ბორის ბედია: ჭკვიან ქალს კაცი არასოდეს გაექცევა

ბლიცინტერვიუ ბორის ბედიასთან ????

სახელი: ბორისი.

გვარი: ბედია.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბევრი კარგი და დაუვიწყარი მოგონება მაქვს ბავშვობიდან, რომელიც ჩემს მშობლებს და დას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 90-იანი წლები იყო, ბევრი გაჭირვება და რთული პერიოდი, სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს ერთმანეთთან. გაცილებით მეტი სიყვარული იყო. ახლა შუქიც გვაქვს, წყალიც, გაზიც და ყველაფერი, მაგრამ სიცარიელეა ურთიერთობებში. ადამიანებს თითქოს აღარ უყვართ ერთმანეთი და უფრო მატერიალურ მდგომარეობას ანიჭებენ უპირატესობას. ბუნებრივია, არ მსურს, რომ ის დრო დაბრუნდეს, მაგრამ ის სიყვარული, ადამიანობა და მეგობრობა მინდა აღდგეს. სამწუხაროდ, დღევანდელობაში გულწრფელი სიყვარული დაიკარგა.

– მშობლების როლი...

– მამა გარდაცვლილი მყავს, ძალიან კარგი პიროვნება იყო. მე და ჩემი და ნახალოვკაში გავიზარდეთ, ისეთ უბანში, სადაც სულ ხულიგნობები ხდებოდა, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვქონია მიდრეკილება ცუდისკენ. მინდა, დედას მადლობა გადავუხადო, რადგან მართლა გმირია, მთელი სიცოცხლე შვილებს მოგვიძღვნა. მისი დიდი დამსახურებაა, სწორ გზაზე რომ დავდექით, რა თქმა უნდა, მამასიც, თუმცა უფრო მეტი წვლილი დედას აქვს.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ყოველთვის იურისტობა მინდოდა, მიყვარდა გამოძიებაზე ფილმების ყურება და სხვათა შორის, ამ პროფესიის მიმართ ალღოც მქონდა. მერე სუხიშვილების სტუდიაში ვსწავლობდი და ცეკვაც მინდოდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ მუსიკისკენ წავედი. ჩემი დღევანდელი პროფესია დიდი მუსიკოსების მოსმენამ განაპირობა, უფრო მეტიც, ტომ ჯონსის დამსახურებაა, რომ მომღერალი გავხდი – იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა ჩემს სულიერ მდგომარეობაზე მისმა ნამღერმა.

– ჩემი მეტსახელი...

– იქიდან გამომდინარე, რომ ტენორი ვარ, უნივერსიტეტში „კარუზოს“ მეძახდნენ ხოლმე. ჩემი ძმაკაცები ჯონსს მეძახიან, რადგან იციან, როგორც მიყვარს.

– ადამიანში ვაფასებ...

– ღირსებას. ვაფასებ ადამიანს, რომელიც არ თამაშობს ურთიერთობებში. დღეს ყველა თამაშობს ერთმანეთთან. უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ მადლობა უფალს, მე ვარ ადამიანი, რომელიც არავისთან არ თამაშობს. ჩემი კოლეგების 85 პროცენტი, რომელიც სხვადასხვა შოუში გამოდის, რასაც ლაპარაკობენ იმის ანტიპოდები არიან. ყველა ცდილობს, ნიღაბი ატაროს. ადამიანი ერთხელ მაინც იყავი მართალი, რადგან საზოგადოებას სიმართლე უფრო უყვარს, ვიდრე ტყუილი. იმას კი არ ვამბობ, რომ ადამიანმა აღსარება თქვას და თავისი შეცოდებები მოჰყვეს, არა, უბრალოდ არ ითამაშოს, იყოს ის, რაც არის.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ყოველთვის ცხოვრებისეული წარმატება მირჩევნია კარიერულს. მიყვარს ჩემი ნიჭი, მაგრამ არ ვარ კარიერისტი. კარიერისტი ადამიანი საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. კარიერისტობა სულიერი მდგომარეობაა, მე კი არ შემიძლია, რაღაცების გამო ვიღაცასთან ქულები დავიწერო. თუ რამე არ მომწონს, იქ ვერ გავჩერდები, ცუდად გავხდები.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– უფალი ყველაფერია. ზოგი ამბობს, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი გამოჩნდებაო, მაგრამ აქ გამოჩენაზე არ არის საუაბრი. ჩემი წარმოდგენით, მეორედ მოსვლის დროს გადარჩევა მოხდება: ცუდი ადამიანები, სადაც წასასვლელები არიან, იქ წავლენ, კარგები უფალთან დარჩებიან. თუმცა, ეს ისეთი მისტიკური რამეა, სიტყვებით ვერ აღვწერთ. ჩვენ ის უნდა ვიმყოფინოთ, რაც უფალმა მოგვცა. ამიტომ ნუღარ ვეძიებით, ნუ წავალთ მთვარეზე, მან აქ მოგვავლინა და არ უნდა გავცდეთ მას. ბაბილონის გოდოლის მაგალითი რომ ავიღოთ, მოინდომეს, აეშენებინათ, მაგრამ დაინგრა და განადგურდნენ მთლიანად. შესაბამისად, რაც არ არის ადამიანისთვის განკუთვნილი, იქ არ უნდა ვეცადოთ მისვლა და რაც უფალმა მოგვცა, ის გამოვიყენოთ სასიკეთოდ.

– ვრისკავ...

– ხშირად. გააჩნია სიტუაციას. მუსიკაში ვრისკავ, მაგრამ სხვა საკითხში არა. არ მიყვარს კაზინოები და აზარტული თამაშები.

– ვერიდები...

– უსიამოვნებას, რადგან დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ ყველა ინტრიგანია. ხანდახან შარი უნდა აიცილო, მაგალითად, რესტორანში ქეიფის დროს ვიღაც რომ გადაგეკიდება, ასეთ ადამიანებს პროვოკატორებს ვეძახი.

– ბედისწერა...

– მჯერა, რომ არსებობს. მთავარია, ადამიანი როგორ მიუდგება თავის ცხოვრებას, როგორ წაიყვანს. უფალმა მოგვცა თავისუფალი ნება და როგორც წარვმართავთ, ისეთი იქნება ჩვენი ბედიც.

– ცოდვა – ეს არის...

– ფარისევლობა. ფარისეველი ადამიანი ყველაზე საშიშია.

– სიყვარული...

– ადამიანი როცა გიყვარს, პოზიტიური, კეთილი და ლაღი ხარ. თუ შეყვარებული ხარ, ესე იგი, ხარ ბედნიერი, რადგან სიყვარულია თავად ბედნიერება. ოღონდ ეს ორმხრივი უნდა იყოს. როცა ხედავ, ადამიანი მოგწონს, რომელიც ზედაც არ გიყურებს, მაშინ მასთან უნდა გაწყვიტო კავშირი. მეც მქონია შემთხვევა და დავუწუნებივარ, მე კი არა და შეიძლება, ალენ დელონი არ მოსწონდა ვინმეს. უბრალოდ, არის ქალების კატეგორია, რომლებსაც სიმპათიური ბიჭები არ მოსწონს. ხანდახან ლამაზ გოგოს ისეთი „ვირთაგვა“ შეყვარებულები ჰყავს, მითქვამს: თვალები სად აქვს-მეთქი. თუმცა, მისთვის შეიძლება, ის ყველაზე ლამაზია, ამას ვერ ახსნი. გარეგნობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სულიერი მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ წყვილს შორის სულიერი კავშირი არ არსებობს, ასეთი ოჯახი ვერ შედგება. როცა ადამიანებს ერთმანეთში სალაპარაკო აღარ აქვთ, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი, ტყუილია მათი ყოფა. სიყვარული არის სულიერი მდგომარეობა და არა რაღაც მატერიალურზე ჩაციკვლა.

– როცა პირველად შემიყვარდა...

– რომ გითხრათ, მყვარებია-მეთქი, არა. მქონია ურთიერთობა, მაგრამ ის ერთადერთი არ შემხვედრია, ვისაც ველოდები. ალბათ, თავადაც მელოდება, უბრალოდ ვერ გადავეყარეთ ერთმანეთს (იცინის).

– იდეალური ქალი არის...

– პირველ რიგში, ჭკვიანი. ზოგს ჭკვიანი ქალი ჰგონია დემაგოგი, ბევრს ვინც ლაპარაკობს. ასე არაა. ჭკვიანმა ქალმა ხანდახან თავიც უნდა მოისულელოს, ხანდახან კონკრეტულიც უნდა იყოს. ჭკვიანი ქალი უფრო ლიდერია. ქალზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ჭკვიან ქალს კაცი არასოდეს გაექცევა.

– ქალს ალამაზებს...

– მოკრძალება, თავმდაბლობა და გარეგნული სილამაზე. სოციალურ ქსელში ბევრი გოგონა მიგზავნის მეგობრობას, ლამაზი გარეგნობის, მაგრამ ვულგარულად ჩაცმულები. ეს ასაკი გავიარე, ასეთი რაღაცები 20-21 წლის ასაკში მომწონდა. ახლა 30 წლის ვარ და სხვა შეხედულებები მაქვს.

– ის, რაც უპატიებელია...

– ღალატი. მომწონებია გოგო, მაგრამ ისეთი ტყუილი უთქვამს, ისე უთამაშია, რომ გამოუაშკარავებია თავი. ამ დროს იგნორი ყველაზე კარგი საშუალებაა. არ მიყვარს შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ შეურაცხყოფაზე უარესი იგნორია, რომ შეგხვდება გამარჯობაც არ უნდა უთხრა.

– მიღალატია...

– არავისთვის. ყოველთვის გარკვეული მაქვს ურთიერთობები. არავის დავპირებივარ, რომ ცოლად მოვიყვანდი. არის მომენტი, როცა გგონია, გიყვარს, მაგრამ რეალურად პირიქითაა, მთავარია, დროულად მიხვდე. ამ დროს მეორე მხარე შეიძლება, ნაწყენი დარჩეს, თუმცა არასოდეს არავინ გამომიყენებია. მეზიზღება ალფონსი ხალხი, როგორ შეიძლება, მამაკაცმა ქალის ხარჯზე იცხოვრო. ბევრი ვარიანტი მქონია ამის, მაგრამ არც კი დავფიქრებულვარ მსგავს შესაძლებლობებზე. მე ისიც კი არ მიყვარს, როცა ქალი მეპატიჟება რამეზე, ჩემში არ ზის ასეთი რამ. დღეს მოდაშია, რომ რესტორანში ქალმა თავისი უნდა გადაიხადოს, მამაკაცმა – თავისი, რასაც არ ვეთანხმები. მამაკაცმა ყოველთვის პატივი უნდა სცეს ქალს, თავად დაპატიჟოს თუნდაც არ უყვარდეს. ის მანდილოსანია და დაფასება სჭირდება.

– შემშურებია...

– არა, უბრალოდ, მითქვამს: მოდი, ამას გავეჯიბრები-მეთქი. მყავს ძმაკაცები ძალიან შეძლებულები და მინდა, რომ თითოეულ მათგანს მეტი მისცეს ღმერთმა. მერე, როცა დამჭირდება, მეც დამეხმარებიან. რატომ უნდა შემშურდეს მათი კეთილდღეობის, ვერ ვხვდები, თან მე არ ვარ მატერიალისტი ადამიანი. არ მიყვარს მატერიალისტები, ისევე როგორც კარიერისტები. არასოდეს მინატრია მილიონერი ვყოფილიყავი. ფულში არ არის ბედნიერება.

– სამაგიეროს გადახდა...

– მიცდია. მიფიქრია შურისძიებაზე, რადგან დაუმსახურებიათ, მაგრამ მომხდარა ისე, რომ განგებას დაუსწრია და ღმერთს გადაუხდია ძალიან მწარედ. ზოგმა სიცოცხლითაც კი აგო პასუხი, რაც ნამდვილად არ გამხარებია.

– ვნანობ...

– ღმერთმა დამიფაროს, რომ სინანულის გრძნობა არ მქონდეს, რადგან თუ არ მოინანიე ადამიანად ვერ შედგები. კონკრეტულად რას ვნანობ, მაგას მარტო მამაოს ვეუბნები (იცინის).

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ღმერთი ყოველთვის მწამდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ამ ნაბიჯმა მოახდინა ჩემი ცვლილება. ამ დროს ადამიანი უფრო უახლოვდები უფალს და გაცილებით კეთილი, მიმტევებელი ხდები.


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი