ხატია ქვათაძე: დაცემა გზის დასასრულს არ უნდა ნიშნავდეს

TV - ამბები 20 Apr 2021 23:10

ხატია ქვათაძე წლებია, მაყურებლის ნდობით სარგებლობს. მისი ჟურნალისტური კარიერა „მაესტროდან“ დაიწყო და ტელეკომპანია „იმედზე“ გრძელდება.

ხატია ქვათაძე: ყოველთვის მომწონდა აუდიტორიასთან კონტაქტი. ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვიმღერებდი სცენაზე, ნიჭი რომ მქონოდა. სკოლაში ძალიან აქტიური ვიყავი, ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, რადგან ხალხის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. დღეს, ამ გადასახედიდან, ვხვდები, რომ აუდიტორიასთან ურთიერთობის სურვილი ჩემს პროფესიაში რეალიზდა.

– საკმაოდ რთულია პოლიტიკურ-სოციალურ თემებზე მუშაობა. თავიდანვე ეს მიმართულება გინდოდათ? როგორ იცავთ თავს ნეგატიური ემოციებისგან?

– ვერ ვიტყვი, რომ გეგმაში თავიდანვე სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებით მუშაობა მქონდა. როდესაც მე მუშაობა დავიწყე, მაშინ ქვეყანაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ამ პროცესში „მაესტროს“ ძალიან საპასუხისმგებლო როლი ჰქონდა. ამ დიდ ბრძოლაში მივიღე პირველი გამოცდილება, როგორც კორესპონდენტმა და შემდეგ ლოგიკურად გავყევი ამ მიმართულებას. დღეს ვერც წარმომიდგენია, რომ შეიძლება, სხვა რამ მეკეთებინა. ასე რომ, ეს არ ყოფილა შეგნებული არჩევანი, თუმცა, არ ვნანობ. რაც შეეხება ემოციურ მხარეს, მაყურებელს შეიძლება, ეგონოს, რომ ხშირ შემთხვევაში ესა თუ ის თემა ჩვენ ნაკლებად გვედარდება. კი, გეტყვით, რომ რაღაც თვალსაზრისით, მეტად ცივი ხდები პროცესებისადმი. რაციონალური დამოკიდებულება იმდენად მოგეთხოვება, რომ ემოციებისთვის ნაკლები დრო გრჩება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ეთერში ცრემლებამდე მივსულვარ. რაც უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს, ამის გამკლავება რთულია, რადგან ყველანი ადამიანები ვართ და განვიცდით, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც მომიხერხებია. ამ საქმეს მართლაც ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ამიტომ, თავისუფალ დროს ვცდილობ ხოლმე, მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყო სოციალურ-პოლიტიკური პროცესებისაგან. სხვანაირად, პირადად მე, დღეს უფრო რთული ემოციური მდგომარეობა მექნებოდა, ვიდრე მაქვს.

– რა თვისებები გახდა ხატიას წარმატების განმსაზღვრელი?

– ძალიან ბანალურია, მაგრამ შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა. ამის გარეშე არ გამომივიდოდა. ემოციური სიმყარეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზაზე ბევრჯერ დამწყვეტია გული როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ჭრილში. მაგრამ დაცემა გზის დასასრულს არ უნდა ნიშნავდეს. უნდა წამოდგე და ფეხზე უფრო მყარად დადგე. გამბედავი უნდა იყო, რადგან ამ საქმეში ძალიან სწრაფად გიხდება გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, მე უცებ შემომთავაზეს საპასუხისმგებლო პოზიცია და მაშინ რომ გამბედაობა არ გამომეჩინა, დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გავუშვებდი ხელიდან. არ მინდა, ჭკუის დარიგებასავით გამომივიდეს, ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილებაა.

– ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ხშირად გვესმის ბრალდებები ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობის შესახებ და არასასიამოვნო კომენტარებიც დიდი დოზით გვხვდება, მით უმეტეს სოციალურ ქსელში. ამას განიცდით?

– ჩემზე ამას არანაირი ემოციური გავლენა არ აქვს. ყველას ვერ მოეწონები და ამაზე ნაკლებად ვრეაგირებ. ასე რომ, ემოციურ ნაწილში სრულიად თავისუფალი ვარ და თან, ჩემი არხის პოზიციაში მე სავსებით კომფორტულად ვგრძნობ თავს. არასდროს მიკეთებია საქმე, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ამიტომ ამ კუთხით არანაირი დრამა და მღელვარება არ მაქვს. არცერთი სოციალური ქსელი არ მაქვს და შესაბამისად, არაფერს ვკითხულობ.

– საინფორმაციო წამყვანების გარეგნული იმიჯი გარკვეულ სტანდარტებში ზის, რასაც ნამდვილად არღვევთ, თუნდაც ახლა – იასამნისფერი თმით. არ გზღუდავთ ეს ჩარჩო?

– ჩემთვის უპირველესი სტანდარტი არის სანდოობა და არავულგარულობა. ვფიქრობ, რომ არცერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ვულგარული. რაც შეეხება, იმიჯის ხშირ ცვლილებას – საერთოდ, ცვალებადი ვარ და სიახლეებს ხშირად ვსაჭიროებ, მათ შორის, იმიჯის ნაწილშიც. სამსახურს ეს არასდროს გაუპროტესტებია. ვფიქრობ, სწორად ესმით ჩემი დამოკიდებულება. ჩემი იასამნისფერი თმა ბევრისთვის ნამდვილად იქნება მიუღებელი, უცხო და გაუგებარი, მაგრამ არ მგონია, რომ ამის გამო, ვინმემ არ მომისმინოს. თან მგონია, რომ სამყაროში რაღაცები იცვლება და მათ შორის, ესეც. არ ვფიქრობ, რომ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, აუცილებლად პიჯაკი უნდა ეცვას და ქერა ან შავი თმა ჰქონდეს.

– გარეგნობა რამდენად დიდი საზრუნავია?

– სამწუხაროდ, გარეგნობაზე ზრუნვას დიდ დროს არ ვუთმობ. თუმცა, არ მგონია, ეს კარგი იყოს ჩემი პროფესიის მქონე ადამიანისათვის. ვცადე ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო ჩემთვის, მაგრამ არ გამომდის. მივხვდი, არ ვარ იმ ასაკში, რომ საკუთარ თავს რაღაცები დავაძალო (იცინის).

– დიდი ტრაგედია გაქვთ გადატანილი – ვგულისხმობ მეუღლის გარდაცვალებას. ეს როგორ აისახა ხატიას პიროვნებაზე, როგორ წავიდა ამის შემდეგ ცხოვრება?

– ძალიან რთულად. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო მჭირდება ამ ყველაფრის, როგორც მოცემულობის, მისაღებად. მოკლე დროში ძალიან გამზარდა ამ ამბავმა. ახლა ვიცი, რას ნიშნავს ტრაგედია, ნამდვილი ტკივილი და პატარა წარუმატებლობასა და ტკივილს ასე აღარ ვუწოდებ. შესაბამისად, ბევრი რამის მიმართ გავხდი გაცილებით ამტანი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვერავინ განსაზღვრავს, რამდენ ხანს გაგრძელდება გლოვა და რა ფორმით. თუ გამოხატულ გლოვას ვგულისხმობთ, ის პერიოდი დასრულდა. ვალდებული ვიყავი დამესრულებინა, რადგან ამის საშუალებას ცხოვრება დიდი ხნით არ გვაძლევს და არც ის ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და ვუყვარდით, რადგან არ უნდათ, ასეთს გვხედავდნენ. თუმცა, ზოგადად, გლოვა, გაცილებით ხანგრძლივია და ინდივიდუალური, დანაკარგის სიდიდიდან და შენი მისდამი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

– იმ პერიოდში, როგორ აგრძელებდით ჟურნალისტურ საქმიანობას?

– რაღაც პერიოდი სამსახურში არ ვიყავი და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მაშინდელ ხელმძღვანელებს. მათი თანადგომა ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. იმაშიც დიდი როლი ითამაშეს, რომ მალე დავბრუნებოდი ჩემს საქმიანობას და ეს პაუზა ძალიან დიდხანს არ გაგრძელებულიყო. რა თქმა უნდა, არ ვიყავი ისეთი შრომისუნარიანი, როგორიც საერთოდ ვარ, თავიდან – ავტომატურად, შემდეგ კი ჩვეულებრივად გავაგრძელე. სულ მახსენდებოდა ირაკლის სიტყვები – „შენ ამ საქმეში ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში“. ყოველ ჯერზე, როცა სამსახურში მივდიოდი, ამაზე ვფიქრობდი. ის ძალიან ძვირფასი მეგობარი და ჩემი დიდი მხარდამჭერი იყო, რომელსაც ძალიან ახარებდა ჩემი წინსვლა. ამიტომ მეც აღარ მივეცი საკუთარ თავს უკანსვლის საშუალება, მას ეს არ მოეწონებოდა.

– ყველა, ვინც შენ გარშემოა, ცდილობს, დაგაბრუნოს, ხალისი დაგიბრუნოს. თუმცა სწორედ ის ადამიანი არის რეაბილიტაციის ყველაზე დიდი მიზეზი, ვის გამოც ამ მდგომარეობაში ხარ.

– ვერ ვიტყვი, როგორ ხდება სხვა შემთხვევაში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ჩემთვის ირაკლი ყოველთვის იყო და იქნება ძალიან ძვირფასი ადამიანი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მასთან ბმა არ დამიკარგავს. მასა და მის დამოკიდებულებებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს გაძლიერებაში. შეიძლება, ადამიანები ფიზიკურად აღარ არსებობდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას ფიქრობენ ისინი ამა თუ იმ საკითხზე, მით უმეტეს, თუ ის ადამიანი შენი ნაწილი და შენთან ერთად გაზრდილი, შენი სულიერი მეგობარი იყო.

– როგორია თქვენი ლამაზი ისტორია?

– მადლობა ღმერთს, ცხოვრებას და ირაკლის, ამ ისტორიისთვის. პატარები რომ ვიყავით, ვამბობდი, მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ მოხუცებულობაში ბევრი საინტერესო ისტორია მქონდეს გასახსენებელი-მეთქი. მადლობა მას ამისთვის. სულ რომ აღარაფერი მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, იმდენი რამ შემიძლია, გავიხსენო, ესეც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი კარგი რამ მოხდება. ამ ისტორიას კი ძალიან ბედნიერი ვატარებ და არ დამენანება მისი გაზიარება, რადგან მინდა, ბევრმა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი ურთიერთობა. როგორც არ უნდა იცვლებოდეს სამყარო და ადამიანები, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს იმის, რომ არსებობს იდეალური მეორე ნახევარი.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი