ლალი მოროშკინა: იშვიათად ვიკბინები, რადგან საკუთარ შხამს ვუფრთხილდები – ჯერ მე მჭირდება

ყვითელი 20 Apr 2021 01:08

ლალი მოროშკინა თბილისში ბინას ყიდის და საცხოვრებლად რაიონში გადადის. იქ მას ბიზნესი აქვს. საქმეების გამო დედაქალაქშიც ხშირად უწევს ყოფნა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გული არ სწყდება, თუ თბილისში ბინა არ ექნება. მისთვის მთავარი იმ წამოწყებული საქმეების დასრულებაა, რაშიც გაყიდული ბინის ფულს ჩადებს და დახარჯავს.

ლალი მოროშკინა: ვერ ვიტყვი, რაც წლები მომემატა, რამე გადავაფასე-მეთქი. ასე მგონია, მთელი ჩემი ცხოვრება ისედაც შეფასებული მქონდა, პირველივე წუთებიდან, როცა ჩემი ცნობიერი ჩემი იყო და მხოლოდ ქვეცნობიერზე არ ვიყავი ჩამოკიდებული, ანუ სამი წლიდან. რომ ვთქვა, ასაკთან ერთად რამე შეიცვალა-მეთქი, მოვიტყუები: რასაც ვაფასებდი – იმას ვაფასებ, რაც მიყვარდა – ის მიყვარს და რაც არ მიყვარდა – ის დღემდე არ მიყვარს. ანუ, ჩემში არ მომხდარა ძირეული ცვლილებები. უბრალოდ, წრე შევიწროვდა. ვინც არაფერს წარმოადგენს, იმისთვის წრე, ასაკის მატებასთან ერთად ფართოვდება, რადგან ამით უნდა აინაზღაუროს ბავშვობის, ინტელექტისა და ურთიერთობების დანაკლისი, ყველაფერს ეპოტინება. ჩემს შემთხვევაში კი, პირიქით, ჩემი წრე ათ კაცამდე დავიყვანე და ერთი ინტერესის მქონე ხალხთან მიწევს ურთიერთობა, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს. მე ასე გავაგრძელე ცხოვრება. როცა ასაკის მატებასთან ერთად, უნდათ, ღობე-ყორეს მოედონ, მგონია, არასწორია. მე, ზოგადად, კაცთმოყვარე ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ჩემთვის საურთიერთობოდ, მხოლოდ ათ ადამიანს ვიტოვებ, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

– როგორ ფიქრობ, რა იყო შენი წარმატების მთავარი ფაქტორი? საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩენა ხომ არა?

– ჩემი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო ლექსიკონიდან ორი სიტყვის ამოღება, ესენია – მეზარება და მეზიზღება. თუ არავინ გეზიზღება და თუ არაფერი გეზარება, მაშინ წინ მიდიხარ. ესაა ჩემი წარმატების ფორმულა – არავინ მეზიზღება და არაფერი მეზარება.

– წარმატებას რომ ვამბობთ, აქ იღბალიც ხომ მოიაზრება?

– იღბალი არის ის, რასაც შენს თავს დაუთქვამ. ადამიანი, რომელიც დილით იღვიძებს და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ არაფერი გამოუვა, რა მძიმეა ცხოვრება და რამდენი სირთულეა, იმას, არც არაფერი გამოსდის. წარმატება გამართლებაზე არ არის აგებული. ჩემზე მეტად გამართლებული ცხოვრება ჰქონდა იმ ადამიანებს, ვინც მარტივად იღებდა მისაღებს. მე კი, გულწრფელად ვამბობ, მარტივად არაფერი მიმიღია. ელემენტარულიც კი ბრძოლით მოდიოდა ჩემს ცხოვრებაში. თუ ასე არ მოვიდოდა, თვითონ მოვიყვანდი – პრობლემას ხან მარცხნიდან შემოვურბენდი, ხან მარჯვნიდან და რაღაცნაირად ვახერხებდი. ბევრი გაზულუქდა, მარტივად მიიღო რაღაცები, მიენდო ცხოვრებას. შენ კი, როცა ტონუსში ხარ და იცი, რომ ბედი საჩუქარს არ მოგცემს ისე, თუ რუტინული შრომით არ მიაღწიე და დაიმსახურე, უფრო მობილიზებული ხარ. ბედის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არის ქვეყანა – სადაც გავჩნდი, ოჯახი – სადაც დავიბადე, გარემო, სკოლა...

– თბილისში ბინას ყიდი და საცხოვრებლად რაიონში გადადიხარ. რის გამო გადაწყვიტე დედაქალაქის დატოვება?

– ყველამ იცის, რომ მე საკმაოდ მაღალი პოსტები მეჭირა და მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა, არასოდეს ვყოფილვარ კორუმპირებული ჩინოვნიკი. როცა გადავწყვიტე, რომ მე, ლალი მოროშკინას, მინდა, მქონდეს ჩემი ბიზნესი, დავიწყე ამბიციური პროექტი. ჩემნაირი ტიპისთვის კი, ეს არის საბანკო ვალდებულებები. ამ ვალდებულებებით ბევრი ვიმუშავე, გავაკეთე. მათ შორის, ოთხი კოტეჯი ავაშენე და გავყიდე შეკვეთილში, შემდეგ ვიყიდე სახლი კახეთში, გავადიდე-გავაფართოვე-გავალამაზე, სასტუმრო მოვაწყვე და როცა გავედი მოგებაზე, ჩამოჰკრა კოვიდმა და უბედურების ზარმა. მე არც დამალული ფული მაქვს, არც „შავი“ და არც ისეთი ფინანსური კეთილდღეობა, რომ შემეძლოს, ფეხი ფეხზე გადავიდო. ერთი წლის წინ გამაჩერეს და ბანკმა სესხი გადამივადა, ახლა, როცა ბანკი გადახდას მთხოვს, საიდან მოვიტანო? სასტუმროები და ყველაფერი გაჩერებულია და იძულებული ხარ, საზღაური გადაიხადო შენი საკუთარი ჯიბიდან, ანუ ჩემს შემთხვევაში, იმ ბინიდან, რომელსაც დედაქალაქში გავყიდი. მე ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამ. მე კი არა, უდიდესი ფირმები გაკოტრდა. მადლობელი ვარ, რომ არ ვარ კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომ გადაგდებულ-შენახული ფული მქონდეს. არც მინდა. ვარ პატიოსან ოჯახში გაზრდილი და არც დალხენილი ცხოვრება მაქვს, ამიტომ, რაღაცას უნდა გამოვესალმო. მოკლედ, ან მე და ან ჩემს უმცროს შვილს უნდა გაგვეყიდა მისი ან ჩემი სახლი. მე ვაშლიჯვარში მაქვს ბინა, მას კი – ვაკეში. და, შევთანხმდით – რომლის ბინაც ადრე გაიყიდება, ის გავყიდოთ. ეს გამოსავალია, რომ აღარ მქონდეს საბანკო ვალდებულება, ან ნაწილი მაინც გადავიხადო და დავფარო. ასე მოხდა, რას ვიზამთ. სამწუხაროდ, ორივეს ერთად – ბიზნესსა და ბინას თბილისში ვერ ვინარჩუნებ, რომელიმეს უნდა დავემშვიდობო. გადავწყვიტე, თბილისის დათმობა და საცხოვრებლად რაიონში გადასვლა. სასტუმრო ის პროექტია, რომელშიც ყველაფერი ჩავდე, შვილივითაა, ადგილია, სადაც თავს ყველაზე მშვიდად და ენერგეტიკულად დაცული ვგრძნობ. ორი დღეა, თბილისში ვარ და მივხვდი, აქ ცხოვრება აღარ მინდა. არა უშავს, გადაივლის ეს პერიოდი, დასტაბილურდება სიტუაცია და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. კედელს თავს არ ვურტყამ და არ შემიყრია ქვეყანა, არიქა, ფული შემიგროვეთ-მეთქი, რაც მოხდა, მოხდა – კახეთშიც მშვენივრად ვიცხოვრებ

– როგორც ვიცი, სიღნაღში პირველი საცურაო აუზისა და სპა კომპლექსის გახსნას გეგმავდი. ეს პროექტი ისევ ძალაშია?

– ძალაში კი არა, უკვე მშენებლობის ბოლოში გავედი, ეს არის დიდი საცურაო და სპა კომპლექსი. ამბიციურ პროექტებს ბევრი ფული სჭირდება და თბილისის ბინის გაყიდვა ამად ღირს. მე გული მწყდება, ადამიანები რომ მიდიან ამქვეყნიდან, თორემ ბინა ახლა თუ არ მექნება, ზეგ ვიყიდი. თავს ვერ მოვიკლავ, იმის გამო, რომ თბილისში ბინა არ მექნება და არც მილიონერი მეგობრები და ოჯახის წევრები მყავს. იდეური ადამიანი ვარ და მირჩევნია, ჩემი შრომა და ფინანსები ჩემს იდეებს დავახარჯო.

– ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხარ, თან ლექციებს კითხულობ. კახეთიდან ივლი სამსახურში? ფიქრობ, რომ ახლა რთული და რისკიანი პერიოდი გიდგას?

– ას კილომეტრში სამსახურში სიარული საერთოდ არ არის პრობლემა. უკუღმართი ადამიანი ვარ და რისკი ჩემთვის უფრო კარგის კეთების ინსპირაციაა. მე გურიაშიც მაქვს პატარა სახლი ნაყიდი და ზაფხულში იქ რომ ჩავდივარ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის. ევკალიპტის ბიზნესიც მაქვს და სავაჭრო ქსელშიც იყიდება. ევკალიპტების ბაღების გაფართოებას ვფიქრობ, მაგრამ ერთი ცალი ვარ, საკუთარი თავის კლონირება არ დამიწყია და ამიტომ, ჯერ ვერ ვახერხებ. ადამიანებს კლავთ უსაქმურობა, ვერ კლავენ დროს და თან წუწუნებენ. არ მესმის მათი. თან, მე ზოდიაქოთი მორიელი ვარ და შემიძლია, ფერფლიდან აღვსდგე (იცინის). კბენაც ვიცი, თუმცა იშვიათად ვიკბინები, რადგან საკუთარ შხამს ვუფრთხილდები, ჯერ მე მჭირდება (იცინის).


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი