რატომ ეძახის ანნა იმედაშვილს მეუღლე „დაუნდობელ კაპიტანს“ და როდისაა ის აუტანელი

ყვითელი 07 Apr 2021 17:31

ანნა და დათო იმედაშვილებს კიდევ ერთი პატარა ეყოლათ. ეს წყვილისთვის მეორე, დათოსთვის კი მეოთხე შვილია და პატარა დანიელის დაბადებამ მათი ოჯახი კიდევ უფრო გააბედნიერა.

ანნა იმედაშვილი: პეტრეზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, 3D ექოზე ვნახეთ ბავშვი და მაშინვე მივხვდით, რომ ძალიან ჰგავდა მამას. მართლაც, პატარა დათო დაიბადა (იცინის). დანიელი ექოზე ძალიან ჰგავდა პეტრეს, მაგრამ რაღაცები ჩემიც ჰქონდა და იმედიანად ვიყავი, ცოტათი მაინც მგავს-მეთქი. მაგრამ ექიმმა შეხედა თუ არა, ძალიან ჰგავს მამასო და რომ შევხედე, ძალიან ჰგავდა პეტრეს და შესაბამისად, მამასაც. მეგონა, შვიდი წლის ინტერვალით პეტრეს ტყუპისცალი გავაჩინე. ვხედავ, რომ ძალიან ჰგავს მამას და ძმას, მაგრამ ჩემიც აქვს რაღაც. ამას რომ ვამბობ, დათო დამცინის. სოციალურ ქსელში ფოტოებს რომ ვდებ, ხალხი მეუბნება, პატარა ისე ჰგავს დათოს, ამის ფონზე პეტრე ნამდვილად შენ გგავსო და გახარებული ამას რომ დათოს ვუმეორებ კიდევ ერთხელ, „ულვაშებში ეცინება“ (იცინის).

– პეტრე როგორ შეხვდა დანიელს?

– ძალიან ელოდებოდა. დილით, ადრე დამეწყო მშობიარობა და პეტრეს არ ვუთხარით, ონლაინგაკვეთილები ჰქონდა და არ გვინდოდა, ემოციებში ყოფილიყო. ამიტომ დათომ სამშობიაროში რომ წამიყვანა და მერე სახლში მიბრუნდა. პეტრეს ეგონა, რომ დედას ეძინა და გაკვეთილები რომ დამთავრდა, მაშინ მოახსენა, რომ უკვე დანიელს ველოდით და ისეთი ვიდეო გადაუღია, რომ ვუყურე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. უნდა გენახათ, როგორი მზრუნველი იყო სამშობიაროში. ძალიან ფრთხილობდა დანიელთან. გზაში მოეჩვენა, რომ ჩქარა მოვდიოდით და დათოს ეუბნება: მამა, ბავშვია მანქანაში, ფრთხილად იარეო. სახლშიც, დანიელს რომ სძინავს, ყველას ამშვიდებს, რომ არ გაეღვიძოს. ეტირება, ისე უყვარს. ეუბნება ხოლმე, შენ გამო უფროსი ძმა გავხდიო და ძალიან მოსწონს ეს მომენტი. დანიელი მის ხმას ცნობს და საოცარი ემოციები აქვს. ორივეს ერთად რომ ვუყურებ, გული სიყვარულით მევსება.

– შენ როგორ უმკლავდები ორ პატარას?

– ფეხმძიმობამ ჯერ პირველი კარანტინი გადამატანინა და ახლა ორმაგი საზრუნავი მაქვს. სხვა შემთხვევაში, გამოკეტილი გავაფრენდი, მაგრამ ახლა საერთოდ არ მინდა გარეთ გასვლა. რამდენჯერმე აქვე ჩავედი მაღაზიაში და სულ არ მომეწონა ეგ ამბავი (იცინის).

პეტრე მარტომ გავზარდე, მაგრამ არ გამჭირვებია, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდიც ვიყავი და კარგად მომზადებულიც. ჩემი და დათოს თანაცხოვრებიდან შვიდი წლის შემდეგ გაჩნდა. სხვათა შორის, ეს ციფრი ჩვენთვის სიმბოლურია – კიდევ შვიდი წლის შემდეგ დანიელი დაიბადა. ახლა, დანიელთან დედა მეხმარება, რაც ძალიან დიდი კომფორტი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მარტოს არც პეტრესთან მიჭირდა.

– დათო წერდა სოციალურ ქსელში: ბავშვების აღზრდას როცა ეხება საქმე, ანნა დაუნდობელი კაპიტანიაო.

– პეტრეზე ამბობდა ხოლმე, ჯარისკაცს ზრდისო და ახლა დანიელთან მიმართებაში მეუბნება, ტირანი ხარო (იცინის). ვცდილობ, ბავშვები თავიდანვე ცალკე ოთახში, მარტო ძილს მივაჩვიო. მე მყავს ძალიან მაგარი მეგობარი – კამერა, რომელსაც პეტრეს ჩვილობის დროსაც ვიყენებდი. ახლა კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვერსია გამოვიდა, რომელიც სენსორებითაა აღჭურვილი. აქვს ხმის, მოძრაობის, სუნის, ტემპერატურის, ტენიანობის დეტექტორი, მუსიკალური რეჟიმი და ასე შემდეგ. მაგალითად, ბავშვი თუ ღამე გაიღვიძებს, ბევრს იმოძრავებს თუ სხვა რამ შეუქმნის დისკომფორტს, შენ მომენტალურად გერთვება მისი გამოსახულება, უკვე ხედავ პატარას და სანამ მის ოთახამდე მიხვალ, შეგიძლია, დაელაპარაკო. ეს კამერა ჩემი მარჯვენა ხელია და ყველას ვურჩევ, ვისაც უნდა ბავშვი ცალკე ოთახში დააძინოს. მინდა, გითხრათ, რომ დანიელს რვა საათი სძინავს გადაბმულად. პეტრეზეც – ერთი ღამეც არ გამითენებია და ვფიქრობ, რომ ესეც ამის დამსახურებაა. ძალიან ბევრს ვკითხულობდი ამასთან დაკავშირებით და როგორც გავიგე, ცალკე ძილსა და მშვიდ ძილს შორის ერთგვარი კორელაცია არსებობს. ძალიან მომწონს ეს პრაქტიკა. თან საწოლთან ახლოს, ბავშვის საწოლში მისი დაძინება კიდევ ჰო, მაგრამ საკუთარ საწოლში ბავშვის დაძინების მართლა მეშინია. მგონია, რომ უნებლიეთ შემიძლია, რამე დავუშავო ან დისკომფორტი შევუქმნა. ზოგს შეიძლება, ტირანი ვგონივარ, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ბავშვები ნამდვილად უსაფრთხოდ არიან. ჩემ გარშემო ბავშვებს, რომლებსაც თავიდან მშობლების ოთახში ეძინათ და მერე გაიყვანეს ცალკე, უფრო უჭირთ სიახლესთან შეგუება. თან, როგორც წესი, მეორე შვილი რომ ჩნდება, პირველი მაშინ გადაჰყავთ სხვა ოთახში და უფროსს ამის გამო გარიყულობის განცდა უჩნდება. ასე რომ, ეს მომენტიც ავირიდეთ თავიდან. ცოტა რომ იზრდებიან, მშობლებთან ძილი მაინც უნდებათ და პეტრესაც უთხოვია ჩვენთან ერთად დაძინება, რაც მისთვის ზეიმია. ახლაც, სამშობიაროში რომ ვიყავი, დათოს ვთხოვე, თავისთან დაეწვინა. მაგრამ მგონია, სულ მშობლებთან ერთად წოლა არასწორი და ცოტა არაჰიგიენურიცაა. აი, ხანდახან რომ შეუძლია დედასთან და მამასთან დაძინება, ეს კიდევ ცალკე ემოციების მომგვრელია მისთვისაც და მშობლებისთვისაც.

– შეიძლება, ცივ ადამიანად ჩაგთვალონ, გითხრან, როგორ ტოვებ ჩვილს ცალკე ოთახშიო.

– მე პირიქით მგონია. როცა შეგიძლია, საკუთარი თავი გვერდზე გასწიო და ის გააკეთო, რაც ბავშვისთვის უკეთესია, ეს უფრო რთულია. იმის ხიბლი, რომ პატარა შენთან დაიწვინო, ძალიან დიდია, იმიტომ, რომ უსაყვარლესია. ღამე ადგომა და მისთვის ძუძუს საჭმელად სხვა ოთახში გასვლა უფრო რთულია, ვიდრე გვერდზე როცა გიწევს. მეტ შრომას დებ, მაგრამ გიფასდება კიდეც, რადგან ბავშვს კარგად სძინავს.

– დათო ეთანხმება შენს მეთოდს?

– ჯერ ერთი, იცის, რომ გამოუძინებელი ანნა აუტანელია (იცინის). დათოც კომფორტის მოყვარულია და ეს რომ ვიცოდი, ამიტომ გადავწყვიტე პეტრეს ამ მეთოდით გაზრდა. მინდოდა, დათოსთვის შემექმნა კომფორტი, ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ დათოსთვის ვაკეთებდი ამას და მასაც მოსწონს წესრიგი, ახლა დანიელზე მეუბნება, მოდი რა, ჩვენთან დავაწვინოთო, მაგრამ არა, ამ ხიბლს უნდა გავუძლოთ (იცინის). ბავშვი რომ მიეჩვევა, მერე შეიძლება, ხანდახან წესებსაც გადაუხვიო. ამიტომ დათოც იზიარებს ჩემს მიდგომებს და სხვათა შორის, თვითონაც ძალიან მეხმარება ყველაფერში.

– რას ამბობს უკვე მრავალშვილიანი მამა?

– ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოთხი შვილის მამა იქნებოდა. პატარამ უფრო გაგვაგიჟა, ემოციურად ძალიან სავსეა, მაგრამ ოთხი შვილის მამობას რაც შეეხება, მგონია, რომ კიდევ ვერ მოვიდა აზრზე (იცინის). პეტრე უკვე ამბობს, კიდევ შვიდი წელი რომ გავა, დაიკო მინდაო და ამას წინათ დათოს ვეუბნები, შვიდი წლის შემდეგ გოგოს გავაჩენ-მეთქი. ცოტა დამფრთხალმა მითხრა: კარგი, ანა, ცოდო ვარო. შვიდი წლის მერე რომ რაღაცას ვგეგმავ, ამაზე ახლა რატომ ღელავ-მეთქი?! შენ რომ გეგმავ, ასრულებო (იცინის).

– არასტანდარტული ურთიერთობა გაქვთ. რეალურად, დანიელია პირველი შვილი, რომელიც ქორწინებაში გაჩნდა. ოფიციალურად ხომ ახლა დაქორწინდით.

– (იცინის) რამდენიმე დღის წინ ვიცინოდით ამაზე. ელენე და ლუკაც აქ იყვნენ და ვუთხარი: წარმოიდგინეთ, რამდენი ხართ და დანიელია ერთადერთი, ვინც ქორწინებაში გაჩნდა-მეთქი (იცინის).

– ბავშვის დაბადებიდან ასე მალე როგორ მოახერხე ჩვეული ფორმის დაბრუნება?

– პეტრეზეც ძალიან მალე დავიბრუნე ფორმა, მაგრამ მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა, ახლა გამიჭირდებოდა. მაგრამ, ალბათ, იმიტომ, რომ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, უკვე იმავე წონაზე ვარ, როგორზეც დაფეხმძიმებამდე, თუმცა, ბუნებრივია, ფორმები ცოტა სხვანაირი მაქვს და ვარჯიშის დაწყებას ვაპირებ. ალბათ, გენეტიკას უნდა ვუმადლოდე.


თბილისელები 





კომენტარები:

ფართი შოპი