როდის აპირებს გიორგი გურგულია ბერად შედგომას და ვინ და რის გამო დააქცია მისი ოჯახი

ყვითელი 20 Apr 2021 16:54

მსახიობმა გიორგი გურგულიამ გადაწყვიტა, პოლიტიკურად გააქტიურდეს და საკუთარი გამოცდილება, რომლითაც თავის დროზე წინა ხელისუფლებას დაეხმარა, ახლა მესამე ძალის, ანუ როგორც თავად ამბობს, ჯანსაღი ოპოზიციის შექმნას მოახმაროს.

- ამ ფონზე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეთ. თქვენს როლს რაში ხედავთ ასეთ მოცემულობაში, რისი შეცვლა შეგიძლიათ?

გიორგი გურგულია: ძალიან დიდი ხანია, ვამბობ, რომ მესამე ძალა, ანუ ნამდვილი ოპოზიცია უნდა შეიქმნას. ჩემთვის უკვე „ოცნებაც“ ზუსტად იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი-ორი მეგობარი კიდევ მყავს ამ გუნდში, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. რაც შეეხება ჩემს როლს პოლიტიკაში, მე ძალიან სერიოზულ კომპანიებში მიმუშავია და პოლიტიკური რეკლამის კეთების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. სარეკლამო კამპანიით პოლიტიკური იმიჯისა და იდეოლოგიის შექმნა კარგად ვიცი. არც ფანტაზია მაკლია და არც საამისო უნარი. ამიტომ, ამ კუთხით ჩემი გამოყენება კარგი იქნებოდა, თუნდაც, მრჩევლის სტატუსით.

– თქვენ გიცნობენ, როგორც თბილისის კოლორიტს, რომელმაც იცის ამ ქალაქის წესები, ქუჩის კანონები, ავტორიტეტებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. სულ სხვა ცხოვრების სტილი და ღირებულებები გაქვთ და ეს ყველაფერი პოლიტიკასთან თანხვედრაში როგორ წარმოგიდგენიათ?

– მე პოლიტიკაში მოვდივარ გვერდიდან, ეს რომ ვთქვი, ატყდა ამბავი და ჩემი მეგობრები მირეკავენ, რა გინდა პოლიტიკაშიო?! აგიხსნით, რას ვგულისხმობ პოლიტიკაში მოსვლაში – მე ვარ ხელოვანი და შეუძლიათ, პოლიტიკაში გამომიყენონ მათ, ვისაც ღირსეულ ადამიანად ჩავთვლი. მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა იყოს გიორგი გახარია. გამიხარდება, თუ მას ამ სივრცეში დავინახავ და აუცილებლად დავუჭერ მხარს. მომწონს, რადგან მან თავისი შეცდომისთვის ბოდიშის მოხდა შეძლო, რაც ბევრმა პოლიტიკოსმა იუკადრისა.

– შეიძლება, მის გვერდით გიხილოთ?

– აუცილებლად. რაღაც ეტაპზე აუცილებლად დავეხმარები გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაში და თავისი გზის პოვნაში. მისი ერთ-ერთი მრჩეველი ჩემი მეგობარია და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. დასამალიც არ არის, ნაციონალების სახელი ჩემი მოგონილია. ჟვანიას ფრთა რომ მოდიოდა, ძალიან ბევრი იდეა მათ მე მივაწოდე, რომელიც გამოიყენეს და ამის გამო ბოდიშები მაქვს მოხდილი, რადგან ჟვანია, ვინც რეალურად დემოკრატი იყო, მოკლეს და ქვეყანაში დიქტატურა დაამყარეს.

მანამდე ყველას მე ვუკეთებდი სარეკლამო კამპანიებს და ეს გამოცდილება შევთავაზე ჩემს მეგობარს, რომელიც გახარიას მრჩეველია. ვუთხარი, რომ მის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი და ყველანაირად გვერდით დავუდგები. მეორე თემაა, რამდენად ვჭირდები გიორგის. შეიძლება, ის საერთოდ ვერ მხედავს თავის გვერდით. თუმცა, მე არ მოვეშვები და არ გავჩერდები, სანამ ქვეყანაში მესამე ძალა არ შეიქმნება, ანუ ჯანსაღი ოპოზიცია.

– პოლიტიკასთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების პირობებში, ძალიან მძიმე წარსული და რთული გამოცდილება გაქვთ. რატომ მოგიწიათ იმ ყველაფრის გამოვლა და ამ ფონზე, დღეს არ გაგიჭირდათ პოლიტიკისკენ ნაბიჯის გადადგმა?

– „ასე იწყებოდა ფაშიზმი“ და „საით მიდის საქართველო“ – ორი სტატია გამოვაქვეყნე მიშა სააკაშვილის პერიოდში. ამის გამო გადამეკიდნენ და დამიწყეს დევნა, თუმცა დიდად არც მანამდე ვეხატებოდი გულზე, რადგან სადაც საშუალება მქონდა, მაგათ ვლანძღავდი და ვიძახდი, რასაც წარმოადგენდნენ. ძალიან ცუდი რაღაცები მოჰყვა ამას, მაგრამ მე მიღირდა. სიცოცხლეც რომ გამეღო, ღირდა, რადგან ჩემთვის მთავარია, სიმართლის მხარეს ვყოფილიყავი. მერე ჩემი სტატია განმეორებით დაიბეჭდა და ჩემი შვილი დაიჭირეს. ქონება წამართვეს. თუმცა ქონებას არ მივტირი. დედაჩემის სახლი ახლაც ბანკში დევს. ყველაფერი წამართვეს, ბოლომდე დამაქციეს, ჩემი შვილი ორჯერ დააპატიმრეს. მეშინოდა, მაგრამ ეგრე ეშინოდა, ალბათ, სააკაძესაც, შაჰ-აბასს რომ შვილს უტოვებდა. თუ საკუთარი ქვეყანა და ეკლესია არ გიყვარს, ვერც საკუთარი თავი გეყვარება. დედიშობილა დავიბადე და დედიშობილა წავალ ამქვეყნიდან. პოლიტიკაში არაფერი მესაქმება, ასეთი უმადური საქმე არ არსებობს, მაგრამ მე ჩემს ქვეყანაზე ვდარდობ.

სააკაშვილი ორჯერ ვნახე და ორივეჯერ მინდოდა, დამეხრჩო. უზრდელი, უტიფარი ადამიანია. ახალგაზრდობიდან ვიცნობდი და ყოველთვის ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. წლების განმავლობაში საგიჟეთში დავდიოდი ძმაკაცთან და იქ სუყველას ვიცნობდი. მათ შორის იყო რამდენიმე აუტანელი გიჟი და ზუსტად მათნაირი იყო სააკაშვილი, ოღონდ ის გარეთ იყო და ნორმალური ეგონათ.

– როცა სააკაშვილის წინააღმდეგ აიმაღლეთ ხმა, დანაშაულის გრძნობაც გქონდათ იმის გამო, რომ თქვენც გარკვეული წვლილი შეიტანეთ მის წარმატებაში?

– ზუსტად ამის გამო მოვიხადე ბოდიში იმ სტატიაში. მე მივეცი ჟვანიას სახელი – „ნაციონალური მოძრაობა“. იმედი გვქონდა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად იმართებოდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ დემოკრატია დამთავრდა და ხალხს ბოდიშს ვუხდიდი, რომ მე ეს შეცდომა დავუშვი. თავის დროზე რომ მკითხეს, როგორ წავიყვანოთ სარეკლამო კამპანიაო, ვკითხე, ვინ გებრძვით-მეთქი, ზვიადისტები, ნაციონალური ხალხიო, მიპასუხეს. ამიტომ ვუთხარი, ისეთი სახელი უნდა დაირქვათ, რომ მტერი მოკავშირედ გაიხადოთ-მეთქი. მოძებნეს პარტია, რომელსაც „ნაციონალური პარტია“ ერქვა და იმ ხალხს მოელაპარაკნენ. ზუსტად ამ პროცესში მერაბიშვილი, რომელიც მერე შინაგან საქმეთა მინისრტი გახდა, სააკაშვილს შეხვედრებზე დაყავდა, მაგრამ სკამზეც არ სვამდა. ეს უკვე არასწორია. შენ ჭამო და იმან ფეხზე მდგომმა გიყუროს?! ასე მოქცევა არ შეიძლება.

– ცოტა ხნის წინ მამაკაცების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვიტეთ აქტიურობა, რადგან მიგაჩნდათ, რომ მეუღლის ბრალდებით უსამართლოდ დაგაპატიმრეს. როგორ განვითარდა მოვლენები?

– პანდემიაა, მილიონი პრობლემა გვაქვს და ამ ფონზე რომ გამოვიდე და კაცების უფლებებზე დავიწყო საუბარი, უფრო დავამძიმებ ხალხს და ამიტომ დროებით დაპაუზებული ვარ.

– ყოფილ მეუღლესთან თუ მოახერხეთ ურთიერთობის დალაგება?

– კი და არც სასამართლო აღარ მერჩის, არ ვიცი, პროკურატურას რა ვუთხრა. რეალურად რაც მოხდა, თითიდან გამოწოვილი იყო, დამიჯერეთ. თუმცა, ახლა აღარ მიჩივის, მაშინაც ნაციონალმა მეზობლებმა შეიყვანეს შეცდომაში, თორემ რეალურად არაფერი მომხდარა, სისულელეზე აღელდა. ქალებისას რას გაიგებს კაცი. თუმცა, მე ყველასთან ვმეგობრობ. ოთხი ცოლი და ოთხი შვილი მყავს. რაც უნდა მოხდეს, ის ჩემი შვილის დედაა და უაღრესად დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხისტი ადამიანია და ერთმანეთს ვერ ვეგუებით.

– ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე თუ ფიქრობთ?

– ბევრი იმიტომ ეძებს მეორე ნახევარს, რომ ასაკში მარტო არ იყოს და მე მარტო დარჩენის არ მეშინია. მე და ჩემს რამდენიმე ძმაკაცს გადაწყვეტილი გვაქვს, 70 წელს რომ გადავცდებით, კაბები ჩავიცვათ, ბერებად შევდგეთ და ხატწერას მივყოთ ხელი.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი