"რატომ ვუჭერ მხარს სააკაშვილს?" - რას ამბობს ბუბა კიკაბიძე საქართველოს ექსპრეზიდენტზე, რუსეთსა და პუტინზე?

ყვითელი 21 Apr 2021 10:13

რუსული ყოველკვირეული გაზეთის - "სობესედნიკის" ("Собеседник") მე-15 ნომერში (20 აპრილი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან სათაურით - "პუტინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ამბიციებია", რომელშიც იგი მრავალ საკითხზე საუბრობს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს.


როგორც რუსი ჟურნალისტი ოლეგ პერანოვი წერს, "ცნობილ საბჭოთა არტისტს, ჩვენს სახალხო "მიმინოს" -  ვახტანგ კიკაბიძეს ბევრჯერ გაუკრიტიკებია რუსეთის ხელისუფლება 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის გამო, მან უარიც კი თქვა რუსული ორდენის მიღებაზე და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლაზე... გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა, გასაუბრებოდა ვახტანგკიკაბიძეს და გაეგო, თუ როგორც ცხოვრობს დღეს იგი".


გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:


- რატომ უჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს?

- ჩემი აზრით, მას ყოველთვის უყვარდა [და უყვარს] თავისი სამშობლო; ამბობდა და აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც ყველას ეშინოდა. როცა იგი საქართველოს სათავეში მოვიდა, ჩვენი ქვეყნის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.მიშამ ქართველებისთვის ბევრი რამ გააკეთა... თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დაუშვა. მაგრამ იგი ამ შეცდომებზე სწავლობდა....


ის, რაც ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით მოხდა, ვფიქრობ, პროვოკაციის მიზნით იყო ჩაფიქრებული. შეიძლება პოზნერმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და პროვოკაცია ზემოდან მოდიოდა. რუსული ტანკები ჩვენთან და ჩვენს მეზობლად დგანან - სომხეთსა და აზერბაიჯანში. რაღაც რომ დაწყებულიყო, რუსი ჯარისკაცები თბილისში შემოვიდოდნენ.


- ახლა მხოლოდ საქართველოში აწყობთ კონცერტებს თუ სხვა სახელმწიფოებშიც დადიხართ?

- საზღვარგარეთ ხშირად დავდივარ - ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში... რომ არ ვიარო, ჩავწვები და ვეღარ ავდგები... ადრე რუსეთში ბევრი მიწვევა მქონდა, დღემდე მეპატიჟებიან, მგრძნობიარე წერილებს ვიღებ... მაგრამ მე გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მოვიქეცი: ორდენზე უარი ვთქვი და ამას არც ვნანობ. შეიძლება მართალი არ ვარ, მაგრამ მე ყოველთვის ისე ვაკეთებ, როგორც სწორად ვთვლი. საკუთარ თავს პატივი უნდა ვცეთ - სიცოცხლე ხომ ძალიან მოკლეა...


- თქვენ არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებშიც მიგიწვიეს...

- კი, იყო ასეთი შემთხვევა... მაგრამ მე ხომ მათ რესპუბლიკებს არ ვაღიარებ. იქ, თითქოსდა, კონცერტების ჩატარებისათვის მიწვევდნენ, მაგრამ როგორც კი ჩავიდოდი, დამიჭერდნენ და დამხვრეტდნენ. საერთოდ, მე რუსი ხალხი ძალიან მიყვარს. თქვენთანაც ძალიან ბევრს ვუყვარვარ... მაგრამ ხალხი და კრემლის ხელისუფლება სხვადასხვაა. რუსეთში არავინ ეკითხება ხალხს რჩევას და აზრს. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ასეა. ადამიანები ფიქრობენ, რომ რადგანაც ხელისუფლების სავარძელში ჩასხდნენ, მთელი ცხოვრება ისხდებიან, მარადიულად... მაგრამ ჩვენ ხომ იმქვეყნად ყველანი წავალთ?


- თქვენ დღეს ნორმალურად ცხოვრობთ მატერიალური თვალსაზრისით?

- არა. ჩვენ უკვე მთელი წელია, არ ვმუშაობთ, არ გამოვდივართ. არტისტები ყველამ დაივიწყა, ჩვენ თითქოს არ ვარსებობთ. მე კი ვფიქრობ, რომ კულტურაა ყველაფრის საწყისი. არტისტები ქვეყნის სახეა, შეიძლება ითქვას. ერთი წელია, მეკითხებიან, გამოხვალთ თუ არა კონცერტითო... საშინელებაა პირდაპირ.


- კინო თუ არის ისევ თქვენს ცხოვრებაში? მონაწილეობთ ფილმების გადაღებებში?

- კი, არის. ახლახან დავამთავრე ერთ-ერთი კინოსცენარი, მაგრამ სანამ ეს კორონავირუსის ეპიდემია არ გადაივლის, მისი რეალიზება ვერ მოხერხდება. საერთოდ კი, მე ვოცნებობ ჰაჯი-მურატის როლის შესრულებაზე, ლევ ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვით. ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. გია დანელიას სურდა ფილმის გადაღება, სცენარიც კარგი იყო, მაგრამ ნებართვა არ მისცეს.


- რუსულ ტელეარხებს თუ უყურებთ?

- კი, ზოგჯერ. განსაკუთრებით პოლიტიკურ თოქ-შოუებს. თუმცა მათი ნახვის შემდეგ მე თვითონ მრცხვენია ხოლმე იმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ: გაბრაზებულები ერთმანეთს მგლებივით უყურებენ და ილანძღებიან...


- და მაინც, როდის შეიძლება გნახოთ რუსეთში?

- ალბათ, როცა პოლიტიკოსები სიტუაციას გაარკვევენ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხში... აი, მაშინ კი სიამოვნებით ჩამოვალ... ალბათ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის სათავეში აღარ იქნება... იგი, რა თქმა უნდა, ძლიერი ადამიანია, მაგრამ სხვა მიმართულებით მოქმედებს - მისთვის მთავარს და მნიშვნელოვანს მხოლოდ საკუთარი ამბიციები წარმოადგენს".


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი