ზურაბ ზვიადაური, დავით ქევხიშვილს თანხების არასწორი ფლანგვაში ადანაშაულებს და მის თანამდებობიდან წასვლას ითხოვს

01 May 2018 13:09

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, - ამის შესახებ ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 


ზვიადაურის თქმით, დავით ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგზე და მხოლოდ მის მიერ მიყვანილი მწვრთნელთა გუნდის გადაყენება საკმარისი არ არის. ზურაბ ზვიადაურის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მოქმედებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით და აზრს არ ეკითხება მის გვერდით მყოფ ხალხს. 


„როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ფედერაციის სათავეში, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი, ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას სურდა მწვრთნელი უზნაძის გადაყენება, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო იმ წელს. ჩვენ ყველანი უზნაძის გვერდით დავდექით და მან ვერ გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უზნაძის გუნდი მაინც გაათავისუფლა და მოიყვანა საკუთარი მეგობრები, მათ შორის ირაკლი ცირეკიძე“, - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა. 


მისივე თქმით, დავით ქევხიშვილი არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას. ზურაბ ზვიადაურმა ამის მაგალითად ახალგაზრდა თაობის მაგალითი მოიყვანა. 


„ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება, ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა. ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა“, - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა. 


გუშინ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი