აფროამერიკელი სტუდენტი: ჩვენკენ ხელის გამოშვერა და თქმა, რომ ზანგები ვართ უნდა შეწყდეს

15 Apr 2018 18:46

თბილისში, ბელიაშვილზე, ადგილობრივებისა და ნიგერიელი სტუდენტების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.


ბელიაშვილზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეების ნაწილმა თამაშზე უარი განაცხადა და მხოლოდ გულშემატკივრობით შემოიფარგლა.


On.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ აფრიკელი სტუდენტები მატჩზე და რამდენად ადეკვატური პასუხია ფეხბურთის თამაში იმ ძალადობაზე, რომელიც ერთი კვირის წინ ამავე სტადიონზე ნიგერიელებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.


სტუდენტების უმეტესობა ამხანაგური თამაშის ინიციატივას, როგორც შერიგების ფორმას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საქართველოში რასისტები არ ცხოვრობენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს.


მოსე, აფრიკელი სტუდენტი: "საქართველო რასისტი ქვეყანა არ არის. არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა".


ბუჩი, აფრიკელი სტუდენტი: "ის, რაც საქართველოში მოხდა, ყველა ქვეყანაში ხდება. მე ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან მშვიდობა გვინდა. ხანდახან რასისტულ ქცევებს ვაწყდებით, მაგრამ ამას მთელ მსოფლიოში ვხედავთ. მშვიდობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში პრობლემას მოაგვარებს, თუმცა პოზიტიურია".


"ამ სტადიონზე საშინელება მოხდა, ჩვენ მოვედით რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთნი ვართ. ადგილობრივი მედია მხარს გვიჭერს და ამისთვის მადლობლები ვართ. ჩვენკენ ხელის გამოშვერა და თქმა, რომ ზანგები ვართ უნდა შეწყდეს. სწორედ ამის გამო ვარ აქ, რომ ეს ერთად შევწყვიტოთ", - უთხრა On.ge-ს აფრიკელმა სტუდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.


იანგაბუ, აფრიკელი სტუდენტი: "მე არ მინდა, რომ ეთნიკურობის მიხედვით განვირჩეოდეთ. უნდა შეწყდეს ადამიანის კანის ფერის მიხედვით გარჩევა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ".


ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. თამაშს შეუერთდნენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები.


ამხანაგური შეხვედრა 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. გუნდებმა მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ "მეგობრობამ გაიმარჯვა". თბილისის მერმა, ნიგერიელი სტუდენტები სტადიონის მიმდებარედ მწვადის საჭმელად დაპატიჟა.

კომენტარები: