პარლამენტი ხვალიდან ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, კერძო სკოლებს მოსწავლისათვის ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ

განათლება 28 Feb 2021 12:39

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, კერძო სკოლებს მოსწავლისათვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ.


“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 1-ელი მარტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.


მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოსწავლის სტატუსის შეწყვეტას ფინანსური დავალიანების გამო, რაც როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პრობლემას უქმნის როგორც კერძო სკოლას, ასევე მოსწავლეს. გარდა ამისა, კანონით რეგულირებული არ არის მობილობის სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლის ვალდებულება დროულად გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი დოკუმენტაცია.


პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს, მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეუწყვიტოს. 

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.


კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.


აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.


სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.


“ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილებები დეპუტატებმა შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ამილახვარმა მოამზადეს.





კომენტარები:

ფართი შოპი