„პრინციპი - „ჯერ ქართული“ - მოხდება ქართული პროდუქციის გამოყენება პირველ რიგში და ამგვარად საქართველოს მოქალაქეების დასაქმება" - გიორგი აბაშიშვილი გახარიას პარტიის პროგრამულ ხედვებზე

პოლიტიკა 14 Jun 2021 16:57

„დიდი ნაწილი პროგრამაში ეთმობა ეკონომიკურ განვითარებას.  ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ის, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს - ეს არის უმუშევრობა და სიღარიბე.“ - ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი აბაშიშვილი


აბაშიშვილის თქმით, გახარიას პარტიის პროგრამა ამბიციურ მიზანს ისახავს და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიეტირებული. „ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ისეთი ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც ავტომატურად აუცილებელია რომ შემდგომ მივიდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე.


ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ინვესტიციების ხელშეწყობა. გვაქვს კონკრეტული პაკეტი და შეთავაზება ინვესტორებისთვის რამოდენიმე მიმართულებით. ეს შეეხება ერთი მხრივ საგადასახადო შეღავათებს, რიგ შემთხვევაში - სუბსიდირებასაც კი, თუკი ინვესტორი შექმნის ახალ პროდუქციას, რომელიც იქნება  ექსპორტზე ორიენტირებული.  მნიშვნელოვანია რომ დასაქმების ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ჩვენ გვაქვს დანერგილი პრინციპი -„ჯერ ქართული“ - რაც გულისხმობს, რომ ინვესტორი, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტირებას, შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის შემთხვევაში - ამ პრინციპით მოხდება ქართული პროდუქციის გამოყენება პირველ რიგში და ამგვარად საქართველოს მოქალაქეების დასაქმება“- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გიორგი აბაშიშვილმა


აბაშიშვილი პარტიის ეკონომიკურ ხედვებს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირების ეფექტურ სტრატეგიად აფასებს. „ეს ავტომატურად გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანწილად შევამცირებთ უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელს ქვეყანაში.“ 


პარტია ,,საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების განხილვა პარტიის წევრებმა ბათუმში, პარტიის რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მოაწყვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი