როზეტა გუჯეჯიანი: ევროპა აღარ აშენებს საკუთარ ქვეყნებში ჰიდროელეექტროსადგურებს, ჩვენ რატომ ვანადგურებთ ჩვენს ქვეყანას?

16 Mar 2018 14:34

როზეტა გუჯეჯიანი, პროფესორი:


_საზღვარგარეთ ყოფნისას ყურადღებით ვაკვირდები ქალაქებს, სოფლებს და ვხედავ, რომ ევროპა აღარ აშენებს საკუთარ ქვეყნებში ჰიდროელეექტროსადგურებს. ევროპასა და თურქეთში გამალებით შენდება ქარის გენერატორები, მზის პანელები... 


სპეციალურ ლიტერატურაში ვკითხულობ, რომ ჰესები, უკვე მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, რეგრესული და ჩამორჩენილი პროდუქტია კულტურული მსოფლიოს თვალში. ჩვენთან კი პირუკუ რატომ ხდება? ფაქტია, ყველგან, სადაც კი საკუთარი სამშობლო უყვართ და მოქალაქეობრივი/ეროვნული ღირსება აქვთ, ქვეყნის ყოველ გოჯს უფრთხილდებიან, ქმნიან დაცულ ტერიტორიებს და ეკოკუნძულებს, ავითარებენ ეთნოტურიზმს. 


ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან სწრაფი ტემპით იცლება სოფლები, დედაქალაქმა დაკარგა ქალაქის სახე და იქცა თავკომბალად, დაგვრჩა დაუხნავ-დაუთესავი სავარგულები, მოიშალა სოფლის მეურნეობა და სადაც კი ეს მოხერხდა, ყველგან ჰიდროელსადგურების მშენებლობები მიმდინარეობს. რატომ ვანადგურებთ ჩვენს ქვეყანას? რატომ ვკლავთ ქართული კულტურის შემოქმედ ეთნოსს - ჩვენივე ხელით?! რატომ ვცლით მოსახლეობისაგან შობადობით შედარებით გამორჩეულ აჭარასა და სვანეთს?! რატომ ვტბორავთ საზღვრისპირა მხარეებს?! ნუთუ, გვავიწყდება, რომ ჩვენი მიწის ერთი მესამედი ისედაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰოდა, რაში გვაწყობს, სვანეთის დაცლა? რატომ ვაშიშვლებთ ჩვენ ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს - რატომ ვსპობთ იქაურ სოფლებს, რატომ ვუბიძგებთ სვანებს/გმირ ქართველებს თავიანთი მხარის დაცლისაკენ, რატომ გვავიწყდება, რომ სვანეთის ლამის ყოველ ოჯახში თითო წევრი მაინცაა დაღუპული საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის?! მესმის, რომ ინვესტორი გვიყურებს მოგების თვალით, მას არ ანაღვლებს ჩვენი ბედი. მესმის, რომ სულგაყიდული ქართველიც ბევრი გვყავს და ის აძლევს ინვესტორს ყველა საბუთს ქვეყნის დაქცევისათვის... მაგრამ დნაარჩენები რას ვაკეთებთ? რით ვუწევთ წინააღმდეგობას ამ უზნეო ჯგუფებს? ვფიქრობ, სერიოზული პორბლემის წინაშე ვდგავართ და ეს გადამწყვეტი პერიოდია: წუწუნით არაფერი გვეშველება. არც არავინ დაგვეხმარება, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია: გაერთიანდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანას მიიჩნევს თავის სახელმწიფოდ, ვისაც აქ სურს სიცოცხლე და სიკვდილი, ვისაც ეზრდება შვილები, ვისაც სურს, რომ უაღრესად ჰუმანური ქართული კულტურა ცოცხლობდეს - არ დავქცევინოთ სამშობლო – არ მივცეთ ჰესების შენების უფლება საზღვრისპირა მხარეებში. 


დავიცვათ ჩვენი მთიანეთი, რომლის თითქმის ყველა სოფელში თითო მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის ხელნაწერი სახარება გვეგულება, ულამაზესი კულტურული მემკვიდრობის ძეგლები გვაქვს, რომელი მხარის მომლოცველობითი ტურიზმიც კი, განვითარების შემთხვევაში, სამყოფი იქნება ნორმალური ცხოვრებისათვის. ნუთუ, ამ ყველაფერზე უფრო მეტად ფასობს დამაქცევარი ჰესების მიერ შემოტანილი ფული? დათვალა ვინმემ? და ვისთვის გინდათ ეს ფული, თუკი საქართველო არ იარსებებს? დავიცვათ ჩვენი სამშობლო. უარი – ჰესებს სვანეთში, აჭარაში, მაჭახელში, რაჭაში, ლეჩხუმში, ხევში. საქართველო ჩვენია, ის არ არის ინევსტორისა, ან ვინმე პოლიტიკოსისა. დავირაზმოთ და ვიშრომოთ ჩვენი აწმყოსა და მომავლისათვის!

კომენტარები: