თამარ ჩერგოლეიშვილი: დღემდე ამტკიცებს, რომ შვილი რომ ყოლოდა, მე ვიქნებოდი...

01 Apr 2018 14:18

თამარ ჩერგოლეიშვილი:


_აი ამ ფოტოზე (1998 წელია) ქერა ქალს რომ ხედავთ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია - ბარბარა სვანი.


1997 წლის ნოემბერში მივადექი შემთხვევით ამისი ოფისის კარს.


სადაც მაშინ ვმუშაობდი - UMCOR-ში, ახალი დირექტორი არ მომეწონა - მაწუხებდა. ამიტომ გაფრთხილება მივეცი, რომ ერთ თვეში სამსახურიდან წამოვიდოდი და საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობარი რომ გადავშალე სამსახურის მოსაძიებლად, პირველი ABA-ამერიკის იურისტთა ასოციაცია შემეფეთა.


დავრეკე, ვაკანსია ჰქონდათ. რატომღაც ფაქსით CV ვერ გავუშვი და ხელით მივუტანე.


კარი თვითონ გამიღო, ბარემ გაგესაუბრებიო. მელაპარაკა 15 წუთი და სამსახურში ამიყვანა.


როგორც მოგვიანებით გაირკვა ვაკანსიაზე არ ავუყვანივარ - თანაშემწე გაუშვა და თავის თანაშემწედ ამიყვანა. ჩემთვის მინდიხარო :)


იმ ვაკანსიაზე მერე ერთი კი არა, ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი აიყვანა.


ერთი მხიარული წელი ვიმუშავეთ ერთად - ოღონდ საუკუნე მგონია, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან ბევრი რამე მოხდა იმ ერთ წელიწადში.


პირველად მაშინ ვიგრძენი, რა მაგარია, როდესაც დიდი ცვლილებების ნაწილი ხარ.


მე დღემდე არ მინახავს ექსპატი, რომელიც ასე დაამახსოვრებდა თავს ადგილობრივ პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებას.


ხმაურიანი, ექსცენტრული, ნიუ იორკელი ლიბერალი, რომელიც ავარიის შიშით არასდროს ჯდებოდა თბილისურ ტაქსიში (არც ჩემს მანქანაში), დამარბენინებდა ფეხით წარმოუდგენელ დისტანციებზე, მამეცადინებდა როგორ მევლო სწრაფად ისე, რომ არავის დავჯახებოდი, მასწავლიდა მუშაობას, ჩემის გატანას, მარწმუნებდა, რომ გიჟობა ცუდი სულაც არაა და მე ძალიან კარგი ხასიათი მაქვს.


გამაცნო თვისუფლების ინსტიტუტი, როგორც ყველაზე ჭკვიანთა და მოტივირებულთა თავშესაფარი - those guys are geniuses, they will change this country - მიმტკიცებდა თავგამოდებით.


გამაცნო მიშა სააკაშვილი - რომელიც იმ მომენტისთვის ყველაზე ეგზოტიკურ პერსონაჟად მეჩვენებოდა დედამიწის ზურგზე და 1997 წელს გამომიცხადა, რომ ეს ადამიანი საქართველოს მომავალი პრეზიდენტია.


დამარბენინებდა მოლაპარაკებებზე იმ წინააღმდეგობების მოსაგვარებლად, რასაც დინოზავრები ჟვანია/სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდს უქმნიდნენ:


ასლან აბაშიძესთან აჭარაში, მინდია უგრეხელიძესთან უზენაეს სასამართლოში, ნუგზარ საჯაიასთან - უშიშროების საბჭოში (ეს უგვარებდა მინდიას).


მახსოვს საჯაიაზე მაფრთხილებდა. ამას სპეციფიკურად უნდა ელაპარაკო KGB სკოლაა და თან უფრო გონიერია, ვიდრე სხვებიო - ისე ქენი, რომ ინფორმაცია გამოძალო და შენ ისე მოაჩვენო თავი, ვითომ ყველაფერს უყვები, ძალიან გახსნილი ხარ და სინამდვილეში, არაფერს მოუყვეო.


დღემდე სიცილით ვკვდები ანზორ ბალუაშვილთან შეხვედრები რომ მახსენდება, ძირითადად ღამით გვინიშნავდა ხოლმე და ბოლო ხმაზე დაგვკიოდა, გაშლილი ტალავერით, რომ ეს საქართველოა და ამერიკელებს არ გვაბოგინებს - Anzor, why don't you calm down now .... სიცილს ძლივს ვიკავებდით.


You go girl! - მიყვიროდა, როცა რაღაც მნიშვნელოვანს ვეჭიდებოდით.


წასვლის წინ მითხრა, პირობა მომეცი, რომ ისეთად დარჩები, როგორიც ხარო - ვისაც ნერვებს გიშლით - ნაწილობრივ ამის დამსახურებაა. :)


დღემდე ამტკიცებს, რომ შვილი რომ ყოლოდა, მე ვიქნებოდი.


ხოდა ახლა, PROUD MAMA ნიუ იორკში იქნება, თავის მექაში და აუდიტორიიდან შემომხედავს - მაგარია, რომ ამდენი წლის შემდეგ, კიდევ მამეცადინებს - HOW TO KICK ASSES.“

კომენტარები:

ფართი შოპი