14 აპრილს თსუ-ში დედაენის დღისა და 1978 წლის მოვლენებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება (ვიდეო)

13 Apr 2018 23:22

2018 წლის 14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღისა და 1978 წლის მოვლენებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. 


11:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართება დოკუმენტური ფილმის: ,,1978 წლის აპრილის ქრონიკები’’ და წიგნის: ,,1978 14 აპრილი’’ - პრეზენტაცია.


კრებულს გამოსცემს და წარადგენს გამომცემლობა ,,არტანუჯი". წიგნისა და ფილმის შემდგენელი/ავტორია - ანა ბაქანიძე.


პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ღონისძიებები ჩატარდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.


ფილმში, რომელშიც გამოყენებულია საარქივო ფოტო და ვიდეომასალა, წარმოდგენილი იქნება 1978 წლის აპრილის თვეში თბილისში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია და ამ მოვლენების მონაწილეთა მოგონებები; 


წიგნი ასახავს 1978 წელს თბილისსა და ბათუმში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად განვითარებული მოვლენების ისტორიას, კრებული მოიცავს აღნიშნული მოვლენების მონაწილეთა ზეპირ ისტორიებსა და წერილებს, სამეცნიერო სტატიებს, კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას სხვადასხვა უწყებაში ქართველ მეცნიერთა და მწერალთა საპროტესტო გამოსვლებსა და კონსტიტუციის შემდგენი კომისიისადმი მოქალაქეთა მიერ გაგზავნილ წერილებს.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.




კომენტარები: