ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ორ ცეცხლს შუა არიან - მათთვის ნიკა მელია, როგორც პატიმრობაში, ასევე გარეთ, ძალიან დიდი თავის ტკივილია

პოლიტიკა 07 Apr 2021 22:37

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას როგორც პატიმრობაში ყოფნა, ასევე გათავისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ „თავის ტკივილია“.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა გადაწყვეტილებას, რაც ხვალ გამოცხადდება, სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ ექნება.

„ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ალბათ, ამ წუთებში უნდა მიიღონ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებმა, ისევე როგორც ორი თვის წინ დასხდნენ და მიიღეს, რომ ნიკა მელია უნდა დაეკავებინათ, რომელიც ირაკლი კობახიძემ თქვა თავად. არამგონია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს კარგ მდგომარეობაში იყოს, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მართლა ორ ცეცხლს შუა არიან ახლა.

ნიკა მელიას პატიმრობის ყოველი დღე „ქართული ოცნებისთვის“ არის მძიმე. გზავნილები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არ შეჩერდება. როდესაც ღიად გეუბნებიან, რომ ქვეყანაში არ შეიძლება პოლიტიკური პატიმრები გყავდეს, ეს არის განაჩენი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

თუ ნიკა მელია გათავისუფლდა, ე.ი. ნიკა მელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ავტომატურად ჯდება, რაც ასევე უმძიმესი დარტყმა იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ახლა ალბათ, სხედან და ფიქრობენ, რომელი უფრო შედარებით ასატანი დარტყმა იქნება მათთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნიკა მელია, როგორც შიგნით, ასევე გარეთ ძალიან დიდი თავის ტკივილია“.

ცნობისთვის, 8 აპრილს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი არის ჩანიშნული. დაცვის მხარე ხვალინდელ პროცესზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, პროკურატურის შუამდგომლობა კი უცნობია.





კომენტარები:

ფართი შოპი