"დავინახე, რომ ადამიანებს მონატრებიათ თავის მოვლის ნატურალური პროდუქცია..." - ცირა გახარიას ისტორია

განსაკუთრებული მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს, ვისითაც მოხდა სიმხნევის და ოპტიმისტობის შენარჩუნება დაცემის მომენტებშიც კი... მადლობა ირგვლივ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ბრენდის „ცირასიას“ წინსვლაში. დიდი მადლობა ამ სამყაროს, რომ მე მისი ნაწილი გამხადა და მომცა საშუალება მეცხოვრა ამ დროში, მადლობა შემოქმედს ❤


ცირა გახარია ზუგდიდში, სოფელ ორულუში 1979 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. როგორც გვიყვება, მისმა მშობლებმა რევაზ გახარიამ და იზოლდა ჭითანავამ ყველაფერი იღონეს, რომ ცირას კარგი განათლება ჰქონოდა.


„სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. სამწუხაროდ, მალევე მივხვდი, რომ ექიმობა, სისხლი და ა.შ. არ იყო ჩემი მოწოდება, გული მიხდებოდა ცუდად და მეორე კურსიდან შევეშვი. ბაღში და სკოლაში მხოლოდ სიცელქით გამოვირჩეოდი, მეტი არ მახსენდება არაფერი“- გვიყვება ცირა.


ამბობს, რომ ბავშვობაში თეთრ ხალათში წარმოედგინა თავი, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. „თეთრი ხალათით და ხელთათმანებით მიწევს მუშაობა ჩემს სახელოსნოში.“- აღნიშნავს ის.


ცირა იხსენებს, რომ დედა ფარმაცევტი იყო და ძველებურ როდინში ხშირად ამზადებდა სამკურნალო მალამოებს.



„პროცესში ხშირად მიწევდა მონაწილეობის მიღება, მორევა. ვიჯექი და  ვურევდი მთელი არსებით რაღაც "მალამოს"... მომწონდა ეს პროცესი. სრულწლოვანების ასაკში, უკვე, დამოუკიდებლად ვამზადებდი მალამოებს, მქონდა  დედის წიგნი "კარაბადინი", საიდანაც ვკითხულობდი და ვსწავლობდი მცენარეებს, შემადგენლობებს, რეცეპტებს და შემდგომ მომყავდა იდეა რეალობაში.


მაცივარი  სავსე იყო ჩემი  დამზადებული ბალახებით, სახისა და თმის ნიღბებით,  შინაგანად მისაღები ნაყენებით, სავლებებით... და ა.შ. ბევრ რამეს მე ვიგონებდი, რაზეც მეგობრები სულ დამცინოდნენ, მე კი ბედნიერი სახით  ვაგრძელებდი „მალამომანიობას“.- იხსენებს ცირა გახარია.


იდეების რეალობად ქცევა ორი წლის წინ გადაწყვიტა.


„ერთ მშვენიერ საღამოს, როცა უკვე ჩემი სახის მოვლის პროცედურა დასრულებული ბედნიერად ვიჯექი სავარძელში და ვფიქრობდი, ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა სოციალურ ქსელში სამუშაო გვერდი გამეხსნა და დამედო ინფორმაცია იმაზე, თუ რას, როგორ, რისგან ვამზადებდი და გამეზიარებინა ბუნებრივი მოვლის საშუალებებით მიღებული ჩემი ოც წლიანი გამოცდილება ადამიანებისთვის.


ფიქრი უცებ მოვიყვანე სისრულეში, გავხსენი გვერდი და დავარქვი "სახის ნატურალური კრემები“.




მოულოდნელად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გვერდს. დავინახე, რომ ადამიანებს მონატრებიათ ბუნება, თავის მოვლის ნატურალური პროდუქცია...


მიღწევები უფლის წყალობით ადამიანებისგან დიდი სიყვარული და დაინტერესება ვიგრძენი. ვიცი, რომ ამაში მთავარი უფლის ხელი ურევია, მისით მოხდა ეს წარმატება, მადლობა უფალს და ყველა იმ კეთილ ადამიანებს,ვინც უფალმა მომივლინა ამ გზაზე დამხმარეებად,”- ამბობს ცირა. 


აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობის პროცესში, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სახელმწიფოს როლიც დადებითი იყო.


“მადლობა მინდა გადავუხადო „ფერმერთა ასოციაციას“ და ორგანიზაციას „ქალები მომავლისთვის“. ამ ორგანიზაციების მიერ გამართულ პროექტებში მივიღე მონაწილეობა. მომცეს გრანტი, მივიღე ბიზნესის მხრივ განათლება, გავიარე  მათი ხელშეწყობით ტრენინგები ფინანსთა აკადემიაში და საბოლოოდ, პროდუქციის გავაკეთე პროდუქციის ბრენდირებაც. მადლობა მინდა გადავუხადო მათ“,- ამბობს  ცირა გახარია.


ცირა გახარიას აზრით, პასუხისმგებლიანი ქალი მეწარმე პირველ რიგში არის ადამიანი, რომელმაც ირგვლივ სამყარო სხვა  საზომით უნდა შეაფასოს, რაღაც "ბიზნესზე“ და "ფინანსებზე" მაღლა დგომით. „მან უნდა იცოდეს, რომ ჯერ არის ადამიანი, მისდამი სიყვარული და მერე  საქმის ერთგულება... მთავარი ადამიანებისადმი და საქმისადმი ერთგულება და სიყვარულია...“-გვეუბნება ცირა.



საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ცირა გახარიას სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ,  ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მოტივაციის წყაროდ იქცევა.



წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები. ტრენინგები  ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო  საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი