პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ნაამბობი: ერეკლე კოდუაც იმყოფებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად რუსთაველზე...

26 Apr 2018 01:36

/არქივიდან, 2014 წელი/



ინტერნეტსივრცეში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ფოტოზე, სამართალდამცავი უწყების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე, ერეკლე კოდუაცაა აღბეჭდილი.


ნანუკა ჟორჟოლიანმა, „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფოტო მონტაჟია და მის გავრცელებაში მთავრობის კანცელარიის თანამშრომელი, ბექა მჭედლიშვილი და შსს დაადანაშაულა.



„კვირის ქრონიკას" აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ესაუბრა. ეს ადამიანი ამავე ფოტოებზეა აღბეჭდილი, თუმცა, ის არ უარყოფს ფოტოს ნამდვილობას, არ მიაჩნია ფოტომონტაჟად და რაც მთავარია, ამბობს, რომ ერეკლე კოდუაც იმყოფებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად რუსთაველზე. ის ქრონოლოგიურად გვიყვება მთელი დღის ამბავს. მის მონაყოლში ბევრ უცნობ დეტალს ამოიკითხავთ, ისეთს, რომელზეც დღემდე არ უსაუბრიათ.


- დილა ასე დაიწყო: დილით მართლა დასუფთავების ხალხი გაუშვეს, ბევრი „ბომჟი" იყო იქ თავმოყრილი და აუცილებელი გახდა დასუფთავების ხალხის მიყვანა. ამ ბომჟებთან რომ არ შექმნოდათ რაიმე პრობლემა დასუფთავების ხალხს, უსაფრთხოებისთვის გააყოლეს პოლიციელები. დაახლოებით ასე იყო - 50 დასუფთავების წარმომადგენელი და 15 პოლიციელი.


- ანუ პოლიციის მიგზავნას დილით თქვენ არ უარყოფთ?

 

- არ უარვყოფ, იყო პოლიცია გაგზავნილი, მაგრამ არა ვინმეს საცემად და დასარბევად. მათი მისვლის შემდეგ, „იმედმა" ეთერში გაუშვა მასალა, რომ მომიტინგეები აყარესო და რაღაცები. ამის მერე, დაახლოებით 12 საათისკენ მოვიდა კახა კუკავა. დაახლოებით 500 ადამიანმა მოიყარა თავი. ჩვენ მერიიდან რკინის ბარიერები გვქონდა მოტანილი და ჩავალაგეთ პარლამენტის წინ გაზონთან, ტროტუარსა და სავალ ნაწილს შორის. პატრულები დავაყენეთ ბარიერის ჩაყოლებაზე. ჩემი ოცეული იყო და პირდაპირ ვიღებდი დავალებებს. დაახლოებით 40 პატრული იყო მთელ სიგრძეზე. მოგვიანებით მოვიდა ბრძანება, რომ „ტელეიმედი" ცუდად აშუქებს, თითქოს ხალხზე მეტი ვართო და გამოვხშირეთ ყოველი მეორე პოლიციელი და გავიყვანეთ ტერიტორიიდან. დავრჩით დაახლოებით 25 ადამიანი, შემდეგი ბრძანებით კიდევ 10 გაგავყვანინეს და დავრჩით 15 პოლიციელი.


- რატომ იღებდით ბრძანებებს შემცირებაზე?

 

- ამ დროს კუკავა და რამდენიმე ლიდერი პარლამენტის კიდეებს ძლივს ავსებდნენ. კახა კუკავა დროდადრო 30-35 კაცით ჩამოდიოდა პარლამენტის კიბეებიდან, გვაგინებდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ შეძახილებით, - მონებო, ლეკვებო, ვანოს შნირებო და ა.შ. ძალიან ძნელი მოსასმენი იყო ეს ნებისმიერი კაცისთვის, მაგრამ ბრძანება ბრძანებაა ფორმიანისთვის, ბრძანება კი ასეთი იყო - არანაირი შეპასუხება და კონფლიქტში შესვლა მომიტინგეებთან! ისედაც კარგად ჩანს, რომ თქვენ ცოტა ხართ და მომიტინგეები იქცევიან არანორმალურად, პროვოკაციაზე უნდათ წამოგაგონ და არ შეცდეთო, ზემოდან გვეუბნებოდნენ. ბიჭები ზურგით დავაყენე, რომ არ ეყურბინათ მომიტინგეებისთვის, ასე უფრო ადვილი იყო იქაური სიტუაციის გადატანა. ვანომ შემოგვითვალა, - რამენაირად აიტანონ, მაგათი გინების გამო მერე მე გადავუხიო მადლობას. ასე რომ, ვერ აგვიყოლიეს და ვერ დაძაბეს სიტუაცია, დაახლოებით შუადღისკენ კახა კუკავა დაახლოებით 50 მომიტინგეთი და რუპორით გამოექანა პირველი სკოლის მხრიდან და გამოუყვნენ ბარიერებს გინებით და რაღაცების ბოდიალით, უკვე ბარიერის შუა ნაწილისკენ რომ მოვიდნენ, ჯებირების რღვევა დაიწყეს და ამ მომენტშია ეს ფოტო გადაღებული. ის ფოტოგრაფი, ამ ფოტოს იღებს, პარლამენტის კიბეების მხრიდან.


- რატომ დგას ამდენი პოლიციელი ერთად, რა ხდება ამ დროს?

 

- ამ ფოტოზე ყველა ხელმძღვანელია - საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და ა.შ. მანდ ყველა მაღალჩინოსანია თავმოყრილი ერთად. ამ დროს სიმშვიდე იყო, სანამ, როგორც ზემოთ გითხარით, კუკავა არ წამოვიდა 50 მომიტინგესთან ერთად და ჯებირის გარღვევა არ დაიწყეს, ზუსტად იქ, სადაც ეს მაღალჩინოსნები იდგნენ. ჯებირების რღვევას მათი მხრიდან არავინ ელოდა. პატრულები მათ უკან არიან საერთოდ. ხომ ხედავთ, არავინ არ ჩხუბობს, ხალხის მასას აწვებიან, რომ ქუჩაზე არ გადმოვიდნენ.


- ამ ფოტოზე ერეკლე კოდუა ნამდვილადაა?

 

- ერეკლე კოდუა დილით არ მახსოვს, მაგრამ მერე უკვე ისიც იყო სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ვინ არ იყო, რომ ერეკლე არ ყოფილიყო?! ვანო მერაბიშვილიც კი იქ იყო, იდგა და მახსოვს ეგეც რომ ნერვიულობდა მაგრად, აქამდე როგორ მივიდაო საქმე. დილით ტერიტორიაზე დაახლოებით 200 პოლიციელი იყო მობილიზებული, ყველა პატრული იყო. ყველაფერი, რასაც „იმედი" გადასცემდა, გაბუქებული და ტყუილი იყო. გვეცინებოდა, გაგიჟდნენ ესენიო... ამიტომაც იყო, „იმედს" რომ მისცხეს, მათი დამსახურებით მოხდა ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ვითარების დაძაბვა. ჯებირების რღვევის ეს მომენტი რომ გადასცა „იმედმა", დამატებით კიდევ დარაზმეს ხალხი და რუსთაველის მეტროდან წამოვიდნენ ფეხით. აქ უკვე სახელმწიფო უკან არ დაიხევდა და შესაბამისი ზომები მიიღეს.


ამ დრომდე არც სპეცრაზმი, არც წყლის ჭავლის მანქანა, არ იყო მობილიზებული. პატრულის ძალით ცდილობდნენ, გზა განთავისუფლებულიყო და სიტუაცია განმუხტულიყო. მერე მოხდა ის, რომ ხალხმა დაამტვრია პოლიციის მანქანა, ჩემი იყო, სხვათა შორის, მაგ დროს რუსთაველზე ქვაფენილს აგებდნენ და მაგის ქვები დაუშინა ხალხმა პატრულს და მაშინ გამოვიყვანეთ უკვე პატრულები. ამის მერე მივუშვით სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და მერე რაც მოხდა, ეგ ყველამ იცის.


- ვანო მერაბიშვილი ამ დროს რას აკეთებდა?

 

- მაგრად ნერვიულობდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, მაგრად არ სიამოვნებდა ეგ, რაც მოხდა, და საერთოდაც რა ხდებოდა... მარტო იდგა პარლამენტთან და ვერავინ ეკრებოდა. მერე ისევ თვითონ გავიდა კონტაქტზე ხელმძღვანელებთან, გამოიკითხა, - კიდევ სად რა ხდებაო და უთხრეს, რიყეზე იკრიბებიანო. მერე „ტელეიმედის" ამბავიც იკითხა და უთხრეს, რომ ჯერ იქ არაფერი ხდება. ამის მერე დაშალეს რიყე და „იმედში" კუდ-ი შეუშვეს. ამის მერე საპატრულო პოლიცია გაგვაყვანინეს ისევ, ამჯერად „იმედთან", ინფორმაცია იყო მოსული, რომ „იმედისკენ" მოდიოდა ხალხის მასა და ამიტომ.


- „ტელეიმედში" რომ მიხვედით, იქ რა სიტუაცია დაგხვდათ?

 

- ტერიტორია რომ გაწმინდეს, მე დამტოვეს, ტერიტორიაზე არავინ შეუშვაო. იქ რომ შევედი, ყირაზე დამხვდა უკვე ყველაფერი, ალბათ, როცა სპეცრაზმი შევიდა, წინააღმდეგობაც გაუწიეს თანამშრომლებმა და დანგრეული იყო იქუარობა. ისე კი იყვნენ ღირსი, იმ დღეს, მათგან ერთი სიტყვაც კი არ გასულა სიმართლე. მთელი დღე ხალხს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდნენ, პოლიციის წინააღმდეგ ამხედრებდნენ ხალხს... უკვე პოლიციელებშიც ასეთი ფონი შეიქმნა - არ გვინდობენ, ნუ დავინდობთო! მერე, საღამოს, რიყეზე რომ დაშალეს აქცია, საიდანაც კადრი გადაიცა ტელევიზიით, სპეცრაზმელს რომ იჭერენ და ქვას ურტყამენ თავში, დაუნდობლად სცემენ, მერე პოლიციას სთხოვ შენ დანდობას?!


- გისმენთ და არ გაწყვეტინებთ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი სათქმელი ბოლომდე თქვათ. თუმცა, ამას მიანც გკითხავთ, - ამით იმის თქმა გინდათ, რომ პოლიციას არ გადაუმეტებია უფლებამოსილებისთვის იმ დღეს და მარტო ხალხი ძალადობდა?

 

- გადამეტება მართლა იყო პოლიციის მხრიდან რაღაც კუთხით, მაგრამ როცა ყველაფერს ამტვრევს მოქალაქე, აქეთაც თავს ესხმის სამართალდამცავს, რა უნდა ქნა? დღესაც ღრმად მჯერა, რომ რაც იმ დღეს მოხდა, ყველაფრის ღირსები იყვნენ! ახლაც რომ მოხდეს მსგავსი რამ და ოპოზიციურმა ძალებმა გადაამეტონ, პოლიცია ისევ უნდა დადგეს ხელისუფლების გვერდით. ვინც ასე არ მოიქცევა ის არის ქვეყნის მტერი!


- მერე როგორ ფიქრობთ, სამართალდამცავს თმენის მეტი ვალდებულება რა გააჩნია?

 

- კი, მაგრამ რამდენის? გინება ითმინეს შუადღემდე, ითმინეს ქვების სროლა, საპატრულო ეკიპაჟის განადგურება... იმაზე მეტიც ვითმინეთ, ვიდრე შეიძლებოდა. იმ დღეს პოლიციელებს იარაღი დაატოვებინეს, რიგითებსაც და ხელმძღვანელებსაც, რომ რაიმე არ მომხდარიყო და ეს ვინმემ სადმე აღნიშნა? ერთი შეხედვით ჩანდა, რომ პოლიციელები ცუდად მოიქცნენ, მაგრამ მედლის მეორე მხარესაც შეხედეთ - რამდენი მოითმინეს.


„კვირის ქრონიკა" პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერს, კახა კუკავასაც დაუკავშირდა:

 

- იმ დღეს, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის უკიდურესად თბილი დამოკიდებულება იყო - როგორც სამთავრობო დაცვასთან, ასევე საპატრულო პოლიციასთან. სანამ დარბევა დაიწყებოდა, მომიტინგეებს აბსოლუტურად არავისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შეიძლება ხმამაღალი საუბარი იყო, მეტი არაფერი. მერე, როცა დარბევა დაიწყო, რა თქმა უნდა, იყო მსგავსი ფაქტებიც. ბუნებრივია, ხალხს რომ „დუბინკებს" ურტყამ, კარგიაო, ხომ არ ეტყოდა ხალხიც?!


არადა, 2-დან 7 ნოემბრამდე ხომ მიმდინარეობდა მიტინგი მშვიდობიანად?! მოვიდა პოლიცია, შემოიჭრა მომიტინგეთა მასაში, დაარბია ეს ხალხი, მიაყენა მძიმე დაზიანებები, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძეს, რასაც მოჰყვა კონტრრეაქცია, იმ დროს პატრულის მანქანაც დაიმტვრა. რა უნდოდა საპატრულო მანქანას მიტინგზე? საპატრულო მანქანა თუ მომიტინგეთა მასაში შეიჭრებოდა, მაშინ მას მოხვდებოდა წიხლი ხალხისგან და რა გამოდის, ვისი მხრიდან მოდიოდა სიტუაციის პროვოცირება? მომიტინგეები გასცდნენ თავიანთ ტერიტორიას, რომელიმე შენობაში შეიჭრნენ, პოლიციას გამოეკიდნენ ქუჩაში, თუ რა? პოლიცია შემოიჭრა მომიტინგეთა ტერიტორიაზე და ამას მოჰყვა კონფლიქტი. ღამე მოვიდნენ ზონდერები, დაარბიეს ჩვენი მოშიმშილეები და მერე საპასუხოდ რატომ შეაგინა ვინმემ და პატრულის მანქანას წიხლი რატომ მოხვდა, გაუგებარი არ უნდა იყოს.


- ფოტოზე, რომელზეც საუბარია, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ის მომენტია აღბეჭდილი, როცა თქვენ, სხვა მომიტინგეებთან ერთად, ცდილობთ ჯებირის გარღვევას...

 

- კი, ეს ასე იყო, დილით, როცა მომიტინგეები დაარბიეს, შევიკრიბეთ ჩვენც და განვახორციელეთ კონტრდარბევა და გარკვეული ტერიტორია დავიკავეთ. ეს ნამდვილად ასე იყო.


- ამ დროს ერეკლე კოდუა იყო პარლამენტის შენობასთან?

 

- იყო თუ არა იქ იმ დროს კოდუა, ეს ნამდვილად არ მახსოვს. გეგეჭკორი ზუსტად მახსოვს, რომ იყო.


- „ტელეიმედი" რასაც გადასცემდა, ყველაფერი გაბუქებული იყოო, ჩვენი რესპონდენტი ამბობს. თქვენ უშუალო მომსწრე ხართ იმ დღეს განვითარებული მოვლენების, ეთანხმებით მის განცხადებას?

 

- ვერ იქნებოდა გაბუქებული, ერთი მარტივი მიზეზის გამო - მოვლენები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. რაც ხდებოდა, ხალხი იმავეს ხედავდა. სხვათა შორის, დარბევამდეც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა...

 


დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი