ლოლა წერეთელი: ბავშვობიდან ეგეთი ვარ, ასეთი გიჟი დავიბადე

ყვითელი 20 Apr 2021 01:00

მალე ნახევარი წელი გახდება, რაც მომღერალი ლოლა წერეთელი საქმიანობის გასაგრძელებლად თბილისიდან მოსკოვში გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, გადაწყვეტილი აქვს, როცა ყველაფერი დალაგდება, უკან დაბრუნდეს.

ლოლა წერეთელი: თბილისიდან წამოვედი არა იმიტომ, რომ ასე მინდოდა, უბრალოდ, რთული სიტუაცია შეიქმნა და იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი. ახლა მოსკოვში, რესტორან „მცხეთაში“ ვმუშაობ. მისი მეპატრონეები ქართველები არიან. ძალიან კარგი ატმოსფეროა, ქართული კერძები და გარემო – ყველაფერი მომწონს. კარგი სიახლეები მაქვს – 10 აპრილს, მოსკოვში, დიდ საკონცერტო დარბაზში „ბრავო მეტეხსა“ და მე ახალი სიმღერის – „სიყვარულის ბალადის“ პრემიერა გვქონდა. აქ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. მოსკოვში ბენდი შევკრიბე. ათნი ვართ და ჩემს საავტორო სიმღერებს ახლებურად ვმღერით. ამას ემატება ყველა ქართული, რუსული თუ უცხოური ჰიტი.

– ასე მოკლე დროში ბევრი რამ მოგისწრიათ.

– ჩემთვის არ არსებობს სიტყვები „ძნელია“ და „შეუძლებელია“. მთავარია მიზანი დავისახო და როცა რამე მინდა, იმას აუცილებლად გავაკეთებ. ასეთი ადამიანი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ასე ვიქცევი. ახლა ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს. გუშინაც რვასაათიანი რეპეტიცია მქონდა.

აქ ჩემი მსმენელების დიდი ნაწილი ისევ ჩვენი ქართველები არიან, მათთან ერთად, ქართველი ებრაელები, რუსები, ოსები, აზერბაიჯანელები და სომხები. მე ყველა ენაზე ვმღერი. ებრაელს ებრაული სიმღერებით ვეფერები, ბერძენს – ბერძნულით, სომხებს – სომხურით. შეიძლება, ოცდაათი სიმღერა არ მქონდეს რეპერტუარში მათთვის, მაგრამ ორი-სამი, რომელიც განსაკუთრებულად უყვართ, ვიცი და სიხარულით ვმღერი, რომ ვასიამოვნო. რესტორნის გარდა, ქორწილებშიც ვმღერი და ახლახან ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ თბილისელ ებრაელებს მოსკოვში, სადაც არაერთი ცნობილი ვარსკვლავი იყო. მოკლედ, დიდ ვარსკვლავებთან ერთად ვმუშაობ და ძალიან ბედნიერი ვარ.

– თუმცა, არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

– ძალიან გამიჭირდა. 2000 წლიდან მოყოლებული მეუბნებოდნენ, მოსკოვში ჩამოდიო, მაგრამ არ მოვდიოდი. იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო საქართველოს დატოვება. ისე გამოვიდა, რომ პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა ესეც გავიარე. მერე გადავწყვიტე, რომ ჯობდა, რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ძველებურად ხალისიანი გავმხდარიყავი. ისევ ისე მემღერა, როგორც აქამდე და მსმენელთან ისეთივე თბილი დამოკიდებულება მქონოდა. აქ მეგობრებიც მყავს, სამუშაოს შემდეგ ვიკრიბებით სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსები, ვმღერით, ვგიჟობთ და დროს ვატარებთ. აქაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა. თუმცა, მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე. მოსკოვში დროებით ჩამოვედი.

– დიდი ხნით აპირებთ დარჩენას?

– აბა რა ვქნა? რომ ჩამოვიდე რა გავაკეთო? არასდროს ვწუწუნებ და არც ახლა ვიტყვი რამეს. ყველას უჭირს ამ სიტუაციაში და ღმერთს მადლობა, რომ მე დღეს ნორმალურად ვარ. აქ მილიონებს ნამდვილად არ ვშოულობ, მოსკოვშიც არის პრობლემები და ვერ ვიტყვი, რომ მთელი დატვირთვით ვმუშაობთ, მაგრამ ქალაქი არ ჩერდება და შესაბამისად, ჩვენც. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა საბანკო ვალდებულებებია. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბანკთან ფინანსური პასუხისმგებლობები არ აქვს. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ამ ყველაფერს ვფარავ და ლუკმა-პურისა და ნორმალურად ცხოვრების საშუალება მრჩება. მთავარია, ეს დრო როგორმე გადავაგოროთ. ალბათ, ზაფხულში ჩამოვალ და ბათუმსა და ქობულეთში ვიმუშავებ.

– მოახერხეთ ტრავმების გადატანა, დაგეხმარათ ეს ცვლილება რეაბილიტაციაში?

– სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ აღარაფერი მახსოვს. ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთზე აღარ ვფიქრობ და აღარც მაინტერესებს. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი ყოველთვის იყო და იქნება სიმღერა. მე ამით ვცოცხლობ და სხვა მართლა აღარაფერი მახსოვს.

თბილისში ჩემი სახლია, მანდ ჩემი მიწა-წყალია და მაგ ქალაქში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. რაც შეეხება მოსკოვს, უცხო ქალაქში რომ ჩამოდიხარ, პატარა ბავშვივით, თავიდან იწყებ ნაბიჯების გადადგმას და სიარულს სწავლობ. მთავარია, სწორი მიმართულება აიღო. ხუთ თვეში იმდენი გავაკეთე, რისთვისაც სხვა ადამიანს ორი-სამი წელი დასჭირდებოდა. პრობლემებსა და წინააღმდეგობებს არ გავურბივარ, ამის არ მეშინია. ცხოვრებაში თუ რამე წინააღმდეგობა შემხვდება, ვცდილობ, ისე გადავლახო, რომ ჩემს გვერდზე მყოფმა ადამიანმა ვერც შეამჩნიოს. ყველაფერს დამოუკიდებლად ვუმკლავდები.

– ფრანგი თაყვანისმცემლის ამბავიც მაინტერესებს, ინარჩუნებთ ურთიერთობას?

– აბა, როგორ ვნახოთ ერთმანეთი? ეს პრობლემაა, თუმცა, კავშირი არ დაგვიკარგავს და მაისში მოსკოვში ჩამოვა. კარგი ურთიერთობა გვაქვს, ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერებათ. პატარები აღარ ვართ და ლამაზი და ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულებები გვაკავშირებს.

– სიმღერის დროს საოცრად ენერგიული ხართ, ამას, ალბათ, ყველა ამჩნევს...

– გუშინ, რვასაათიანი რეპეტიციის შემდეგ, ბიჭები მკვდრები იყვნენ და მე კიდევ ხან რას ვიგონებდი, ასე გავაკეთოთ-მეთქი, ხან – რას. გაკვირვებულები მეუბნებოდნენ, ამხელა ენერგია საიდან გაქვსო (იცინის). მართლა არ ვიცი, საიდან. ალბათ, მამისგან და დედისგან დამყვა. ბავშვობიდან ეგეთი ვარ, ასეთი გიჟი დავიბადე (იცინის).

– გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ?

– ყველაფერს ვაკეთებ, სახის მასაჟი იქნება თუ ტანის (იცინის). წონას რაც შეეხება, უკვე მივეჩვიე, რომ ისეთი დიდი აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. სულ ვმოძრაობ, ძალიან აქტიური ვარ, თუმცა, ჭამის მხრივ, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. ყველაფერს ვჭამ, თუ გამახსენდა და თუ მოვასწარი (იცინის). სამსახურში მუშაობის დროს რომ ვიგრძნობ, რაღაც მაწუხებს, პირდაპირ სამზარეულოსკენ მივდივარ და მზარეულს ვეუბნები, ცოტა საჭმელი მომეცი-მეთქი (იცინის). წავიხემსებ და ვსო, კარგად ვარ. ძალიან მიყვარს კანფეტები, რაც არ შეიძლება (იცინის). კვირაში ერთხელ ვჭამ ან სახლში დაღლილი რომ მოვდივარ, შეიძლება, ერთი ცალი შევჭამო იმისთვის, რომ ტვინმა კარგად იმუშაოს. დიდი კულინარიც არ ვარ. სულ ორი-სამი კერძის მომზადება ვიცი. მაწვნის სუპი, კვერცხი პომიდვრით და მწნილი – სულ ეს არის, რის გაკეთებასაც ვასწრებ. სულ ვამბობ, რომ ტოლმას გავაკეთებ, მაგრამ ამისთვის დრო ვერ გამოვნახე (იცინის).


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი