ხათუნა ხოფერია: სანამ გაგინებენ და ჭორებს გიგონებენ, უნდა იცოდე, რომ ახსოვხარ და გითვალისწინებენ

პოლიტიკა 22 Apr 2021 10:12

ხათუნა ხოფერია მეშვიდე შვილიშვილის ბებია გახდა. პირველი შვილიშვილი 39 წლის ასაკში შეეძინა და იმდენად პატარას ჰგავდა, მისი ბებიობა სიცილისმომგვრელადაც ეჩვენებოდათ. ამ მხრივ, ბევრი არაფერი შეცვლილა, შვილიშვილი კი უკვე შვიდი ჰყავს, თუმცა თვითონ კვლავ არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ხათუნა ხოფერია: მეშვიდე შვილიშვილის ბებია გავხდი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს არის ჩემი შვილების გაგრძელება და გზა მარადისობისკენ. 39 წლის ვიყავი, ჩემი პირველი შვილიშვილი რომ გაჩნდა. პატარა გოგოსავით გამოვიყურებოდი და მახსოვს, პარლამენტში, დარბაზში რომ შევედი, ბურჯანაძეს მიჰყავდა სხდომა. ჩაქუჩი დაარტყა და თქვა: ერთი წუთით მომისმინეთ, დღეს ხათუნა ხოფერია ბებია გახდა, ხოფო, გილოცავო. ტაში ხომ დაუკრეს და მომილოცეს, მაგრამ ისეთი ვაჰაჰა იყო დარბაზში, დეპუტატები ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით, მათ წინაშე იდგა პატარა გოგო, რომელიც ბებია გახდა (იცინის).

– გამორჩეული ხართ იმ თვალსაზრისით, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ რძლებთან და მათ შორის ყოფილებთანაც. ეს როგორ გამოგდით?

– მე 18 წელი ვიცხოვრე დედამთილთან ერთად. ის იყო რუსი, ძალიან ლამაზი ქალბატონი, პროფესიით – ექიმი. ხეჩინაშვილის კლინიკაში განყოფილების უფროსი გახლდათ. ის იყო ქალი, რომელიც სულ მუშაობდა, მათ შორის, სახლშიც. სახლსაც უვლიდა და საკუთარ თავსაც. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან მიყვარდა. ახლა ლენინგრადში ცხოვრობს. ოჯახში შესვლიდან მესამე დღეს დავუძახე მას „დედა“ და მეუღლეს რომ გავეყარე, მერეც ასე ვეძახდი. წნევები ჰქონდა და ცუდად რომ ხდებოდა, მის ოთახში შევდიოდი, მოვუვლიდი, მერე გვერდით მივუწვებოდი და ფუმფულა კისერში ვუყოფდი თავს. ერთადერთხელ შევლაპარაკდით და თავის ოთახში შევიდა და კარი ჩაკეტა. ორ საათში მივედი და ვუთხარი, მოდი, ყავა დავლიო-მეთქი და მაშინვე გახარებული გამოვიდა. რადგან ჩემთვის დედამთილი არ იყო ადამიანი, რომლის მიმართაც შეიძლებოდა, გულგრილი ვყოფილიყავი, დღემდე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა იყვნენ ჩემი რძლები ჩემ მიმართ ინდიფერენტულები და რატომ არ უნდა ვუყვარდე მათ?! გარდა ამისა, ეს გოგონები ჩემს ხელში გაიზარდნენ და როგორ შეიძლება, არ მიყვარდნენ?! მესამე და მთავარი – ესენი არიან ჩემი შვილიშვილების დედები, მე თუ მათ არ ვეყვარები, არც ჩემს შვილიშვილებს ვეყვარები სრულყოფილად. არ არსებობს სიყვარული დედის გვერდის ავლით. თვითონაც ძალიან კარგი და შეგნებული გოგონები არიან და ამიტომაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა. როცა მათი და ჩემი შვილების ურთიერთობა მწვავდებოდა, მე არასდროს დამიჭერია ჩემი შვილების მხარე. გოგოების ბევრად უფრო მესმოდა. თან, ჩემი შვილები ყველაფერს მაპატიებენ, იმიტომ, რომ მე დედა ვარ, მაგრამ რძლისგან იგივეს ვერ მოვითხოვ.

– ოჯახი, პოლიტიკა, შემოქმედება – მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვთ. მეტწილად სად ხართ?

– პოლიტიკა ის ჭაობი აღმოჩნდა, რომელშიც ერთხელ თუ ჩაყოფ თავს, ვეღარ ამოდიხარ. მით უმეტეს, თუ მთელი გულით ხარ ანთებული. თუ რაღაც მაინც გაგიკეთებია და თუნდაც ერთხელ შენი გაკეთებული საქმის გამო ადამიანებს შენთვის ტაში დაუკრავთ, იქედან გამოსვლის შანსი აღარ გაქვს. მუდმივად ფიქრობ, რომ საჭირო ხარ და გეშინია უკან დახევით ვინმეს არ აწყენინო. რაც შეეხება ოჯახს, აქ აბსოლუტურად სხვანაირი ხარ. წლები რომ გადის, მეტად გინდება შენს ოჯახში, შენს ბუნებრივ გარემოში იპოვო თავი. მე, მაგალითად, ეს მომენტი, დაახლოებით, 15 წლის წინ გამიჩნდა. საჭმელებს ყოველთვის ვამზადებდი, მაგრამ სურვილი გამიჩნდა, სუფრები გამეშალა და ჩემი მომზადებული გემრიელი კერძების ფონზე მეგობრები მომეწვია, ნათესავები და მეზობლები შემომეკრიბა. მიხარია, რომ ეს ამბები კარგად გამომდის.

– პოლიტიკაში აქტიურობის გამო ბევრი ტალახი გესროლეს, ეს ცუდად აისახება ადამიანის ემოციებზე.

– წლების განმავლობაში თავდაცვის მექანიზმი გამომიმუშავდა, ამას ჩემი შვილებიც შევაჩვიე. ჩემი უმორჩილესი თხოვნა იყო, არ ჩარეულიყვნენ იმ ბინძურ კამპანიაში, რომელსაც ჩემ წინააღმდეგ აგორებდნენ. ისინი თუ ჩაერეოდნენ, ყველაფერს უფრო მეტად გაართულებდნენ და მადლობელი ვარ მათი, რომ კაცურად გამიგეს და პრობლემები არ შემიქმნეს. მე ვაიგნორებ ამ ყველაფერს. სანამ გაგინებენ და ჭორებს გიგონებენ, უნდა იცოდე, რომ ახსოვხარ და გითვალისწინებენ. ტყუილად არავინ გაირჯება შენი გულისთვის. საცოდავი მაშინ ხარ, როცა უკვე აღარაფერს ლაპარაკობენ შენზე (იცინის). ავტოტრენინგებით ჩემი თავი ბევრ რამეს შევაჩვიე და ვერ გეტყვით, რომ ამ ამბავს დიდად განვიცდი. განსაკუთრებით, როცა მტრული ბანაკიდან არის ხოლმე თავდასხმები – ისე გამოსდით, თითქოს ძუძუებით მლოცავენ, რადგან შემდეგ ყველაფერი კარგად მიდის.

– სიყვარულის ამბავი – თქვენი და მეუღლის ურთიერთობა დაშორებით დასრულდა. დღეს ის გარდაცვლილია. ერთი შეხედვით ტრაგიკული დასასრულია, თუმცა ამ თემაზე რომ საუბრობთ, ტრაგიზის ნაცვლად, პირიქით, საოცარი ემოციები იგრძნობა, ეს რისი დამსახურებაა?

– საერთოდ, ასეთი ხასიათი მაქვს, წყენა არ მამახსოვრდება. ასე ვარ მოწყობილი და ჩემი შვილებიც მეუბნებიან ხოლმე, როგორ შეგიძლია, წყენის ასე დავიწყებაო?! მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლე და იმავდროულად, ძალიან ლამაზია. ისე იცხოვრებ, როგორც თავად მოინდომებ. ცხოვრება მონოლოგია, რომელსაც თვითონ წერ. მონოლოგის ბოლოს ტაშს დაგიკრავენ თუ საერთოდ არ მოგისმენენ და ზურგს გაქცევენ, ეს შენზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ ჩემს მონოლოგს ლამაზად ვწერდი და ფერებს ერთმანეთში უხეშად არ ვურევდი. მოგონებებს რუხი ფერებით არ ვტვირთავდი, არასასიამოვნოს, უბრალოდ, ვივიწყებდი. არაფერი მახსოვს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოღმას არასდროს შევუწუხებივარ. ანალოგიურად იყო ვოვასთან მიმართებაში. ყველა ფაქტორი იყო იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორებოდით. იყო ჩხუბიც და უსიამოვნებაც, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დამთავრდა, მერე ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. ვოვა რომ გარდაიცვალა, მასთან სახლში დღიური ვნახე და მასში ძალიან ბევრი ჩანაწერი იყო ჩემთან დაკავშირებით. ამან ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. სიყვარული არ ქრება. შეიძლება, ამ მომენტში არ გიყვარს ადამიანი, მაგრამ შენი ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთში ხომ გიყვარდა? ანუ, ის სიყვარული შენში არსებობს, ის წარსული ხომ შენი ცხოვრებაა. რაც უფრო ასაკში შევდივარ, უკეთ ვხვდები, რომ ადამიანის ძირითადი ამოსავალი მოგონებებია. შენ იმდენად ხარ ჯანმრთელი, რამდენად ჯანმრთელი მოგონებებიც გაქვს.

– ნათქვამი გაქვთ, რომ გარდავიცვლები ჩემი მეუღლის გვერდით დავიკრძალებიო.

– ვოვას არ ჰყოლია სხვა ცოლი, ჩვენ ჯვარი არ აგვიყრია და არც სამოქალაქო ქორწინება გაგვიუქმებია. გვყავს ორი შვილი და უკვე შვიდი შვილიშვილი. ეს ჩემი და ვოვას ცხოვრებაა, რომელსაც ერთად ვაგრძელებთ. ის, რომ მე ამქვეყნად ვარ, ის კი – იმქვეყნად, არაფერს ნიშნავს. ვოვა რომ გარდაიცვალა, დაკრძალვის წინ ვუთხარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმქვეყნად დამიჯერებ და იქ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით-მეთქი.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი