე ასეა.


– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენი შვილი იხსენებს 26 მაისის მოვლენებს, როცა არ იცოდა, სად იყო მამა, ცოცხალი იყო თუ არა დედა... ასეთი კითხვის ნიშნები არაერთხელ ყოფილა თქვენთან მიმართებაში. როგორია ამ ყველაფრის ემოციური სარჩული?

– ძალიან მძიმე. ანზორმა მართალი თქვა, მან არ იცოდა, მე ცოცხალი ვიყავი თუ არა და მე რომ დაცვამ გამომიყვანა, ასევე, არ ვიცოდი, ანზორი ცოცხალი იყო თუ არა. ჩემი მეუღლე იმ ღამეს გავიდა ქვეყნიდან, რადგან მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ამას წინათ ჩემმა მშობლებმა გაიხსენეს 2009 წელს პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე პროცესები. ბადრი, ანზორი, რეზო და მე ვიყავით პოლიციის სამმართველოსთან, სადაც ატყდა სროლა, ადამიანებმა თვალები დაკარგეს და ამას ჩემი მშობლები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ. ამ ფონზე, ვიღაცები რომ კითხულობენ ჩვენთან დაკავშირებით – რაღა უნდათ, დაანებონ თავი პოლიტიკასო, ძალიან მაოცებს. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მინდა, ჩემი ძალა, ენერგია და ცოდნა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენო. ადამიანების გონებაში ჩაჯდა აზრი, რომ პოლიტიკოსის ბრძოლა სკამისთვის ბრძოლაა. დიდი ბოდიში, მაგრამ მე ყველანაირი სკამი მქონდა და ძალიან თავისუფლად შემეძლო, ეს გამომეყენებინა საიმისოდ, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი და მშვიდად და უპრობლემოდ, უკეთეს ფინანსურ და ემოციურ მდგომარეობაში გამეგრძელებინა ცხოვრება. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ ვითარებაში ქვეყნის მიტოვება დეზერტირობა იქნებოდა. არ ვიცი, ადამიანებს ის უფრო მოეწონებათ, რომ ვთქვა, სახლი მაქვს, არ მიჭირს, სამკაულებიც მაქვს, ტანსაცმელიც და ყველაფერი, რაც მინდა. წავალ ახლა, წამოვწვები და ყვავილებით გავერთობი-მეთქი?! თუ ის უფრო ნორმალურია, იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის საკმარისი ყველაფერი მაქვს, ამდენ პრობლემას და ხელისუფლების უუნარობას რომ ვხედავ, ვერ ვისვენებ. არაფერი არ მინდა იმის გარდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.


– რა როლს ასრულებს თქვენი ფაქტორი შვილების პირად ურთიერთობებში. ვინც ეკრანიდან გიცნობთ, ძალიან მკაცრი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

– გინდათ, თქვათ, რომ ავი დედამთილი ვიქნები?! (იცინის) ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც პირადად მიცნობს, სრულიად სხვა აზრის არის ჩემზე. მკაცრი იმიჯი არ არის დაყენებული, არსებულ ვითარებაში სხვანაირად არაადეკვატურიც იქნება, მაგრამ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთხელ, სამეგრელოში შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ ქალბატონებთან ცოტა „წავიჭორავე“ და მითხრეს, ვაიმე, ცოცხალი რა კარგი ყოფილხართო. მკვდარი როდის მნახეთ-მეთქი?! არა, ეკრანს მიღმა ვიგულისხმეთო (იცინის). სხვა არის პირადი ურთიერთობა და სხვა – ტელევიზიით ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე საუბარი. მკაცრი ვარ, ჩემი შვილებიც ამბობენ, ცოტა გვეშინოდა შენიო, მომთხოვნიც ვარ, მაგრამ ვცდილობ, სამართლიანი ვიყო. მე თვითონ ძალიან ბევრს გავცემ, ჩემთვის არ არსებობს დაღლა და ანალოგიურს ვითხოვ სხვებისგან, რაც ხანდახან პრობლემურია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი შვილების არჩევანთან დაკავშირებით, ჩემთვის გადამწყვეტი იქნება მათი ბედნიერება. თუმცა, მათ ბედნიერებას რაღაც კრიტერიუმები დასჭირდება. როცა ოჯახში არსებობს ქალისა და დედის სტანდარტი, იმ სტანდარტს რაღაც დოზით უნდა შეესაბამებოდეს ადამიანი, რომელსაც ბიჭი საცოლედ ირჩევს. ისეთი, როგორიც ახლა ვარ, 35 წლის წინ არ ვყოფილვარ, ეს ყველაფერი ასაკსა და გამოცდილებას მოაქვს. ამიტომ, ახალგაზრდა გოგონას მიმართ, რომელიც ჩვენს ოჯახში შემოვა, უფრო შემწყნარებლური და ნაკლებად მომთხოვნი ვიქნები, ვიდრე საკუთარი თავისადმი. ასე რომ, კარგ გოგოებს შეუძლიათ, არ შეეშინდეთ, არც ისეთი ავი დედამთილი ვიქნები (იცინის).


– კარგი დედობა და მეუღლეობა გამოგივიდათ?

– კი, მიმაჩნია, რომ კარგი მეუღლე და დედა ვარ, მაგრამ მარტივი არ არის ჩემი ქმრისთვის ჩემნაირი ცოლი ჰყავდეს ან შვილებისთვის, რომ ჩემნაირი დედა ჰყავდეთ. რომ არა მეუღლის თანადგომა, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. შვილებთან ურთიერთობაში დეფიციტი მქონდა, გარკვეულ მომენტებში ვერც მეუღლეს ვაქცევდი სათანადო ყურადღებას, მაგრამ მას ეს ესმოდა და ყოველთვის გვერდით მედგა. გავიმეორებ, რთულია ჩემნაირი ქალის ქმრობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემმა ქმარმა ამას ძალიან ღირსეულად გაართვა თავი.


– როგორია სახლური ნინო ბურჯანაძე?

– აუტანელი. ვერ ვიტან, როცა რაღაც თავის ადგილზე არ დევს. მე და დედა ძალიან მოწესრიგებულები ვართ და ხანდახან ეს მამაკაცების აღშფოთებას იწვევს – ბოლოს და ბოლოს საცხოვრებელი სახლია თუ სტატიკური მუზეუმი, რომ ყველაფერი თავის ადგილას იდოსო?! 90-იან წლებში, როცა შუქი არ იყო და ხალხი ტანსაცმელს ვერ პოულობდა, მე არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა, რადგან ზუსტად ვიცოდი, სად რა იდო. ჩემი სახლი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული, რამდენადაც შესაძლებელია. ძალიან მიყვარს სამზარეულო, მისი აქსესუარები და ცხობა. კარგი მზარეულიც ვარ. ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, კარგად გავაკეთო. შოკში ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, ახალგაზრდა გოგონები როგორ ტრაბახობდნენ იმით, რომ კვერცხის შეწვა არ შეუძლიათ. დღეს, მგონი, ცოტა შეიცვალა მდგომარეობა და უფრო ცდილობენ, რაღაცები გააკეთენ. უკაცრავად პასუხია, მაგრამ ქვეყნის მართვაზე რომ გაქვს პრეტენზია, ოჯახში საწოლის გასწორება და კვერცხის შეწვა უნდა მოახერხო.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი