ექსპორტი ნახტომისებურად იზრდება, მრავალი წლის შემდეგ იმედის ნაპერწკალი გაჩნდა

პოლიტიკა 14 May 2021 23:41

ბოლო წლების განმავლობაში, პირველად, საქართველოში ექსპორტით იმპორტის გადაფარვა დაფიქსირდა. ამის მიზეზი ეკონომიკის გახსნაა და ის გარემოება, რომ შარშან აპრილში ეკონომიკა საერთოდ გაჩერებული იყო. წელს კი ადგილობრივ წარმოებას, შესაბამისად, ექსპორტსაც, მეტი შესაძლებლობა მიეცა. თუმცა, ამ ციფრების მიღმა დიდად იმედისმომცემი რეალობა არ დგას, თუნდაც იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ქვეყნიდან წარმოებული დოვლათი ნაკლებად გადის. ისევ ლიდერ პოზიციებზეა ნედლეული და მანქანების რეექსპორტი.


სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან ღვინო და ალკოჰოლური სასმელებია მთავარი საექსპორტო საქონელი, რაც ტრადიციულად დამახასიათებელი ამბავია. ეს ლოგიკურია კიდეც, რადგან, როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, ფაქტობრივად მეტი ქვეყანაში საექსპორტი არც არაფერი იწარმოება. 


მიუხედავად იმისა, რომ საკვებ პროდუქტებზე გლობალური მოთხოვნა გაზრდილია,  ვერ ვაკმაყოფილებთ მინიმალურ დონესაც კი.


,,უმსხვილესი სასაქონლო პოზიციის მიხედვით, იანვარ-აპრილში  ექსპორტი საგრძნობლად დაწინაურდა.  ჯერჯერობით მოწინავე პოზიციაზეა სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები. შარშან ამ დროს ყველაფერი გაყინული იყო, ახლა კი ამ 4 თვის განმავლობაში, გარკვეული აქტიურობა შეიმჩნევა. 


რა თქმა უნდა კარგია, როცა ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს იმ მონაცემებთან შედარებით, რომელიც უმოძრაო, გაჩერებულ პერიოდს უკავშირდება. საყურადღებო ისაა, რომ უარყოფითი სალდოს შემცირება შეინიშნება და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 


მოსახლეობის გადახდისუნარიანობა იკლებს და თავისთავად ცხადია ეს იმპორტზე მოქმედებს და მის დონეს ამცირებს. საერთო ჯამში, დადებითი ტენდენციაა. ობიექტები მუშაობს, ტურიზმიც მცირედით გაიხსნა, მომსახურების სფეროც ნელ-ნელ იტვირთება, შარშან მთლიანად გაჩერებული იყვნენ“, - განაცხადა სილაგაძემ.


მისი აზრით, მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული პრობლემაა და სტატისტიკა რეალურად არ არის ისეთი, რაზეც შეიძლება იმედი დავამყაროთ.


,,რას გამოვიმუშავებთ? ფაქტობრივად, არაფერს!  ჯერჯერობით სამუშაო ადგილები არ იზრდება. სეზონურად გაზაფხული უფრო აქტიურია მუშაობის თვალსაზრისით, მაგრამ არ შეიმჩნევა რამე მნიშვნელოვანი გარღვევა. ამდენად, სერიოზული დასკვნების გაკეთება ამ ეტაპე მაინც ნაჩქარევია. საერთო მასშტაბები მაინც არასაკმარისია“, - დასძინა ,,რეზონანსთან“ აკადემიკოსმა.


განსხვავებულია სტატისტიკოს სოსო არჩვაძის მოსაზრება, რომლის განცხადებითაც, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამაზე იმედის დამყარება შეგვიძლია. საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის კომენტირებისას მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ყოველთვიურად, საშუალოდ, 51.3 მლნ დოლარით იზრდება საქართველოს ექსპორტის მოცულობა.


„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით იზრდება თანაფარდობის მაჩვენებელიც: თუ ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელს ჩამორჩებოდა 16.2 პროცენტით, თებერვალში მან უკვე გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით, მარტში - 30.6 პროცენტით, ხოლო აპრილში - უკვე 70.2 პროცენტით. ექსპორტის თვეებს შორის 2021 წლის აპრილი სიდიდით (378.3 მლნ აშშ დოლარი) მეორე ადგილზეა - 2019 წლის დეკემბრის (396.0 მლნ აშშ დოლარი) შემდეგ. ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვასთან რეკორდულად დაბალი (-32.0%) იყო, თუმცა მან 39.0 პროცენტი შეადგინა. 


მოხდა ისტორიული ფაქტი, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივიწევთ წარმატებისკენ. ასე ვთქვათ, ,,ეკვატორი გადალახულია". იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან - რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, საკმაოდ დიდი წარმატებაა მიღწეული საგარეო ვაჭრობაში. საგულისხმოა, რომ ექსპორტი სტაბილურად იზრდება, ყოველი მომდევნო თვე წინა თვესთან მეტია, ანუ თებერვალმა აჯობა იანვარს, მარტმა - თებერვალს და აპრილმა - მარტს. ეს საკმაოდ სოლიდური ზრდაა, რაც თავისთავად გულისხმობს რეალური სექტორის მზარდ პოტენციალს. სტატისტიკა საკმაოდ ოპტიმისტური დასკვნის  საფუძველს იძლევა“, - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,  2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 929.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 199.0 მლნ აშშ დოლარი იყო, (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი).


საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა.




კომენტარები:

ფართი შოპი